ქეთი წიკლაური: „მამაც ბევრ რამეს თმობდა, დედაც რაღაცას პატიობდა“
როგორ იზრდებოდა  ლეგენდარული „ივერიელების“ ქალიშვილი ოჯახსა და კულისებში _ „ჩემი მშობლები საპირისპირო მხარეები იყვნენ, როგორც პლუსი და მინუსი, როგორც ცივი და ცხელი“

ქეთი წიკლაური: „მამაც ბევრ რამეს თმობდა, დედაც რაღაცას პატიობდა“„სარკე“, ლიკა ოსაძე

დღეს, 22 იანვარს ლეგენდარულ „ივერიელს“, თემურ წიკლაურს, 80 წელი შეუსრულდებოდა. მისი და ლილი ზღვაურის, ქალიშვილი, თავადაც „ივერიელი“ ქეთი წიკლაური „სარკესთან“ იხსენებს მშობლებს და ანსამბლის ოქროს ხანას:

_ 2 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ანსამბლ  „ციცინათელადან“ გადავიდნენ ახალშექმნილ „ივერიაში“. ბავშვი ვიყავი, როცა ანსამბლს აღმავლობისა და წარმატებების წლები ჰქონდა. ჩემი მშობლები სულ ანსამბლში იყვნენ და ხშირად მეც თან მივყავდი. კულისებში, კალათაში მეძინა. ცოტა რომ გავიზარდე, კულისებში ვიდექი და ისე ვუსმენდი. ის დრო ლამაზი ზღაპარივით მახსოვს.

_ რეპეტიციები ალბათ ხუმრობებით და საინტერესო ამბებით იქნებოდა დატვირთული, არა?

_ რაღაცას შესწრებული ვარ, მაგრამ რომ გავიზარდე, მათ რეპეტიციებს ხშირად აღარ ვესწრებოდი. სკოლაში ვსწავლობდი და მაშინ სკოლის უმიზეზოდ გაცდენა არ შეიძლებოდა. მე ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი, დედაჩემის მშობლებთან. თუ არდადეგები მქონდა ან დასვენების დღე იყო, მშობლებს რეპეტიციებზე მაშინ მივყავდი.

_ ოჯახში როგორები იყვნენ თქვენი მშობლები?

_ ესტრადა საზეიმო განწყობას მოითხოვდა, ამიტომ სპექტაკლებზე სხვანაირები იყვნენ, სახლში _ სხვანაირები. ახლა ახალგაზრდა მომღერალს შეუძლია სცენაზე იმ სამოსით გავიდეს, რაც ყოველდღიურად ქუჩაში აცვია, თავისი იერსახეც არ შეცვალოს, მაგრამ მაშინ სხვა მოთხოვნები იყო. ჩემი მშობლები თავიანთ საქმეს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. მათ სულ ჰქონდათ სცენისთვის განსაკუთრებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. სცენაზე სულ მოწესრიგებულები ყოფილიყვნენ.

მამამ ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნა ასეთი დამოკიდებულება. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ემზადებოდა სცენაზე გასასვლელად. წვრილმანი დეტალიც კი ჰქონდა გათვლილი. სცენისთვის ცალკე ჰქონდა გადადებული კოსტიუმები, ფრაკები, ჰალსტუხები, ბაფთები… ვთვლი, რომ ეს არის დიდი პროფესიონალიზმის ნიშანი. დედაც ასე იყო.

ჩემი მშობლები ყოველდღიურ ცხოვრებაში უბრალო ადამიანები იყვნენ, მორიდებულები, თავმდაბლები. მამა ძალიან იღლებოდა, ამიტომ სახლში ძირითადად ისვენებდა, იწვა, კითხულობდა, ტელევიზორს უყურებდა, გემრიელობებს ჭამდა.

_ თქვენს მშობლებს დიდი და ლამაზი გრძნობა აკავშირებდათ ერთმანეთთან. საინტერესოა თქვენი თვალით დანახული მათი სიყვარულის ამბავი.

_ მათი სიყვარულის ისტორია არ არის მარტივი და მხოლოდ ბედნიერი  მომენტებისგან არ შედგება. ჩემს მშობლებს დიდი ტრაგედია დაატყდათ. ჩემი უმცროსი ძმა 5 წლის ასაკში გარდაიცვალა. მათი სიყვარული ცრემლნარევი სიყვარულის ისტორიაა. ასეთი ტკივილი ზოგჯერ წყვილს აშორებს. ადამიანები ვერ უძლებენ ასეთ ტკივილს და შორდებიან. ჩემი მშობლების შემთხვევაში პირიქით მოხდა, ამ ტრაგედიამ უფრო შეასისხლხორცა, უფრო დააკავშირა ერთმანეთთან. მათ პროფესიული საქმიანობაც აკავშირებდათ. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ანსამბლ „ციცინათელაში“ გაიცნეს და ხელიც მოაწერეს.

იცით, ჩემი მშობლები ერთმანეთს რატომ ავსებდნენ? ისინი იყვენ სრულიად საპირისპორო მხარეები, როგორც პლუსი და მინუსი, როგორც ცივი და ცხელი. მამა ძლიერი, ომახიანი, ხანდახან მკაცრიც კი იყო, ხოლო დედა მშვიდი, ნაზი, თბილი ადამიანია. ერთმანეთს ძალიან უგებდნენ. ერთნაირი ხასიათი რომ ჰქონოდათ, ალბათ ვერ გაუგებდნენ ერთმანეთს. 50 წელი იყვნენ ერთად.

_ რომელი უფრო თმობდა, დედა თუ მამა?

_ ჩვენ ყოველთვის გვგონია, რომ ქალი თმობს, მაგრამ არ არის ასე. საბოლოდ გავიაზრე, რომ მამაც ბევრ რამეს თმობდა. ურთიერთობა ცალმხრივი არ არის. შეიძლება რაღაც მომენტში მამა შეუვალი იყო, მაგრამ იყო მომენტები, როცა ის თმობდა. თუ რაღაც ასატანი იყო, ის იტანდა და პატიობდა. თითოეული ადამიანი არის დიდი, უკიდეგანო კოსმოსი. დედაც რაღაცას პატიობდა, მაგრამ ეს ხდებოდა სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით. მათი ჩხუბი არასდროს მინახავს.

_ თქვენს შვილზე გვიამბეთ, რამე სიახლე ხომ არ არის მის პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში?

_ შარშან ოჯახი შექმნა და თავის მეუღლესთან ერთად ცალკე ცხოვრობს. ორივე მუშაობს და ორივეს საყვარელი საქმე აქვს. ჩემი რძალი ძალიან მიყვარს. ვთვლი, რომ ჩემმა შვილმა სწორი არჩევანი გააკეთა.

ჩემი შვილი თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ავტორია, კომპოზიტორია. მთელ მსოფლოში იყიდება მისი დისკები, ალბომები. ასევე დიჯეიც არის, ზოგჯერ უკრავს კიდეც.

_ ბებია ჯერ არ ხართ?

_ ჯერ არა.