„სპეკულაციას ექსპერტებმა დაუსვეს წერტილი“ – ახალი დეტალები გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში

„სპეკულაციას ექსპერტებმა დაუსვეს წერტილი“ - ახალი დეტალები გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში„დღევანდელ სასამართლო პროცესზე წერტილი დაესვა ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რასაც მხარე აპელირებს, რომ გიგა ავალიანს თავის დარტყმით განუვითარდა ტრავმა“, – განაცხადა  გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

პროკურორის თქმით, დადასტურდა, რომ გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა.

„სამედიცინო ექსპერტმა ცალსახად დაადასტურა, რომ გიგა ავალიანს მიყენებული აქვს დაზიანება წინ, შუბლის მიდამოში, საიდანაც დაიწყო მოტეხილობის ბზარი და გაგრძელდა უკან მიმართულებით. შესაბამისად, სპეკულაციას ექსპერტებმა დაუსვეს წერტილი.

მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ გიგა ავალიანისთვის ძალადობის განსახორციელებლად. მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ყიდულობდა სახლისთვის პროდუქტებს, ბრალდებულები ყიდულობდნენ ელექტროშოკს და სხვა საგნებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ამ საქმეში არის რეალობა და გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ინტერპრესნიუსი