გურამ ოდიშარია: ,,ომში ვაჟკაცობა სწორედ იმათ გამოიჩინეს, რომლებიც ყოველთვის კუთხეში ჩუმად ისხდნენ”

გურამ ოდიშარია: ,,ომში ვაჟკაცობა სწორედ იმათ გამოიჩინეს, რომლებიც ყოველთვის კუთხეში ჩუმად ისხდნენ",,სარკე”, ირინე მჭედლიძე

,,სოხუმში დღესაც არის ერთადერთი პატარა ადგილი, დაახლოებით სამი კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც მობილური ტელეფონით შესაძლებელია თბილისთან დაკავშირება და ეს იქ ყველამ იცის. ჩვენი ურთიერთობის არეალიც ასე დაპატარავდა და ისიც ალბათ სამი კვადრატული მეტრია. დღეს ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს პატარა სივრცე, რაც ამ ურთიერთობისათვის დაგვრჩა, საბოლოოდ არ გაქრეს”, – უთხრა ,,სარკეს” პოეტმა, პროზაიკოსმა, დრამატურგმა და მთარგმნელმა, გურამ ოდიშარიამ. მის მოგონებებში ცოცხლობს ლამაზი სოხუმი, წარმტაცი გაგრა, ლურჯად მოკამკამე ზღვა, მაგრამ მას ბედმა ნახანძრალი, ნაომარი ქალაქის ხილვაც არგუნა, შემზარავი ზღვაც აჩვენა, ცხედრებით სავსე…

გურამ ოდიშარია: სოხუმში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ. მამაჩემი სამხედრო ოფიცერი იყო. პერიოდულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაჰყავდათ სამუშაოდ, ამიტომ ხან ბაღდათში ვცხოვრობდით, ხან წალენჯიხაში, ხან აჭარასა და თბილისში. როცა სოხუმში ვბრუნდებოდით, პირველად, რაც შემომეფეთებოდა და რაც ყველაზე მეტად მენატრებოდა, ზღვა იყო. მანქანის თუ მატარებლის სარკმლიდან ვიყურებოდი და მოუთმენლად ველოდი, ზღვას როდის დავინახავდი. ზღვა ხომ მაგიურია, რომელიც თავისკენ გიზიდავს.

სიარულთან ერთად ცურვაც ვისწავლე. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამამ პირველად მაჩვენა მარადმწვანე გაგრა. იმ დღეს თქორი, წვრილი წვიმა მოდიოდა, პრინც ოლდენბურგელის სასახლე რომ ვნახე, მეგონა, ზღაპრულ სამყაროში მოვხვდი.

– თქვენს ლექსებში, რომლებიც ომამდეა დაწერილი, დახანძრულ, დამწვარ პალმებზე წერთ. წინასწარ გრძნობდით, თქვენს ქალაქს რა ელოდა?

– ჩემს ძველ ლექსებში მართლაც ვწერ იმაზე, რაც შემდეგ ახდა. ლექსებში გაგრას, სოხუმს ვემშვიდობები, ვწერ, რომ გაგრა ცრემლშია ჩაკარგული… ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ასეთი საშინელი რამ მოხდებოდა, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო იქაურობა, სულ მეშინოდა, რაღაც მიზეზის გამო არ დაგვეკარგა…

– მრავალი ადამიანის მსგავსად თქვენც გარგუნათ ღმერთმა იმ განსაცდელის გამოვლა, რომელსაც ჭუბერის გზა ჰქვია. ის სურათი ისევ მკვეთრად გახსოვთ?

– ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩემს მშობლიურ მხარეში ომს თუ ვნახავდი, ზღვაში მოტივტივე ცხედრებს თუ ვიხილავდი. ვერც იმას წარმოვიდგენდი, ადამიანებს შორისაც თუ ისეთივე დაგლეჯილი ურთიერთობები იქნებოდა, როგორიც მაშინ ჩემი ქალაქის ქუჩები და შენობები იყო.

