ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს – ”ეს გადაწყვეტილება არაჯანსაღი აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე მივიღე”

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს - ”ეს გადაწყვეტილება არაჯანსაღი აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე მივიღე”ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, კულტურის სამინისტროში მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრაზე თავად მიხეილ გიორგაძემ გაახმოვანა.
როგორც მწერალმა ლაშა ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
– თვითონ მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას და თავად გაუძღვება ამ საქმეს. ეს არის სწორი გადაწყვეტილება და შექმნილ სიტუაციაში გამოსავალი, – განაცხადა მწერალმა ლაშა ბაქრაძემ.

თავად მიხეილ გიორგაძემ ასეთი განმარტება გააკეთა:
– ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გადაუჭარბებლად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ არაჯანსაღი აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე, რაც ბოლო დროს გავრცელდა, როგორც მედიაში ასევე სოციალურ ქსელებში, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად ვუხელმძღვანელო ამ პროექტს და არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და ხელმძღვანელობას ვგულისხმობ, არამედ თითოეული მიმართულების ოპერაციულ ხელმძღვანელობას. მე პირადად ვუხელმძღვანელებ თითოეულ მიმართულებას, ოპერაციული და ტექნიკური საკითხების ჩათვლით, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან პროექტი დატოვა.