„სარკე“, რუსუდან ადვაძე
პირველი ოქტომბრის საღამოს, თბილისში, თემქაზე, ახალგაზრდა კაცს, გიგა ავალიანს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს ბიჭები დაესხნენ და თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილას მძიმე დაზიანებები მიაყენეს. გიგას კლინიკაში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
გიგა ავალიანი 28 წლის იყო. სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული და ცოდნის გასაღრმავებლად ამერიკაში აპირებდა წასვლას. ამისთვის ფულს აგროვებდა, რის გამოც სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში ამეცადინებდა. სწორედ ამ საქმემ შეიწირა უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე.
როგორც გიგას დედა, ეკა კუპატაძე, „სარკესთან“ ყვება, გიგა დღე და ღამე შრომობდა. მათემატიკოსების ოჯახში დაბადებულმა და გაზრდილმა ბიჭმა ეს საგანი საუკეთესოდ იცოდა, ამიტომ ის მისი შემოსავლის წყაროდ იქცა და ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.
სამართალდამცავებმა მომხდარის გამო ორი პირი დააკავეს. ორივე არასრულწლოვანია, 17-17 წლისანი. ერთი მათგანი სხეულის მძიმე დაზიანების მუხლით ზის, მეორე _ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის. ამ უკანასკნელმა ვიდეოც გადაიღო, თუ როგორ ურტყამს გიგა ავალიანს გოგონას შეყვარებული…
პროკურატურის თავდაპირველი ვერსიით, მასწავლებელი თავისი მოსწავლე გოგონას შეყვარებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. სრულიად სხვა ვერსიაზე საუბრობს „სარკესთან“ გარდაცვლილის დედა, ეკა კუპატაძე, რომელმაც მარტოხელა დედობით გამოვლილ გზასა და გაჭირვებით გაზრდილი შვილების შესახებ გვიამბო.
ეკა კუპატაძე: გიგაზე ფეხმძიმედ ვიყავი, როდესაც მარტო დავრჩი, მეუღლის გარეშე. სხვა ოჯახი შექმნა… ჩემი უფროსი შვილი მაშინ 2 წლის იყო. კარგა ხანს, 13 წელი, სოფელში, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, მეუღლის სახლში ვცხოვრობდით. მთელმა სოფელმა გულში ჩაგვიკრა. უაღრესად თბილი და კარგი სამეზობლო გვყავს იქ.
გიგას ძალიან ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელმოკლედ ვცხოვრობდით, მარტოხელა დედა ვიყავი. გიგა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად აღნიშნავდა, რომ კარგი ბავშვობა ჰქონდა.
მე-7 კლასში იყო, თბილისში რომ გადმოვედით საცხოვრებლად. თავიდან ქირით ვცხოვრობდით, მერე ბინაც ვიყიდეთ. მასწავლებელი ვარ, რეპეტიტორიც გახლდით და მოვახერხეთ სახლის ყიდვა.
მათემატიკოსი გახლავართ და ერთ წელიწადს სხვადასხვა მიმართულებით 4 გრანტი მოვიგე. ეს ხდებოდა 2004-2005 წლებში. მაშინ სკოლაში შევიტანე 7 კომპიუტერი, ვიდეო და აუდიოტექნიკა. იმ დროს კომპიუტერი საქართველოს მოსახლეობის 1- 2%-ს თუ ჰქონდა ნანახი.
თბილისშიც მასწავლებლად გადმოვედი. ჩემმა ორივე ბიჭმა წარჩინებით დაამთავრა ვეკუას სკოლა. ძალიან ჭკვიანი შვილები მყავდა. სამი ძმა მყავს და სამივე მათემატიკოსია. ერთი ძმა ზესტაფონის რესურსცენტრის ხელმძღვანელია, მეორე _ მეცნიერების კანდიდატი და ვეკუას სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. ამავდროულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელია ისიც და მეც. ჩემი პატარა ძმა კი თბილისის 175-ე სკოლის დირექტორია. ასე რომ, ჩემი შვილები გაიზარდნენ ნამდვილად ინტელიგენტების ოჯახში. ჩემი ორივე მშობელიც მათემატიკოსები იყვნენ.
