მაკა ჩიჩუა: “ორსულობა მესამე თვეში გავიგე”

მაკა ჩიჩუა: "ორსულობა მესამე თვეში გავიგე"პირველი ლედი მაკა ჩიჩუა “სარკის” მკითხველს გულწრფელად მოუყვა თავისი ცხოვრების იმ ეტაპზე, რომელიც ქალისთვის ძალზე ძვირფასია. ის მეორე შვილს, ვაჟს ელოდება. თემოს ძმა თებერვალში დაიბადება. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სახელი უკვე შეარჩიეს, თუმცა სიურპრიზად ტოვებენ.

ქალბატონ მაკას ფილარმონიის კულისებში პროექტ “ნიჭიერის” დაწყებამდე შევხვდით და ვესაუბრეთ. ის ამ შოუში ჟიურის წევრია, უკვე მეორედ და, როგორც გვითხრა, წინა სეზონთან შედარებით ამ ამპლუაში უფრო დაიხვეწა.

– ქალბატონო მაკა, როგორ აფასებთ წლევანდელ “ნიჭიერს” და საკუთარ თავს ჟიურიში?

– მინდა გითხრათ, რომ საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვარ. “ნიჭიერს” რაც შეეხება, მართლა შთამბეჭდავი სეზონი გამოვიდა.

ჩემი შეფასებები ყოველთვის გულახდილია. წელს, მგონია, რომ ცოტათი დავიხვეწე. მაქვს როლი, რომელიც საკმაოდ საპასუხისმგებლოა.

– და პლუს თქვენი სტატუსი, რომელსაც საზოგადოება გამადიდებელი შუშით გაკვირდებათ.

– აი, ზუსტად! თუმცა მე მაინც თავისუფალი ვარ. საერთოდ არ ვარ შეზღუდული, რასაც ვგრძნობ და განვიცდი, არ ვმალავ.

– რას ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი? გიყურებთ? თქვენსავით კრიტიკულია შეფასების დროს?

– კარგია, რომ ბევრი კითხვა ერთად დასვით იმიტომ, რომ ყველას შეფასება საინტერესოა, მით უფრო, გიორგი ჩემი მეუღლეა და ყველაზე მეტად მისი აზრი მაინტერესებს. შეიძლება საზოგადოებას, როგორც პრეზიდენტის აზრი, ისე აინტერესებს, მაგრამ მე მისი, როგორც ჩემი მეუღლის, აზრი მაინტერესებს.

გიორგი, რომ გითხრათ, თავიდან ბოლომდე უყურებს-მეთქი, ასე არაა, რადგან იღლება, არ აქვს ამის დრო. ინფორმაციასაც იღებს ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ მე რასაც ვეუბნები, ნახე, რა საინტერესო ნომერიაა-მეთქი, ფრაგმენტულად უყურებს, აფასებს და ამბობს, რომ ეს სეზონი გამორჩეულია.

– თქვენზე რას ამბობს?

– მე მოვწონვარ. არ არის ისეთი ტიპი, რომ მაინცდამაინც კომპლიმენტად მითხრას. გიორგის თავისებური სტილი აქვს ურთიერთობის, გულწრფელია, მაგრამ დისტანცია აქვს ყოველთვის ყველასთან. ამიტომ მჯერა, რასაც მეუბნება და ვითვალისწინებ.

– რამდენ წელს ითვლის თქვენი ქორწინება?

– ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ, ოფიციალურად 3 წელზე მეტია, მაგრამ 10 წელია ერთად ვცხოვრობთ.

– მეორე შვილისთვის სახელი შერჩეული გაქვთ?

– კი, შევჩერდით ერთ სახელზე, მაგრამ არ გეტყვით, იყოს სურპრიზი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი სახელია, რომ თემოს უხდება. ახლა იფიქრეთ, რა სახელი შევურჩიეთ.

– როგორ ელოდება თემო ძმის დაბადებას, ბატონი გიორგი – მესამე შვილს?

– ყველა ძალიან მოუთმენლად ველოდებით. მაინტერესებს თემოს ემოცია, თემოსთვის ხომ სიახლეა, მის გარშემო ტრიალებს ყურადღება, ცოტა ხანში ამ ყურადღებას გავუნაწილებთ მის ძმასაც.

– ხომ არ ეჭვიანობს უკვე?

