მსახიობი ია სუხიტაშვილი 26 ოქტომბერს მეორე შვილის, ირაკლის დედა გახდა. მას პირველი ქორწინებიდან 9 წლის ლუკა ჰყავს. იკას მამა პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ალექსანდრე შარაშიძეა. წყვილი თებერვლიდან ერთად ცხოვრობს. თავისი სიყვარულის ამბავზე ია ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს.
– საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის თქვენი მეორე ნახევრის შესახებ. მოგვიყევით იკას მამაზე.
– მე და ალექსანდრე თებერვლიდან ერთად ვართ, ოფიციალურ ქორწინებაში – აგვისტოდან. ხელი მოვაწერეთ, ჯვრისწერას ბავშვის ნათლობის პარალელურად ვაპირებთ იმიტომ, რომ მეც მინდა გართობა და ცეკვა-თამაში. ალექსანდრე პროფესიით ინჟინერ-მშენებელია.
– ერთმანეთი საერთო მეგობრების საშუალებით გაიცანით?
– რა თქმა უნდა, ხომ იცით, როგორც ხდება საქართველოში. ჩვენი ქვეყანა პატარაა, განსაკუთრებით თბილისი. თავისი მეორე ნახევარი ყველას ასე ჰყავს გაცნობილი.
– ქორწილს გეგმავთ?
– 700 კაციანი ქორწილის გადახდას არ ვგეგმავთ და არც არასდროს მომწონდა ასეთი დიდი ქორწილები, ჯვრისწერას ალბათ ვიწრო სამეგობროში აღვნიშნავთ.
– თეთრ კაბას ჩაიცვამთ?
– არა, მაგრამ ალბათ თეთრი დომინირებული ფერი იქნება.
– თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობაში იკას დაბადებამ გარდატეხა მოახდინა?
– ვთვლი, რომ ის ოჯახი არ არის ოჯახი, სადაც არ არის ის ბედნიერება, რასაც შვილი ჰქვია. არ მინდა, იმ წყვილებს გული ვატკინო, ვისაც არ გამოუცდია ეს, მაგრამ ოჯახი სრულყოფილი მაშინ ხდება, როცა ახალი სიცოცხლე იბადება. რა ვქნა, ეს ასეა, დაუწერელი კანონია.
იკამ უფრო დაგვაახლოვა, მასზე ზრუნვა ორივემ ერთად ავიღეთ საკუთარ თავზე და ორივე ერთად ვადგავართ პატარას თავზე. ეს ყველაფერი კიდევ უფრო აახლოებს ორ ადამიანს და კიდევ უფრო სხვანაირი ხდება ცოლქმრობა.
– როგორი მამაა ალექსანდრე? ხომ არ ეშინია ჩვილის ხელში აყვანის?
– ძალიან თბილი და ყურადღებიანია. შეძლებისდაგვარად მეხმარება, განსაკუთრებით – ბავშვის დაძინებაში. არ შემიმჩნევია, რომ რამის ეშინოდეს. ყველანაირად გვერდში მიდგას. მას ძალიან უნდოდა შვილი, განსაკუთრებით – ვაჟი. ხომ იცით, ეს კაცების სუსტი წერტილია, უნდათ გვარის გამგრძელებელი.
– როგორი შეგრძნებაა ორი ბიჭის დედობა?
– ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ არა მგონია, გოგო რომ მყოლოდა, ნაკლები ყოფილიყო.
– გინდოდათ გოგო?
– რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა და გავაჩენ. მინდა გვერდით ქალიშვილი მყავდეს. ხომ იცით, ქალები ერთმანეთის გამტანები არიან.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”