1-ელ ოქტომბერსვე, როდესაც გიგა დაიმტვრა, მინდოდა სკოლიდან წამოსვლა. მაშინ მეგონა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და არა მკვლელობა და ისევ „დაიმტვრა“-ს ვამბობ. 17 ნოემბერს კატეგორიული უარი განვაცხადეა და გავწყვიტე სკოლასთან ხელშეკრულება.
ჩემმა ორივე შვილმა სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. უფროსი შვილი, ნიკა, გერმანიაში წავიდა გარკვეული პროგრამით და ახლახან ჩამოვიდა. ოქტომბერში აპირებდა დაბრუნებას და ეს ამბავი მოხდა. გიგამ ინგლისური უმაღლეს დონეზე იცოდა და ამერიკაში უნდოდა სწავლის გაგრძელება სამედიცინო კუთხით. ძმები ერთად აპირებდნენ ამერიკაში წასვლას, რომ ერთად ყოფილიყვნენ.
გიგა ვეკუას სკოლაში მიღებულ ცოდნას იყენებდა და მოსწავლეებს ამეცადინებდა, რომ ფული მოეგროვებინა ამერიკაში წასასვლელად. ნიკაც, სანამ გერმანიაში წავიდოდა, ამზადებდა მოსწავლეებს.
მე საკმაოდ მაღალანაზღაურებადი რეპეტიტორი ვიყავი, მაგრამ ჩემი შვილები არ დამსხდარან ფეხიფეხზე გადადებულები, ჩემი ხელის შემყურეები არ ყოფილან, სულ შრომობდნენ. თითქმის 8 წელი ამზადებდა გიგა მოსწავლეებს მათემატიკაში. ვერავინ იპოვის ვერც ერთ მოსწავლეს, ვინც იტყვის, რომ გიგასგან რაიმე საეჭვო გამოხედვა ან ცუდად ახსნილი გაკვეთილი ახსოვს. ძალიან მოწესრიგებული ბიჭი იყო და ვერ იტანდა, მოსწავლე გაკვეთილს რომ აცდენდა, მაგრამ მაშინაც კი მოზომილ საყვედურს ამბობდა. იმდენად მოწესრიგებული ქცევისა და ხასიათის იყო, მოსწავლეების მშობლებს მისადმი უდიდესი მოწიწება ჰქონდათ და როდესაც მოსწავლეს გაკვეთილის გაცდენა უწევდა, მე მირეკავდნენ მათი მშობლები, გიგას ვერც კი უბედავდნენ.
მართლა საოცარი შვილი მყავდა! კომენტარებს სულ მისი მოსწავლეების მშობლები წერენ სოციალურ ქსელში. გულიდან ამოღებულ ტექსტებს უწერენ… გიგა სამედიცინო წიგნებსაც წერდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა კლინიკაშიც მუშაობდა. მისი მიზანი კი ამერიკაში ცოდნის გაღრმავება იყო.
_ მოსწავლეებს საცხოვრებელ ბინაში ამზადებდა?
_ ორი ბინა გვაქვს, ერთში ვცხოვრობდით და მეორეში ვამზადებდით. ადრე მე მოსამზადებელი ცენტრი მქონდა. მერე დედა გარდამეცვალა, სხვა პრობლემებიც დაემატა და გავაუქმეთ ის ცენტრი, თუმცა მე მაინც ვამზადებდი აბიტურიენტებსა და მასწავლებლებს, გიგა კი _ მოსწავლეებს მეთერთმეტე კლასის ჩათვლით.
41 აბიტურიენტი მე მყავდა, 56 მოსწავლე _გიგას. დილის 10 საათზე იწყებდა მუშაობას და საღამოს 10-ზე ამთავრებდა. ამ შრომისგან გიგა გადაღლილი სულაც არ იყო. მათემატიკა ძალიან კარგად იცოდა და სიამოვნებას ანიჭებდა, რომ ბავშვებს ასწავლიდა. უზომოდ ბედნიერი ოჯახი მქონდა. მოზომილად მხიარული იყო გიგა და, იცით, როგორი? ურთიერთობებში ადვილად არ შედიოდ. ჩემს შვილს ზღვარი ჰქონდა, რომელსაც არც თვითონ გადალახავდა და ვერც ვერავინ გაუბედავდა, რომ ის წითელი ხაზი გადაეკვეთა.
