მომღერლების წყვილის, აჩიკო ნიჟარაძისა და ნუცა ქირიას, შვიდწლიანი ოჯახური ცხოვრება მალე მეორე შვილის
დაბადებით გამდიდრდება. როგორც აჩიკო “სარკესთან” ამბობს, ოჯახი 2018 წელს სასიამოვნო სიახლით დაიწყებს.
– აჩიკო, რა ემოციებით ელოდებით მეორე შვილს?
– პატარას იანვრის დასაწყისში ველოდებით, ახალ წელს სასიამოვნო სიახლით დავიწყებთ. ალექსანდრე 6 წლის ხდება და ძალიან უნდოდა, ძმა ჰყოლოდა. 2017 წელს თოვლის ბაბუას ამ სურვილის ასრულება სთხოვა კიდეც. მეორე ბიჭს ველოდები. რაც უფრო მეტი შვილი გვეყოლება, უფრო ბედნიერები ვიქნებით.
– ნუცა როგორ გრძნობს თავს?
– პირველ ფეხმძიმობაზე გამოუცდელი იყო, ახლა კი ორსულობას ნაკლები პრობლემებით შეხვდა. ძალიან თავშეკავებული გოგოა და არაფერზე ბუზღუნებს, არც პრეტენზიული გამხდარა.
არ აქვს მნიშვნელობა, ქალი ფეხმძიმედაა თუ ჩვეულ მდგომარეობაშია, ცოლის პატივისცემა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეგეძლოს. უბრალოდ, ამ მდგომარეობაში ქალს მეტი ყურადღება სჭირდება, რასაც ნუცას არც ვაკლებ.
– საკმაოდ ახალგაზრდა ოჯახი გაქვთ, ფეხზე ახლა დგებით. ხართ მზად ორი შვილის მამობისთვის? ფინანსურ მხარესაც ვგულისხმობ და ფსიქოლოგიურსაც.
– რადგან ეს ნაბიჯი გადავდგით, ესე იგი მეც და ნუცაც მზად ვართ. მეორე შვილისთვის წინასწარ ჯერ არაფერი შეგვიძენია. მზადებას საახალწლოდ დავიწყებთ. ალექსანდრეს აღზრდაში მისი დაბადების დღიდან ჩართული ვარ და მეორე შვილთანაც იგივე დამოკიდებულება მექნება. შვილები ორივესია და ორივემ უნდა ვიზრუნოთ.
– ალექსანდრე გახარებული იქნება იმით, რომ თოვლის ბაბუამ სურვილი შეუსრულა.
– ძალიან ელოდება და ძმას სახელიც თვითონ შეურჩია, თუმცა რას დავარქმევთ, ამას ჯერ არ ვამბობთ. მისთვის სათამაშოს ან ტანსაცმელს რომ ვყიდულობთ, მეორეს ძმისთვის არჩევს. მგონია, რომ დედმამიშვილის მიმართ ეჭვიანობის გრძნობა ბავშვებს მშობლების დამოკიდებულების გამო უჩნდებათ. ყურადღება თანაბრად უნდა გადავანაწილოთ შვილებზე და ერთმანეთის მიმართ შესაბამისი დამოკიდებულებაც გაუჩნდებათ.
– ოჯახსა და მუსიკალურ კარიერაზე დროს როგორ ანაწილებთ?
– ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახი დგას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასიმღერო კარიერამ უკანა პლანზე გადაიწია.
– ბოლო პერიოდში ნაკლებად ჩანხართ. ამის მიზეზი რა არის?
– გარკვეული მიზეზების გამო საყვარელ საქმეს დრო ვერ დავუთმე, თუმცა ოჯახი არაფერ შუაშია. ცხოვრებისეული პრობლემებისთვის უნდა მიმეხედა, რაც ადვილი საქმე არ იყო. ყველაფერი მოვაგვარე და ახალი წლიდან კარიერული წინსვლისთვის სერიოზულ ცვლილებებს ვგეგმავ.
– მომღერლების უმრავლესობა, მათ შორის ძალიან ცნობილები, დღეს რესტორნის სცენაზე დგას. თქვენც მღერიხართ ასეთ დაწესებულებებში?
– რესტორანსა და კლუბში დღესასწაულებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ვმღერი, სტაბილურად არასდროს მიმუშავია, მაგრამ ამას რაღაც მიზეზი არ აქვს. უბრალოდ, ჩემი მიზანი რესტორანში 200-300 კაცის წინაშე სიმღერა კი არ არის, არამედ ესტრადაზე, ფართო აუდიტორიის წინაშე სცენაზე დგომა. ქართულ სიმღერას ბევრი შემსრულებელი არ ჰყავს და ვინც არის, ისინი სატელევიზიო ეთერებსა თუ კონცერტებზე ხშირად უნდა ჩანდნენ.
– თქვენ კი ეკრანზე ნაკლებად ჩანხართ.
– გადაცემებში – არა, მაგრამ დღესასწაულებზე, გალა კონცერტებზე ყოველთვის მეძახიან.
სიმართლე გითხრათ, ეკრანზე ვერც ერთ მუსიკალურ შოუს ვხედავ. ახალ სიმღერას რომ ჩავწერ, სადმე ხომ უნდა გაჟღერდეს? სატელევიზიო შოუებში სერიოზულ პრობლემებზე რომ საუბრობენ და ამ დროს მე სიმღერის პრემიერა გავმართო, ასეთი საქციელი არასერიოზული იქნება, ამიტომ, რამდენიმე შოუდან რომ დამირეკეს და სტუმრობა მთხოვეს, უარი ვთქვი.
– ამჟამად რითი ხართ დაკავებული?
– ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მარკეტინგის სამსახურში ვმუშაობ.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”

