მომღერალმა დათუნა მგელაძემ პრაღაში კლიპი გადაიღო. ინტრიგა ის არის, რომ კლიპში ჩეხი მსახიობი ვერონიკა სტარა მონაწილეობს, რომელსაც ჟურნალ “ფლეიბოის” გარეკანზე ხშირად ბეჭდავენ. დათუნა მგელაძე “სარკესთან” თავის მუსიკალურ საქმიანობასა და იმ ჭორ-მართალზე საუბრობს, რაც მისი პირადი ცხოვრების შესახებ ტრიალებს.
– დათუნა, კლიპი გადაგიღიათ. მოგვიყევით ამ ნამუშევრის ისტორია.
– საავტორო სიმღერაა. ტექსტის ავტორები მიშა ცინცაძე და მანჩო გურგენიძე არიან. ვიდეორგოლი იტალიელმა რეჟისორმა, ემანუელ დელაპიამ, პრაღაში გადაიღო. კლიპში ჩეხი ვარსკვლავი ვერონიკა სტარა მონაწილეობს.
– მაინცდამაინც ის რატომ შეარჩიეთ?
– გოგონების კასტინგი ჩატარდა და რეჟისორმა მირჩია, სტარა გადაგვეღო.
– ვერონიკა სტარას ჟურნალ “ფლეიბოის” გარეკანზე ხშირად ბეჭდავენ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კლიპში ეროტიკული სცენები იქნება?
– ეროტიკული სცენები არ იქნება, კლიპის თემა მოგონებებია.
– როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ ვერონიკასთან?
– არანაირი.
– ვინც უკვე ნახა კლიპი, მათგან როგორი შეფასებები მიიღეთ?
– კოლეგების აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ ერთხმად აღნიშნა, გემოვნებიანი სიმღერააო.
– კომპლიმენტი უნდა გითხრათ – გარეგნობაში ცვლილებები შეგიტანიათ და გიხდებათ. თავს განსაკუთრებულად უვლით?
– ჩემი აზრით, მამაკაცმაც ისევე უნდა მოუაროს თავს, როგორც ქალმა. ადრე შემეძლო, დაბადების დღისთვის დამოუკიდებლად გამეკეთებინა ვარცხნილობა, მაგრამ ახლა აღარ შემიძლია თმაზე ხელი გადავისვა, ჟელე წავისვა და ისე წავიდე წვეულებაზე. ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა, რაც პროფესიამ მოიტანა.
– ბოლო დროს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან. თქვენ თუ მოგსვლიათ რომელიმე კოლეგასთან უკმაყოფილება?
– დასაპირისპირებელი არავისთან არაფერი მაქვს. “ჯეოსტარში” 2008 წელს მივიღე მონაწილეობა და მას შემდეგ მოყოლებული კოლეგებთან არასოდეს მქონია უკმაყოფილება. რამდენიმემ გული კი მატკინა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მსურს. ვინ რას წარმოადგენს, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ერთნაირად მიყვარს.
მივხვდი, რომ დისტანციის დაჭერა აუცილებელია და არავის უნდა გადაჰყვე, რომ მერე გული არ გეტკინოს.
– გვერდს ვერ ავუვლით საქართველოში ასე აქტუალურ თემას – ლგბტ თემის წევრების მიმართ დამოკიდებულებას. საზოგადოების ნაწილი აშკარად გამოხატავს მათ მიმართ აგრესიას, აქციებს აწყობენ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
– არ შეიძლება, ცუდად მოექცე ადამიანს, რომელსაც სრული უფლება აქვს, იცხოვროს ისე, როგორც უნდა. არც მიტინგების მოწყობა შეიძლება მათ წინააღმდეგ. რა უფლება გვაქვს, ვინმეს მივუთითოთ, როგორ იცხოვროს?
ჩემზეც არაერთხელ უთქვამთ, რომ გეი ვარ. კარიერის საწყის ეტაპზე ამ ჭორს რომ ვიგებდი, ძალიან ვბრაზდებოდი. მინდოდა, მომეძებნა, ვინც ასეთ ჭორებს მივრცელებდა და ცუდად მოვქცეოდი. ჩემს ცხოვრებაში პოპულარობა ისე უცებ შემოიჭრა, ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი. კოლეგები მეუბნებოდნენ, ამას თუ ვერ შეეგუები, სხვა საქმით დაკავდიო.
ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ასეთ ჭორებს აღარ განვიცდი, რადგან ამის საბაბი არასდროს არავისთვის მიმიცია. ვაცხადებ, რომ ნატურალი ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები. ვინც თავს უვლის და მოწესრიგებულია, ფიქრობენ, რომ აუცილებლად გეი უნდა იყოს.
– თქვენს პირად ცხოვრებაზე ჭორები ხშირია?
– კი, როგორ არა! თურმე ასაკით უფროსი ქალი მყოლია საყვარლად, რომელიც ჩემზეა გადაყოლილი და ყველაფერს ის მიკეთებს. ვისაც კითხვის უფლება აქვს, ყველა მეკითხება, მართალია თუ არა. არ ვიცი, ასეთი აბსურდული ჭორი საიდან მოიტანეს.
– ასაკით თქვენზე უფროსი ქალი არასოდეს მოგწონებიათ?
– კი, როგორ არა. 25 წლის ასაკში მქონდა პერიოდი, როცა ჩემზე უფროსი ქალები მიზიდავდნენ. ახლა 30 წლის ვარ და ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებ.
ამ ასაკში ჩემს ფსიქიკაში დიდი გარდატეხა მოხდა. პატარა ბიჭი აღარ ვარ და პირად ცხოვრებაზეც დავიწყე ფიქრი. რაღაცები გადავაფასე. აქამდე არაერთხელ მითქვამს, ჩემი რჩეული ძალიან ლამაზი უნდა იყოს-მეთქი. შეფასების ეს კრიტერიუმი არ შეცვლილა, თუმცა მივხვდი, რომ მხოლოდ ვიზუალს ვეღარ გავუძლებ.
აუცილებლად ჭკვიანი, განათლებული, საქმიანი უნდა იყოს და ვუყვარდე. შეყვარებული არ ვარ, თუმცა ამ ასაკში დაოჯახებაზეც ვფიქრობ და საყვარელი გოგოს ძებნაშიც ვარ. როგორი მეოჯახე კაცი ვიქნები, ამაზეც ვფიქრობ ხოლმე.
– და რას გეუბნებათ საკუთარი თავი, როგორი მამა და ქმარი იქნებით?
– ცუდი მეუღლე ვერ ვიქნები, რადგან თუ შემიყვარდა, სიგიჟემდე მეყვარება. აუცილებლად ძალიან კარგი მამა ვიქნები, მაგრამ ამ ყველაფერში ცოლმაც უნდა შემიწყოს ხელი.
უამრავი გასტროლი მაქვს. წლის განმავლობაში 6 თვე საქართველოში არ ვარ. ასეთ რეჟიმს გაძლება უნდა და ჩემი მეორე ნახევარი ამისთვის მზად უნდა იყოს, რასაც დიდი სიყვარული სჭირდება.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”