_ მის მოსწავლეებს თქვენც იცნობდით?
_ აბსოლუტურად ყველას ვიცნობდი. ის არდასაბერებელი გოგოც, ნ. ი., ვიცოდი და მყავდა ნანახი ერთხელ. ერთხელ იმიტომ ვნახე მხოლოდ, რომ სულ რაღაც 3 თუ 4 გაკვეთილს დაესწრო გიგასთან, რადგან აცდენდა. ხან ამბობდა, ვირუსი მაქვსო, ხან რას… ერთი ფუქსავატი გოგოა! 1-ელ სექტემბერს უნდა მოსულიყო და 12 სექტემბერს ძლივს მოვიდა მას მერე, რაც ვუთხარით, რომ ადგილს ვეღარ შევუნახავდით. ავტორიტეტი ერთი ხელის მოსმით არ იქმნება. ჩვენ წლები ვაშენეთ ჩვენი ავტორიტეტი, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ნდობა წლების შემდეგ ჩამოგვიყალიბდა.
ჩემს შვილსა და მას შორის მიმოწერაში სწორედ იმ გაკვეთილების აღდგენაზეა საუბარი, რომლებიც გააცდინა. გიგა სულ მეუბნებოდა, დედა, ეს გოგო არ დადის, აცდენს, არც გონება უჭრის და მოდი, გავუშვათო. ის არ ცდებოდა მოსწავლის ცნობაში. ხვდებოდა, რომელი ბავშვი ვერ ისწავლიდა. ნ. ი. იყო გოგონა, რომელიც არ ისწავლიდა! გიგას არც ალღო ღალატობდა და არც ხედვა. ამ 8 წლის განმავლობაში სულ 2 ან 3 მოსწავლე თუ ეყოლება ასე გაშვებული.
უნდოდა ამ გოგოს გაშვება და მე არ გავუშვი, მოუკვდეს დედა! წინსწრებით გადასახადს ადრე არ ვიღებდით, მხოლოდ წელს ვთქვით, რომ წინასწარ უნდა გადაეხადათ. ამ გოგოს კი არ ჰქონდა იმ თვის ფული მოტანილი. წელს მე-3 აბიტურიენტი გავუშვი, რადგან მივხვდი, ვერ ჩააბარებდნენ მათემატიკას და სამივეს უკან ჩავურიცხე წინსწრებით მოტანილი ფული. ამ გოგოს მშობელიც თავხედი იყო, არ მოჰქონდა ფული. გიგას ვუთხარი, მოიტანოს ამ თვის ფული და მერე გავუშვათ-მეთქი. ავად ვიყავი და გიგასთან სწორედ რომ ამ გოგოზე მაქვს მიწერილი, რადგან ტუტუცი მშობელი ჰყავს, მოიტანოს გადასახადი და გავუშვათ მერე-მეთქი. ადგილს ტყუილად იკავებდა.
12 სექტემბერს მოვიდა და ალბათ 3 გაკვეთილს დაესწრო სულ 26 სექტემბრამდე. 26 სექტემბერს შემოიხედა გიგამ ჩემს ოთახში და მითხრა, დედა, გავუშვათ, რა, ეს გოგო, კიდევ არ მოვიდაო… ავდექი და დავურეკე დედამისს. ჩემს ტელეფონში დაფიქსირებულია დრო, თუ როდის დავურეკე მის დედას. დედამისს ბავშვი ჩვენთან ეგონა და გაუკვირდა, რომ ვუთხარით, არ მოსულაო.
ჩემი აზრით, ეს გოგო სწორედ იმ დროს შეყვარებულთან იყო. დედამისმა დაურეკა და უთხრა, რომ მე შევატყობინე, გაკვეთილს რომ აცდენდა. ეს კი იუკადრისა მისმა შეუმდგარმა შეყვარებულმა. თან ალბათ გაიგო, რომ მასწავლებელი ბიჭი იყო… ალბათ თქვა, აბა, ჩემს გოგოს ვინ აწუხებსო და 27 სექტემბრიდან დაიწყო თავის ხულიგან მეგობრებთან ერთად მკვლელობის დაგეგმვა!
_ ითქვა, რომ თქვენი ვაჟის მიწერილი მესიჯების გამო იეჭვიანა ამ გოგოს შეყვარებულმა.
