ნინი ხვედელიანი: “ენა არასდროს მოუჩლექია და არასწორი საქციელი შვილიშვილობით არასდროს გაუმართლებია” – ჯემალ ბაღაშვილის შვილიშვილის გულახდილი საუბარი ამერიკიდან

ნინი ხვედელიანი: "ენა არასდროს მოუჩლექია და არასწორი საქციელი შვილიშვილობით არასდროს გაუმართლებია" - ჯემალ ბაღაშვილის შვილიშვილის გულახდილი საუბარი ამერიკიდანბაღაშვილების საიუბილეო საღამოზე ყველას განსაკუთრებულად დაამახსოვრდა ნინი ხვედელიანის ემოციურად ნამღერი – “საქართველოო ლამაზო”, რომელსაც დარბაზიც აჰყვა და ბევრსაც ცრემლები მოჰგვარა… ნინი ხვედელიანი ამერიკიდან გვესაუბრა თუ როგორია მისი და ცნობილი ბაბუის – ჯემალ ბაღაშვილის და არანაკლებად ცნობილი ბიძის – გია ბაღაშვილის ხელში გავლილი ბავშვობა…
– ნინი, თქვენ მიერ შესრულებულმა სიმღერამ დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა და ბევრი  ააცრემლა. ემოციური შესრულება მოწმობს, რომ საქართველო ძალიან გენატრებათ… რამდენი წელია ამერიკაში იმყოფებით?
– დიდი მადლობა…… უკვე მეოთხე წელია ამერიკაში ვსწავლობ, ანუ წელიწადის 8-9 თვეს აქ ვატარებ. აქ როცა ვარ საქართველო, ჩემი ოჯახი და მეგობრები, რა თქმა უნდა, უზომოდ მენატრება, თუმცა კარგი ისაა, რომ იმდენად ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, ყურადღების გადასატანი არ ილევა. არდადეგებზეც ჩამოვდივარ ხოლმე, ასე რომ, არ არის გაუსაძლისი. პირიქით, თითქოს ორი სახლი და ცხოვრება მაქვს და ორივე ძალიან სასიამოვნოა.

–  რას გრძნობდით, როცა სიმღერას ასრულებდით? მაყურებლის გულთბილმა შეხვედრამ თქვენზე როგორ იმოქმედა? 
–  ეს სიმღერა – “საქართველოო ლამაზო”, ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა. ლექსი და მუსიკა იდეალურადაა შეხამებული და თან ორივე საოცრად ფაქიზია, თითქოს მყიფეა და ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა მოეპყრო. ნოტებზე, თითქოს, რბილად, ფეხის წვერებზე უნდა გადაიარო. სიმღერის დროს კი რაღაც პარადოქსული შეგრძნება მქონდა – ერთდროულად, მელოდიური სიმსუბუქის და ემოციური სიმძიმის. ხალხის რეაქციამ, პირდაპირ გეტყვით, გამაოგნა. სულ შემთხვევით ვნახე, ერთ-ერთმა ჩემმა ფეისბუქის მეგობარმა მომნიშნა მისი მეგობრის გაზიარებულ პოსტზე და იქ ვნახე თვითონ გვერდის მიერ დადებული ვიდეო. გეგონება, რაღაც ემოცია აფეთქდა ჩემში. მსგავსი არასდროს არაფერი მიგრძვნია. ის კვირა სულ ასეთ ჟრუანტელში გავატარე, ხალხი მამატებდა და მწერდა უთბილეს მესიჯებს. საოცარი შეგრძნება იყო. კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა მათ.