უღელტეხილის გზას როცა დავადექი, თავში ბიბლიური ეპიზოდები მიტრიალებდა. არ ვიცოდით, სად მივდიოდით, რადგან იქ არასოდეს გაგველო. ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის გზა. ომში ერთ-ერთი აფეთქებისას ფეხი დამიზიანდა, ამიტომ მთაში ხელჯოხით ნელ-ნელა მივდიოდი. ამან გადამარჩინა, მთამ დაცდა იცის, ზოგიერთმა თავიდანვე სწრაფი ნაბიჯით იარა და ბოლომდე სიარული ვეღარ შეძლო. მთაში სიარული უნდა იცოდე, რომ გადარჩე.

რაც იქ ხდებოდა, თვალწინ კადრებად მიდგას. დღისითაც მივდიოდით და ღამითაც. არასოდეს დამავიწყდება ერთი მოხუცი ქალი, რომელიც ლოდზე იყო გადაწოლილი და შველას ითხოვდა. ადამიანებს ლოგიკური აზროვნების უნარი დაკარგული ჰქონდათ. აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. ომი ავკაცების არის. ზოგი ადამიანებს თავს ესხმოდა და ძარცვავდა, იარაღის გამო მოკლულიც მინახავს… ასე რომ, უღელტეხილი ჩემთვის ერთი ცხოვრებიდან მეორე ცხოვრებაში გადასვლა იყო.

– ალბათ იმ გზაზე ყველაზე კარგად დაინახეთ ადამიანების როგორც მანკიერი მხარე, ასევე ღირსებები. ასეთ დროს ხომ ადამიანების ბუნება შიშვლდება.

– ნამდვილად ასე იყო, ბევრი ღირსეულიც ვნახე და ბევრი უღირსიც. არასოდეს დამავიწყდება ადგილობრივი მცხოვრებნი, ორი ოჯახი, რომლებსაც სახლში თუ რამ ჰქონდათ, ყველაფერი დევნილებს მისცეს. იმ ადამიანებმა, რომლებიც მშვიდობის დროს ლომგულნი მეგონენ, იქ სრულიად სხვა ბუნება გამოაჩინეს. ვაჟკაცობა სწორედ იმათ გამოიჩინეს, რომლებიც ყოველთვის კუთხეში ჩუმად ისხდნენ.

ომი რენტგენია, ადამიანებს თავიანთი ნამდვილი ბუნებით წარმოაჩენს, თითქოს ყველას სარკეში გვახედებს. ზუსტად ვიცი, ექსტრემალურ სიტუაციაში ვისთან ერთად უნდა ვიარო.

– თქვენს ნაწარმოებებში აფხაზეთის და ქართველების მეგობრობიდან ისეთი მაგალითები მოგყავთ, რომლებიც გულგრილს არავის ტოვებს. დიდი წვლილი მიგიძღვით იმაში, რომ ქართველებს აფხაზების მიმართ სიძულვილი არა აქვთ და ამდენი უბედურების შემდეგაც მათ სიყვარულზე, მათთან დაბრუნებაზე ლაპარაკობენ.

– ჩემთვის არანაკლებ მშობლიურია აფხაზი საზოგადოება. ეს ომი არ უნდა ყოფილიყო. ჩემ თვალწინ მოხდა ასეთი ამბავი: აფხაზი და ქართველი მეგობრები ომის დაწყების წინ ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ. აფხაზები გუდაუთისკენ გავიდნენ, რადგან ჩვენ დიდძალი ჯარით მივადექით. აფხაზმა ქართველ მეგობარს უთხრა, მე ჩემი ხალხის გვერდით უნდა დავდგე, ალბათ შენ შენს ხალხთან დადგები, ამიტომ ჩემს ჯავშანჟილეტს შენ გაჩუქებ, რომ ჩემმა ნასროლმა ტყვიამ არ მოგკლასო.

კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით: ჩემი გაზრდილი ბიჭი იყო, თენგიზ ვადაქარია. მხატვარი იყო, არც მიწის იყო და არც ცის, ომის დროსაც ხატავდა. მეზობელი ჰყავდა, აფხაზი ვოვა, რომელსაც ომის პერიოდში პატრონობდა, უვლიდა, მოროდიორებისგან იცავდა.

ომს ერთი ცუდი თვისება აქვს – პირველ ხაზზე ყოველთვის ვაჟკაცები იბრძვიან, უკან კი ავკაცები მოსდევენ. როცა სოხუმი დაეცა, პირველად წინა ხაზზე მებრძოლი აფხაზები შევიდნენ ქალაქში. ვოვამ თენგიზზე უთხრა, ეს ჩემი მეგობარიაო. მათაც უპასუხეს, როგორც შენ გიცავდა, მაშინ შენც ისე მოეპყარიო და არაფერი დაუშავეს.