_ ეს მიმოწერა სიტყვასიტყვით მიდევს სოციალურ ქსელში. გიგა უთანხმდება დროზე, როდის ურჩევნია, მივიდეს, რომ აღადგინოს გაცდენილი გაკვეთილები, რომელ საგანს ჩაუტარებს, გეომეტრიას თუ ალგებრას, როდის გაუხარდება, აღდგენის გაკვეთილი რომ ჩაუტაროს, თუ ძალიან ცუდად არ არის, მივიდეს… სულ ეს არის. დიალოგს იწყებს ის გოგო და გიგას მინაწერებს უგულებს.
ორი-სამი ბოტი აპელირებს იმაზე, გიგა რომ სწერს, აქამდე ვიყავი ცუდად და ახლა აღარო და ეს რატომ მისწერაო. გიგა უხსნის, ვირუსი თუ გაქვს და ძალიან ცუდად არ ხარ, მაინც მოდი, მეც მქონდა და ახლა კარგად ვარო. გიგა რომ ცუდად იყო, ყველა დაადასტურებს, რადგან მანამდე თუ წყალიც არ დაულევია გაკვეთილზე, იმ დღეს ჩაი დალია.
_ გაკვეთილების გარდა, ამ გოგონასთან რაიმე სახის ურთიერთობა ხომ არ ჰქონია?
_ არანაირი! იცით, მე როგორი სპეტაკი შვილი მყავდა?! ერთმანეთს ისეთ პატივს ვცემდით, ჩემი შვილის ჯიბეშიც არასდროს ჩამიყია ხელი. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემდით, ვენდობოდით და გულახდილი მეგობრები ვიყავით. ზუსტად ვიცი, გიგას სიმპათიაც რომ ჰქონოდა გოგოს მიმართ, მასთანაც კი არ შევიდოდა ღრმად ურთიერთობაში, თუკი ის თავად არ იქნებოდა ამის მსურველი და ვინ ეგდო ეს გოგო?! მისი რეალური ფოტო ნანახი გაქვთ?! ჩვეულებრივი საფრთხობელაა! ნახეთ თუნდაც მისი რეალური ფოტოები და მიხვდებით, ვის ჰქონდა ამბიცია, რომ გიგაზე რამე ეთქვა.
საქმე შეკერეს ეჭვიანობაზე. ეს გამოიგონა მკვლელის, ამ გოგოს შეყვარებულის, ა. გ.-ის, ადვოკატმა, რომელსაც ხორცი შეასხა პროკურატურამ, რადგან ახალგაზრდა, უნიათო, გამოუცდელი პროკურორები იყვნენ და აცოცხლეს ამ ადვოკატის ვერსია. მერე ის ადვოკატი ნამუსმა შეაწუხა და საერთოდ გავიდა ამ საქმიდან, ჩაეხსნა.
_ თქვენ თქვით, რომ თავიდან ეს უბედური შემთხვევა გეგონათ. ასე რატომ იფიქრეთ?
_ დიახ, რადგან ჩვენ ვიყავით მოწესრიგებული, წყნარი ოჯახი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა გიგა ვინმეს მოეკლა!
იმ საღამოს გიგა საღამოს 11-ის წუთებზე წავიდა ჩემგან. მე 11 საათზე უნდა დამემთავრებინა მეცადინეობა. ჩვენ სულ ერთად დავდიოდით. ჩემს მოსწავლეებთან ყოფნა უყვარდა, რადგან ჭკვიანი ბიჭები იყვნენ და მიერთდებოდა. იმ დღეს, ჩემი აზრით, ადრე იმიტომ გავიდა, რომ პირველი ოქტომბრის საღამო იყო, მე კი 2 ოქტომბერს დაბადების დღე მაქვს და, სავარაუდოდ, გიგა აპირებდა, ჩემთვის ტორტი ეყიდა. ასე ვყიდულობდით ხოლმე ერთმანეთისთვის დაბადების დღის საღამოს ტორტს, ტრადიციასავით გვქონდა.
სახლში მისულს გიგა არ დამხვდა. კარი დაკეტილი და შუქი ჩამქრალი იყო. დავურეკე და კლინიკიდან მიპასუხეს.