–  მუსიკალური განათლება გაქვთ მიღებული? ასეთი საოცარი მომღერალი რატომ არ ჩანდით სცენაზე ადრეც?
–  სახლში ყოველთვის ვმღეროდი ჯემალისთან და გიასთან ერთად. ქართული სიმღერის სიყვარულიც, პირველ რიგში, ჩემი ოჯახიდან მომყვება. მაგრამ განსაკუთრებით ვემადლიერები ჩემს მასწავლებლებს, თინიკო და თამრიკო ჭოხონელიძეებს, ჭოხონელიძეების მთელ სტუდიას, სადაც ბიძაჩემმა, გიამ პატარობიდან შემიყვანა და 14 წლამდე ამ არაჩვეულებრივი სტუდიის აღსაზრდელი ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ხალხის წინაშე სიმღერა ყოველთვის მძაბავს, ვინაიდან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. საერთოდ, ვთვლი, რომ სიმღერა ერთ-ერთ ურთულესი რამაა, ამიტომ, ვცდილობ ხოლმე ჩემი სცენა ჩემი ოთახით შემოვფარგლო.

–  ბოლოს ჯემალ ბაღაშვილმაც ვერ შეიკავა ცრემლები… გვიამბეთ თქვენზე, ბაბუა-შვილიშვილის ურთიერთობაზე…
–  ბავშვობიდან ჯემალის “გამხარებლად” ვმუშაობ. პატარაობაში სულ დავდიოდი მასთან ოფისში რეპეტიციებზე, ჰოდა ერთხელაც ოფიციალურად გამომიყო თანამდებობა და “გამხარებლად” დამნიშნა. ჯამაგირსაც მაძლევდა წასვლის წინ. დამირეკავდა ხოლმე და მეტყოდა, გამოგივლი ახლა, შენს მეგობრებსაც გავუაროთ და წაგიყვანთ სადაც გინდაო. ამავდროულად, მკაცრიც იყო საჭირო დოზით. ენა არასდროს მოუჩლექია და ჩემი არასწორი საქციელი შვილიშვილობით არასდროს გაუმართლებია. 7 წლის რომ ვიყავი, მის მიერ დადგმულ, ანსამბლ “ივერიის” ცნობილ მიუზიკლ “თოვლის ბებოს ზღაპარში” ვმოვნაწილეობდი. პირველი სპექტაკლის მერე მეც, სხვა მონაწილეების მსგავსად, მივედი და ვკითხე, ჯემალი ბაბუ ჩემთან გააქვს რამე შენიშნვნა მეთქი? იმის ილუზია არასდროს შეუქმნია, რომ 7 წლის ასაკშიც კი რამე გასაუმჯობესებელზე არ მიმითითებდა, რაც ჩემი აზრით ძალიან სწორია. დღემდე ასეა, თუ კი რამეს ვწერ, ან ვაკეთებ ყოველთვის მეუბნება თავის აზრს, ოღონდ ისე არა რომ თავზე მომახვიოს, კარგად ასაბუთებს და ჩემგანაც იგივეს ითხოვს.
–  როგორია თქვენი ამერიკული ცხოვრება, ყოველდღიურობა?
–  აქაური ცხოვრება თითქმის მთლიანად უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული. 10-ის ნახევარზე მაქვს დილას პირველი ლექცია, მოვდივარ კამპუსზე და სახლში ღამის პირველი საათისთვის ვბრუნდები. მე და ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრები ერთმანეთს რომ ვეკითხებით სად ვართ, თუ სახლს ვპასუხობთ, ესე იგი ბიბლიოთეკაში ვართ, თუ ბინას, ესე იგი – რეალურ სახლში. მე და შემოფრენილი ბუზი, ალბათ, ერთი და იგივე დროს ვატარებთ იმ სახლში…
უნივერსიტეტში პოლონური კლუბი გვაქვს, რომლის მდივანიც ვარ, ამიტომ კლუბის საქმეებიც მოსაგვარებელი მაქვს. კიდევ ერთ მოხალისეთა ორგანიზაციაში ვარ გაწევრებული და იმასაც თავისი დრო მიაქვს. დარჩენილ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ, რომლებსაც პირველი კურსიდანვე ძალიან დავუახლოვდი.
–  როდის დაბრუნდებით საქართველოში? 
–  სავარაუდოდ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩამოვალ…
მანანა გაბრიჭიძე, მშობლები.გე