სამი დღის შემდეგ ვოვას ავკაცები მიადგნენ. ვოვამ მათაც უთხრა, რომ მისი მეგობარი იყო და ხელი არ ეხლოთ, მაგრამ თენგიზი დასახვრეტად მაინც გაიყვანეს. ვოვა თენგიზს წინ აეფარა, არ მოგაკვლევინებთო. თვითმხილველებმა მითხრეს, ვოვა ნახევარი საათის განმავლობაში თენგიზს გააფთრებით იცავდაო. ბოლოს უთქვამს, ჯერ მე მესროლეთ და მერე ამასო. თურმე ნახევარი მჭიდი ჯერ ვოვას დააცალეს, მერე – თენგიზს. ორი მეგობარი ერთდროულად დახვრიტეს.

სწორედ ასეთი მაგალითები მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ჩვენ ოდესმე აუცილებლად ვიქნებით ერთად. არასოდეს მოხდება, რომ აფხაზმა და ქართველმა ერთმანეთი დაკარგონ, ჩვენ აფხაზეთსაც დავიბრუნებთ და აფხაზებსაც. ,,დევნილთა უღელტეხილი” 1996 წელს რუსულად ითარგმნა და აფხაზეთშიც წაიკითხეს. ჭრილობაზე ბალახს რომ დაიფენ და მოიშუშებ, მერე ფიქრობ, ნეტა, ჩემი მეგობარი, რომელიც მეორე მხარეს დარჩა, როგორ არისო. ლიტერატურა მაძლევს იმის საშუალებას, რომ მათ ველაპარაკო.

– ცხოვრების ხელახლა დაწყება გამოგივიდათ?

– მაშინ მთელი საქართველო ახალ ცხოვრებას იწყებდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე. ყველა დარწმუნებული ვიყავით და ახლაც მჯერა, რომ ეს დროებითი დაშორებაა. ჩემი ქალაქიდან დღესაც არ ვარ გამოსული. ჩემი ნაწარმოებებით ისევ იქ ვარ. ბევრი სირთულე იყო. ჩემს ბევრ მეგობარს გული გაუსკდა და მეც ეს მომივიდოდა, მაგრამ ჩემმა ხელობამ, მწერლობამ მიხსნა. დავიწყე წიგნის წერა, რომელსაც ,,სოხუმში დაბრუნება” დავარქვი. ამან გადამარჩინა. მერე ბევრი მეუბნებოდა, რომ ამ წიგნმა მათაც ჩაუსახა იმედი.

– როცა ლტოლვილი დაგერქვათ, ამ სტატუსს როგორ შეეჩვიეთ?

– თბილისში რომ ჩამოვედით, ამბობდნენ, ლტოლვილები მოდიანო და ვეჩვეოდით ნელ-ნელა ამ ახალ სტატუსს, რომ ლტოლვილი ხარ, რომ სახლი, სასაფლაო იქ დატოვე და იქ იოლად ვეღარ ჩახვალ. ორად გაყოფილი საქართველოს უბედურება იყო მაშინ, რომ ვიღაც წერდა, ლტოლვილები შევარდნაძისტები არიან, რადგან იქ მიტინგებს ატარებდნენ და მას იცავდნენო. იყო შემთხვევა, პურის რიგში ბევრმა ლტოლვილმა რომ მოიყარა თავი, კაცი ღრიალებდა, ეს ლტოლვილები ზვიადისტები და საზიზღრები არიანო. ლტოლვილების არსებობა ჩვენი უბედურების ნიშანია.

– როგორ გრძელდება აფხაზ მეგობრებთან ურთიერთობა?

– ამ ურთიერთობაზე ომმა ვერ გაიმარჯვა. ვინც ჭეშმარიტი მეგობარი იყო, დარჩა. რამდენი აქ მიმიღია, იქითაც ჩავსულვართ. მასმედიამ კიდევ არ იცის, რა დიდი მისვლა-მოსვლაა ქართველებსა და აფხაზებს შორის. არც არის საჭირო ყველაფრის აფიშირება.