ისეთი სიტყვებით გეგმავდნენ ჩემი შვილის მკვლელობას ეს არსებები, რომ ჩემმა ადვოკატმა ვერ გამიმეორა ის სიტყვები. ჩემს გიგას ერთი უზრდელური სიტყვაც კი არ ჰქონდა ლექსიკაში.
თურმე ღირსება, სხარტი აზროვნება, გონება ადამიანს არ იცავს. თუ გინდა, რომ მკვლელების სამყაროში იყო დაცული, შენც მათ უნდა ჰგავდე! საზოგადოება ვერ იტანს ორ უკიდურესობას _ ვერც ზედა და ვერც ქვედა ზღვარს. მათნაირი უნდა იყო ან შუაში გაჩხერილი, რომ აგიტანონ. გიგა კი ზედა ზღვარი იყო და ეს არ აპატიეს!
_ გეგმავდნენ მკვლელობასო, რომ ამბობთ, ამის საფუძველს რა გაძლევთ? იქნებ მხოლოდ ცემა და შეშინება უნდოდათ.
_ არა, მკვლელობა დაგეგმეს! ეს გოგო იდგა მეორე დღეს და, იცით, რას კითხულობდა? თუ გაიგეს, ვინ ჩაარტყაო. ჩემი თვალით მაქვს წაკითხული ეს მესიჯი! მიკავშირდებიან მათი სკოლა „ინტელექტიდან“ მოსწავლეები და მასწავლებლები, მიყვებიან ამ ბანდის წევრების ამბებს. ეს მესიჯებიც მათგან მაქვს.
11 მოსწავლის ტელეფონი ამოიღეს. ყველა ერთი სკოლიდან არის. ერთადერთ რ-ძეს აქვს დამთავრებული სკოლა და სასამართლოზე რომ ჰკითხეს, სად სწავლობდა, უპასუხა, „გეპეიში“, მაგრამ ფაკულტეტი არ ვიციო. ასეთმა უვიცმა მომიკლა გიგა!
ჩემი მეზობელი იმ დღეებში აივანს აკეთებდა, მეგონა, რაღაც გადმოუვარდათ და ის დაეცა გიგას. იმ ღამეს ცოტა ხნით ქარიც ყოფილა. მეგონა, ვინმეს აივნიდან გადმოვარდა რაღაც. ბავშვმა ან რომელიმე უწესო მოქალაქემ გადმოაგდო რამე და დაეცა თავზე-მეთქი. ისიც ვიფიქრე, ვინმეში ხომ არ აერიათ-მეთქი… მაშინ ახლოვდებოდა 4 ოქტომბრის აქციები და იმანაც გაიჟღერა, აქციის ორგანიზატორებს უსწორდებიანო. რადგან სრული განუკითხაობაა ყველა მიმართულებით, შეიძლება ვინმეში შეეშალათ და თავს დაესხნენ-მეთქი, თორემ აქციებზე არ დადიოდა. ძარცვაც დავუშვი, რადგან გიგას უყვარდა ოქროს სამკაულები და სულ თან ატარებდა დიდ სამაჯურს, ბეჭდებს… კარის ზღურბლს არ გადააბიჯებდა ამ სამკაულების გარეშე, რომლებიც თავად შეიძინა. ფულიც სულ ჰქონდა საფულეში.
ბევრი რამ დავუშვი, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გამიზნულად მომიკლეს შვილი! ჩემი ტვინით გატენილი შვილი თავის ქალის გარეშე დავკრძალე. ტვინის დიდი ნაწილი საოპერაციო მაგიდაზე დაანთხია.
_ რამდენი დაესხა თავს?
_ ორი, ამ გოგოს შეყვარებული და კიდევ ერთი, ეს რ-ძე, მაგრამ, პროკურატურის ინფორმაციით, ჩემს შვილს 3 დღის განმავლობაში დარაჯობდნენ. 27 სექტემბერს დაიწყეს მკვლელობის დაგეგმვა და 29-დან დარაჯობდნენ სადარბაზოსთან. ამ საქმეში ჩარეულია დ. ჩ. თვითმმართველობის საბჭოს პრეზიდენტი იყო იმავე სკოლაში.