– ჯერ – არა, ვერ აცნობიერებს, მაგრამ მეფერება მუცელზე. ვეუბნები, დედა, ფრთხილად, ასე უხერხული მოძრაობით ნუ შემომეგებები-მეთქი, ვუხსნი, აქ შენი ძმა ზის, პატარაა, მოდი, მოეფერე-მეთქი. მოდის და ეფერება.

თემოს დაბადების პერიოდს დაემთხვევა ამ ბავშვის დაბადება. გავიზარდეთ, დრო სწრაფად გარბის.

– თქვენი ემოცია როგორია?

– თემო ძალიან დაგეგმილი ბავშვი იყო, ველოდებოდით, 2 თვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ეს სრულიად მოულოდნელად გამოგვეცხადა. 3 თვის ვიყავი, როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი.

– რა რეაქცია ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს?

– ძალიან გაუხარდა.

– სქესი როცა გაიგეთ?

– იცით, რა, ჩვენთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს.

– პროექტში ბევრი ექსტრემალური, სახიფათო ნომერი იყო. თქვენს მდგომარეობაში არ იყო ალბათ ადვილი მათი ყურება, ემოციების მოთოკვა.

– იცით, რა, ისეთივე ბუნებრივი ვარ, როგორც სხვა ნომრების შეფასებისას. თუ ვთვლი, რომ ჩემთვის მიუღებელია ეს ექსტრიმი, რომელიც შოუშია, თავიდან ვიცილებ. უარყოფითი ემოცია არანაირად მჭირდება არც ფილმის ყურებისას, არც ადამიანებთან ურთიერთობებში. თუ ვგრძნობ, რომ ეს ჩემთვის მიუღებელია, ვბლოკავ, ახლა განსაკუთრებით, ვუფრთხილდები ჩემს შვილს.

– საინტერესოა, როგორ ემზადება ხოლმე პრეზიდენტის ოჯახი ახალი წლისთვის.

– დიდად დღესასწაულების მოყვარული არ ვარ, მგონია, რომ ყველა დღე, როცა კარგად ხარ, დღესასწაულად უნდა აქციო.

საქართველოს მოსახლეობას ვეტყოდი, გახდეს უფრო მეტად ლმობიერი, უფრო მეტად უყვარდეს და გამოხატოს, მგონია, რომ ეს სიყვარული არის ჩვენში, მაგრამ ტრანსფორმირდა, ცუდი გამოვლინება მოხდა. ამიტომ მინდა, რომ შემდეგ წელი მაინც ყოველგვარი ზიზღის, სიძულვილის გარეშე გავატაროთ და ნახეთ, რა კარგი გახდება ცხოვრება, რამდენად ბედნიერი იქნება ყველა.

– იყო პირველი ლედი – რამდენად რთულია? რას ნიშნავს ეს სტატუსი თქვენთვის?

– ეს არ იყო ჩემი არჩევანი, ეს სტატუსი მოჰყვა გიორგის. მე გავინაწილე, როგორც მისმა მეუღლემ. ჩემი სტატუსი მახარებს იმ მხრივ, რომ შემიძლია საჯაროდ გამოვიტანო ის თემები, რომლებიც პრობლემურია.

– მაგალითად?

– შეზღუდული შესაძლებლობები, ეკოლოგია, ცხოველთა დაცვა. უმნიშვნელოვანესია ერთმანეთის მიმართ ვიყოთ კეთილგანწყობილი, მოვუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ფლორა და ფაუნა. თბილისს ეძახდნენ მწვანე ქალაქს, მაგრამ ახლა ნაცრისფერი გახდა გამონაბოლქვის გამო.

– ამ სტატუსმა რა შეზღუდვები დაგიწესათ?

– მაინცდამაინც არაფერი. არის რაღაც ეტიკეტი, როცა ჩამოდის უცხოეთიდან უმაღლესი პირი, შეხვედრაზე უნდა მეცვას სათანადოდ, ანუ ისე, როგორც დიდად არ მიყვარს. ჩაცმა ჩემთვის შემოქმედებითი ნაწილია, მე მიყვარს თავისუფალი, სპორტული სტილი, არ მიყვარს მაკიაჟი, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ თვითონ ვიზაჟს ვაკეთებდი.

ყველა ადამიანს ვუსურვებდი, სტატუსების და რეგალიების მიუხედავად, იყვნენ კეთილები, გულწრფელები და ასეთი დამოკიდებულებით ბევრს რამეს შევძლებთ.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”