ტელე-რადიო წამყვანი თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში რთული პერიოდები ერთმანეთს მიჰყვა. ჯერ დედა გარდაეცვალა, მერე გაიგო, რომ აყვანილი შვილია და ამან სულიერი სიმშვიდე დაურღვია. თამუნა დღემდე ეძებს ბიოლოგიურ დედას. ამის შესახებ ის “სარკესთან” საუბრობს.
– ლამის მთელი საქართველო ჩაება თქვენი ბიოლოგიური დედის ძებნაში. ამ მხრივ არის სიახლეები, მიაგენით კვალს?
– გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც 1984 წელს ბავშვები ჰყავთ გაშვილებული. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომელთა მეგობრებსაც ჰყავთ გაშვილებული ან ასეთი ინფორმაციისთვის მოუკრავთ ყური, თუმცა არც ერთი აღმოჩნდა დედაჩემი.
ნათესავმა მითხრა, არის ასეთი ეჭვი, რომ იმ ქალს უთხრეს, ბავშვი მოკვდაო. შეიძლება ამ ვიდეოებს უყურებს კიდეც, მაგრამ ვერც ხვდება, რომ მისი შვილი ვარ. ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, რომ გამოვედი და მოვყევი, გამაშვილა-მეთქი. მე რა ინფორმაციაც მქონდა, ის გავაჟღერე, მაგრამ რეალურად შეიძლება ასე არც იყოს. შეიძლება თავისი ნებით არც გავუშვილებივარ და საერთოდაც ჰგონია, რომ მისი შვილი მკვდარია.
თბილისის მეორე სამშობიაროში იმ დროს, სექტემბერ-ოქტომბერში, ათობით ბავშვია გარდაცვლილი.
– ბიოლოგიური მამა არ გამოჩენილა?
– კი, მამებიც ჩანან. ერთი-ორი თვის წინ კაცი დამიკავშირდა. ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა და ერთი ქალის შესახებ მიყვებოდა, რომელსაც ბავშვი ჰყავს გაშვილებული. ეს ქალი ვნახე, მაგრამ შორიდან და მინდა, რომ მოვინახულო. ზუსტად ვიცი, ბავშვი გაშვილებული ჰყავს, მაგრამ არ ვიცი თვე და არც ის ვიცი, მე ვარ თუ არა.
გარეგნულად ვერც იმ კაცს ვამსგავსებ ჩემს თავს და ვერც იმ ქალს, მაგრამ მაინც მომიწევს ნახვა. 80 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალი დედაჩემი არ არის.
მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი “სარკე”