ერთმანეთს სწერდნენ გიგაზე, თუ კიდევ დედასთან ერთად გამოვიდა, ტომარას გადავაცვამთ თავზე და გავუსწორდებითო. იმ საღამოს კი მარტო ნახეს… არის ერთი გოგონა, ა.ნ., რომელიც აქეზებდა, რომ ამ გოგოს შეყვარებულს ჩემი შვილი მოეკლა! „ვაჟკაცი“ გოგოები გეგმავდნენ ამ ყველაფერს ამ ლექსიკით _ „შევუხტეთ ცენტრში“, „დავლეწოთ ყველაფერი“, „დავაკლათ დედიანად, მისი მოსწავლეებიც“ და ა.შ.
_ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დედამისს უთხარით, გოგონა გაკვეთილზე არ დადისო?!
_ დიახ. ეს ჩვენი მუშაობის სტილი იყო! გიგას ვეუბნებოდი, ისე გავუშვათ, რომ შეურაცხყოფილი არ დარჩეს-მეთქი, ამიტომ დედამისს რბილად ველაპარაკე და ვუთხარი, მგონია, ვერ ისწავლის-მეთქი. მიპასუხა, წინ 2 წელი გვაქვს, მივცეთ შანსიო…
სიცოცხლის შანსს არ მივცემ ამ გოგოს! დედამისს ვურჩევ, მისი მკვლელი შვილი გამოკეტოს ციხეში! არ ჩავეხსნები ამ საქმეს. კი მხედავენ ძაძებით შემოსილს, ნატანჯს და ძალაგამოლეულ ადამიანს, მაგრამ ნუ მოტყუვდებიან, მე ასე იოლი შესაჩერებელი არ ვარ! დადგება დრო და ნახავენ, ჩემი რისხვა რა ძლიერია!
_ სოციალურ ქსელში გავრცელდა ამ გოგოს ბოდიში: „ხალხო, ძალიან ვწუხვარ, არ მინდოდა, შეყვარებულმა მაიძულა. ვიზიარებ მისი ახლობლების მწუხარებას“. როცა ეს წაიკითხეთ, რა რეაქცია გქონდათ?
_ ეს გოგო არ ყოფილა. პოლიციამ მიაგნო, ვინც დაწერა და უთქვამს, ჩემი გვერდის გააქტიურება მინდოდა სოციალურ ქსელში და იმიტომ დავწერეო. მას არ მოუხდია ბოდიში.
19 ოქტომბერს, როდესაც გიგა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იწვა, გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე, ღამით მოვიდა ჩვენთან ვიღაც მამაკაცი და ორი ახალგაზრდა კაცი. მათ გვითხრეს, რომ მკვლელი დააკავეს. იმ წუთამდე მეგონა, რომ უბედური შემთხვევა იყო და სიტყვა „მკვლელი“ რომ გავიგონე, კინაღამ გავგიჟდი!
პოლიციელები მეგონა, მაგრამ მაშინ გვითხრეს, იმ მკვლელის ოჯახის ახლობლები ვართო. მერე აღმოჩნდა, რომ ის იყო ამ გ.-ის, გოგოს შეყვარებულის, მამა. ფლიდი, თაღლითი! მოვიდა სხვა სახელითა და გვარით! ახლახან კი ისიც გავიგეთ, რომ კლინიკაში მიდიოდნენ ჩუმად და გიგასთან ითხოვდნენ შესვლას, როგორც მისი ახლობლები. მედპერსონალი არ უშვებდა და მათ ლანძღავდნენ, აგინებდნენ. ასეთ არსებებთან მაქვს საქმე!
გვეგონა, ჯგუფური დანაშაულისთვის გაასამართლებდნენ, მაგრამ ბოლო წუთებში სხვაგვარად მოხდა. პროკურატურაში გამომძიებელს რომ ველოდებოდით, ვიღაც მამაკაცი შემოვიდა, როგორც ჩანს, „საქმის გასაკეთებლად“. მანამდე გვეუბნებოდნენ, არ გვცალიაო და საათები გვალოდინეს. ამ კაცის მოსვლიდან რამდენიმე წუთში კი გამოვიდა პროკურორი და გვითხრა, გაიარეთ იურისტებთან ეს საკითხი, ამ სამხილებით თუ შეიძლება საქმეს ჯგუფური ეწოდოსო. არადა ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა რამდენიმეს მიერ, რომელიც ორმა განახორციელა. ვინ დაიჯერებს, რომ ერთმა მოიქნია მუშტი და გაუტეხა თავი?!
