ლაშა დვალიშვილმა სამსახური, ბინა და მეგობრები ერთდროულად დაკარგა – “გარკვეული ადამიანებისთვის კეთროვნად ვიქეცი”

ლაშა დვალიშვილმა სამსახური, ბინა და მეგობრები ერთდროულად დაკარგა - "გარკვეული ადამიანებისთვის კეთროვნად ვიქეცი"სპორტული ჟურნალისტი, ლაშა დვალიშვილი, ბოლო დროს ურთულესი პრობლემების წინაშე დადგა. წლების განმავლობაში აქტიურ ჟურნალისტიკაში იყო, საზოგადოებრივ არხზე მუშაობდა, უცებ კი ეკრანს ჩამოშორდა. ფეხბურთის ფედერაციიდანაც გაუშვეს, ამას დაერთო პრობლემები ბანკთან, ბინის დაკარგვა. ოჯახური ცხოვრება აირია, ბევრმა ახლობელმაც ზურგი აქცია…

ახლა, როცა ეკრანს და საყვარელ საქმიანობას “რუსთავი 2”-ზე დაუბრუნდა, “სარკესთან” დაუფარავად საუბრობს თავისი ცხოვრების მძიმე ეტაპზე.

– ლაშა, “რუსთავი 2”-ის სახე გახდით, სპორტულ გადაცემას უძღვებით. როგორ აღმოჩნდით ამ არხზე?

– საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად სამსახურის გარეშე ვიყავი. ასე რატომ მოხდა, არ ვიცი, მაგრამ გარკვეული ადამიანებისთვის კეთროვნად ვიქეცი. ყველასთან გადასარევი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ, როცა ჩემს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოხდა, ზოგიერთებს მოკლე მეხსიერება აღმოაჩნდათ.

– ვის გულისხმობთ?

– ბევრს და თვითონ მიხვდებიან, ამას რომ წაიკითხავენ. “რუსთავი 2”-ში მომხდარი საკადრო ცვლილების შემდეგ სპორტის პროდიუსერობა შემომთავაზეს, ისე დავთანხმდი, არც მიფიქრია. ჩემთვის ეს არხი მაინც ნომერი პირველია.

– საკადრო ცვლილებებში არხიდან დიმა ობოლაძის წასვლა იგულისხმეთ? ის ჩაანაცვლეთ?

– დიახ, ცვლილებებში ეს ვიგულისხმე. თავიდან საუბარი იყო “კურიერში” სპორტული ბლოკის წაყვანაზეც, მაგრამ ჯერჯერობით ეს თემა შეჩერებულია.

ამას გარდა, არხზე სპორტული გადაცემა არ იყო, ამიტომ იდეა გაჩნდა, რომ გაგვეკეთებინა გადაცემა “სპორტის საათი”.

ჟურნალისტის ცხოვრებაში პაუზა ძალიან მძიმე გადასატანია. ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობის დროსაც არ შემიწყვეტია ჟურნალისტური საქმიანობა. ძალიან აქტიური იყო ჩემი ცხოვრების ის მონაკვეთი, როცა ზვიად სიჭინავა იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მერე ფედერაციაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ჩემთან თანამშრომლობა არ ისურვეს.

– რატომ?

– მიზეზი ვერ დამისახელეს. წელიწადი და 2 თვე პაუზა მქონდა, რთული პერიოდი გავიარე.

– ფინანსური თვალსაზრისით იყო მძიმე თუ ფსიქოლოგიურად?

– ალბათ თითზე ჩამოსათვლელები არიან ის ადამიანები, ვისაც ფინანსური პრობლემები არ აქვთ. მე იმ ადამიანებს მივეკუთვნები, რომელთაც ეს პრობლემები აქვთ. როცა მუშაობ, მაშინ რა ცხოვრებაა და, მით უმტეს, როცა უმუშევარი ხარ. ფინანსური პრობლემის გარდა, ფსიქოლოგიური მომენტია ურთულესი.

მძიმეა, როცა დილით იღვიძებ და არ იცი, სად წახვიდე, სამსახური არ გაქვს. ყველაზე რთული გადასატანია, რომ ერთ დღეში აღარავისთვის ხარ საჭირო. ფინანსური და ფსიქოლოგიური პრობლემები კისერზე ერთად რომ გაწვება, კატასტროფაა.

– საზოგადოებრივ მაუწყებელში წლების განმავლობაში მუშაობდით. როცა ამ არხის რეორგანიზაცია მოხდა, არც იქიდან გქონიათ შემოთავაზება?

– არა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ერთიანად დაიბლოკა.

– ამ ყველაფერს თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს ხომ არ უკავშირებთ?

– არასდროს ვყოფილვარ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში, ამ თვალსაზრისით აქტიურობით არ გამოვირჩეოდი. თავისთავად კრიტიკა არავის მოსწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ყველაფრიდან უნდა მოკვეთო, ყველა გზა დაუხურო. ეს ცოტა გულდასაწყვეტია. მით უმეტეს, როცა ეს იმ ადამიანებისგან ხდება, რომლებიც მომმართავდნენ ხოლმე, რომ მათთვის რამე გამეკეთებინა.

ერთი რამ ვიცი, ამ ქვეყანაში ყველაფერი დროებითია, პრეზიდენტობაც და უმუშევრობაც. სავარძლიდან გადაწყვეტილებების მიღების უნარი მუდმივი არ არის. ადამიანს მოკლე მეხსიერება არ უნდა ჰქონდეს, უნდა ახსოვდეს, რამდენიმე წლის წინ რა იყო და დღეს თუ რაღაცას წარმოადგენს, ყველაფერი მისი და მუდმივი არ არის.

– ოჯახური ცხოვრება როგორ მიედინება? თქვენს ვაჟებზე გვიამბეთ.

– მყავს ორი შვილი, 20 წლის და 13 წლის – ზუკა და გიორგი. კარგი ბიჭები მყავს, ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ არც ზრდილობა ეშლებათ და არც სხვა რამ.

– შვილები თქვენთან ცხოვრობენ თუ დედასთან?

– ხან ჩემთან, ხან დედასთან, ხან ერთ ბებიასთან, ხან მეორესთან. ამ მხრივ ცოტა არეულდარეულები ვართ. გარკვეული პრობლემები იყო ბანკთან დაკავშირებით, რის გამოც ბინა დავკარგეთ. ჯერჯერობით ცოტა რთული მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ძალიან მალე დავალაგებ. მინდა, ყველაფერი იმ რელსებზე დაბრუნდეს, რომელზეც ადამიანმა ნორმალურად უნდა იაროს და იცხოვროს.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”