„ვისი სული გსურს“ – ახალი ქართული ფილმი ვარსკვლავური შემადგენლობით

„ვისი სული გსურს“ – ეს ის თამაში არ გეგონოთ ბავშვობაში რომ დავრბოდით ხელჩაჭიდებული ჯაჭვის გასარღვევად, ეს ახალი ქართული ზღაპრული ფილმის სახელწოდებაა, რომელსაც მალე კინოთეატრებში ვიხილავთ. უკვე მთელი ქალაქი აჭრელებულია ბანერებით და პოსტერებით. ვარსკვლავური შემადგენლობა ამ ფილმს ნამდვილად არ აკლია: დუტა სხირტლაძე, გიორგი ბახუტაშვილი, ჯანეტ ქერდიყოშვილი, ირინა ონაშვილი, ბაჩო ქაჯაია, ნიკოლოზ წულუკიძე, ნიტა ლომიძე და მრავალი სხვა ქართველი მსახიობი თუ ცნობილი ადამიანი რეჟისორ დავით იმედაშვილის ფილმში გაერთიანდნენ.

დღეს ფილმის შემოქმედებით ჯგუფს სტუდია „Ibro“-ს ოფისში ვეწვიეთ, სადაც ფილმის პროდიუსერს, გიორგი იმედაშვილს გავესაუბრეთ.

„ვისი სული გსურს“ - ახალი ქართული ფილმი ვარსკვლავური შემადგენლობით

_ გიორგი, როდის ვიხილავთ ფილმს დიდ ეკრანზე?

_  როგორც თავად ხედავთ, ახლა ფილმის მონტაჟი მიმდინარეობს. მე როგორც ყოველთვის,  მონტაჟს ვერავის ვანდობ და ამიტომ თავად ვამონტაჟებ. ამავდროულად მუსიკაზეც ვმუშაობთ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. 5 მაისს ფილმის პრემიერა საქართველოს ყველა კინოთეატრში ერთდროულად შედგება.

_ რა ხდება ფილმის სიუჟეტში, სად და როგორ ვითარდება ის?

_ მთავარ გმირს თავს საოცარი ამბები გადახდება. მას ნიტა ლომიძის გმირი მოაჯადოებს და აი, აქ იწყება საოცარი მოგზაორობა. გიორგის სული ყველა იმ ადამიანის სხეულში აღმოჩნდება,  ვისაც კი ჩაგრავს და ცუდად ეპყრობა. ახლა ის თავად გამოცდის საკუთარ თავზე, თუ როგორია, იყო გიორგის მძღოლი, ფსიქოლოგი, ცოლი, მეგობარი, თანაშემწე. იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაიბრუნოს, მან სწორი გზა უნდა აირჩიოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. როგორ მოახერხებს, ამ ამოცანას თავი გაართვას გიორგიმ, ამას უკვე კინოთეატრებში იხილავთ.

მაშ ასე, როგორც ამ ფილმის ერთერთი მთავარი გმირი ამბობს: „ალისა მალისა“.

„ვისი სული გსურს“ 5 მაისიდან საქართველოს ყველა კინოთეატრში გველის!