სულ ორი ზის ახლა ციხეში, გ. _ სხეულის მძიმე დაზიანებისთვის, რამაც სიკვდილი გამოიწვია და რ-ძე _ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
რ-ძე იღებდა ტელეფონით ამ ამბავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს შვილს მან ჩაარტყა თავში და არა _მეორემ. ვიდეოში ჩანს, გ. როგორი გაოცებულია. და ის ახლა შეუტყობინებლობის ბრალდებით ზის! ამ ეჭვს, იცით, რა მიძლიერებს? მთელი დიდი დიღომი და მთელი მათი სკოლა ამბობს, რომ ეს ბიჭია სისხლისმსმელი ნაძირალა და, თუ მოკლავდა, ის მოკლავდა. იმიტომ იღებდა, რომ ალიბისთვის უნდოდა და გამოიყენა კიდეც. ასევე, საქმე იმ გოგომ, ნ. ი.-მ მისცა და ხომ უნდა ჩაებარებინა მისთვის შესრულებული სამუშაო?!
_ იქნებ ეს გოგონა სულაც არ ურევია ამ საქმეში და თავდასხმა მის გარეშე დაიგეგმა?
_ იცით, ამ გოგოს მკვლელი შეყვარებული რას ამბობს? გოგომ მე შემომჩივლაო. ისიც უთხრეს თურმე, ამ გოგოს უნდა, სიყვარულში გამოგცადოსო და სწორედ მაშინ თქვა ბიჭმა, მე შემომჩივლა გოგომო. გოგომ მოასწავლა ადგილი, თორემ ჩვენ სადარბაზოში უკანა მხრიდან შევდიოდით და არა ცენტრალური შესასვლელიდან. ამ ბიჭმა კი სწორედ ეს შესასვლელი იცოდა, რომელიც ამ გოგომ მიასწავლა. გოგომ მიასწავლა ასევე, რომელ ოთახში ვიჯექი მე და ა.შ.
გიგა, მართალია, 28 წლის იყო, მაგრამ ისეთი მოვლილი და მოწესრიგებული იყო, ეს ასაკი არც ეტყობოდა. შესაბამისად, ვერ მიხვდებოდა, მკვლელი, რომ ეს გიგა იყო, თუ მანამდე არ ჰყავდა ნანახი. სოციალური ქსელიდან ვერ ამოიცნობდა.
_ ყველა ეჭვმიტანილი არასრულწლოვანია. შეიძლება გამოიყენონ არგუმენტი, რომ გამოუცდელობით, სისულელით ჩაიდინეს ახალგაზრდებმა ეს სასტიკი დანაშაული. ალბათ ამაზეც გიფიქრიათ…
_ სასამართლო პროცესზე იყვნენ ეს არასრულწლოვნები… იყო ეს ბანდა იქ და მანდატურს აგინეს და, მგონი, რაღაცაც ესროლეს. მხოლოდ ბიჭები კი არა, გოგოები უნდა გენახათ, რეებს აკეთებდნენ. ერთი გოგოა, ა.ნ., 17 წლის გახლავთ და ის არის ამ მკვლელობის ორგანიზატორი! ნ.ი-ს გააცნო ა. გ. ა. ნ.-მა და ამ უკანასკნელმა დაგეგმა მკვლელობა. მისი სიტყვებია „მივუხტეთ და დავლეწოთ“. დიალოგი უნდა ნახოთ, ის შეყვარებული რამდენჯერ ამბობს: „გადავუხსნი შუბლს“, „დავადებილებ“, „მოვკლავ“, „ფეხზე რომ ვერ დადგეს, ისეთს დავმართებ“, „თავში ჩავარტყამ“… ეს იყო გამიზნული მკვლელობა! 5-6 ადგილას აქვს თავში ჩარტყმული.
ექიმს სრულად არ ჰქონდა გიგას დაზიანებები აღწერილი. 19-წამიანი ვიდეო გადაიღეს და მისი გათიშვის შემდეგ კიდევ ურტყეს. ეს არა მხოლოდ იმ შეყვარებულს ჩაუდენია, გადამღებიც ურტყამდა, რადგან გიგას ორივე მხარეს ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. ფეხის ქუსლზეც ჰქონდა დაზიანება, ალბათ ზემოდან ჩაარტყეს ფეხზე ფეხი… თავზე უკან ჰქონდა დარტყმული, შუბლზე კი ჰქონდა უზარმაზარი ჰემატომა, რომელიც „ვერ შეამჩნია“ ექიმმა.
ყველა დაზიანება მახსოვს, რადგან იმ დაზიანებებზე გიგას მამა გაბრიელისა და მაცხოვრის საფლავიდან წამოღებულ ზეთსა და წყალს ვუსვამდი.
_ ამბობთ, რომ არ გაჩერდებით და გიგას მოსწავლე გოგონას, რომლის გამოც ეს ტრაგედია დატრიალდა, სიცოცხლის უფლებას არ მისცემთ… რას ითხოვთ, რას უნდა მიაღწიოთ?
_ ყველამ უნდა აგოს სამართლებრივად პასუხი ზუსტად იმის მიხედვით, რაც დაუშავა ჩემს შვილს. სანამ ამას არ მივაღწევ, მანამდე არ გავჩერდები! სახელმწიფოსაც ვუჩივლებ სტრასბურგში.
მიმოწერები აქვთ წაშლილი, მაგრამ ახერხებენ მის აღდგენას. მაგალითად, რ. არ ისჯება იმის მიხედვით, რაც გიგას დაუშავა! მას მხოლოდ სახელმწიფო „ეკაჩავება“ _ ვის არ გააგებინე, ბიჭო, შენ დანაშაულიო! ამაზე მაქვს პროტესტი! ორიდან ერთი რომ გაითიშა, უკვე ჯგუფური დანაშაული აღარ გამოდის და, შესაბამისად, ჯგუფური დანაშაულის ბრალდება ასცდა იმ შეყვარებულ გ.-საც. თან სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენაო… ამ დროს არსებობს მიმოწერები, სადაც სწორედ რომ ჯგუფური დანაშული იკვეთება. როდესაც თავში ურტყამ, ეს სხეულის მძიმე დაზიანება კი არა, პირდაპირ მკვლელობაა!
ის გოგო ამ მკვლელობის დამკვეთი და ორგანიზატორია და აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ის ამ თავდამსხმელ ბიჭებზე მეტადაა დამნაშავე! ამ გოგომ ჩემი შვილი მიწაში ჩადო, ორი ბიჭი კი ციხეში გაუშვა! სწორედ ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე!..
16 წლისამ დაგეგმა მკვლელობა! არ მაინტერესებს, რამდენი სანთელი ჩააქრო დაბადების დღეზე, ის მკვლელია! 16 წლისა რომ ამას აკეთებს, მერე რას იზამს?! ახლა მხოლოდ სკოლით, ცეკვის წრით, მასწავლებლებთან სიარულით შემოიფარგლებოდა მისი სანაცნობო წრე. რაც უფრო მეტი წვდომა ექნება საზოგადოებასთან, შესაძლოა, უამრავი ადამიანი გახდეს მისი მსხვერპლი!
არ გავჩერდები, სანამ ამ გოგოს არ დააპატიმრებენ! შევეწირები ამ ამბავს! ეს ბიჭი რომ გარეწარი იყო, ამას მთელი დიღომი ამბობს! სკოლამ დადო განცხადება, ეს ბიჭი სკოლაში არ დადიოდა და მობილობა განიხილებოდაო… სამარცხვინოები!
_ რეპეტიტორობას გააგრძელებთ?
_ არა! მერხი, სკამი, მოსწავლე _ ყველაფერი შემძულდა! თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ უბრალო მათემატიკოსი არ გახლდით… გამოცდების ცენტრის თანამშრომელი ვარ და ტესტებს მე ვადგენდი საგამოცდოდ. ამ ცენტრსაც ჩავეხსენი ახლა და მხოლოდ გიგა ავალიანის ღირსების დასაცავად ვიბრძვი. პირობას ვდებ, რომ მისი სიცოცხლის ხელყოფისთვის ყველა სათანადოდ დაისჯება! ჩემი შვილი ნიკაც ყველაფერს შეეშვა და ახლა ორივე ვიბრძვით გიგასთვის!
