,,სარკე”, ირინე მჭედლიძე
მსახიობ ლია კაპანაძეს რთული ბედისა და ხასიათის ქალების თამაში ხშირად უხდებოდა, რომლებიც შინაგანი ბრძოლით, ვნებებით იყვნენ სავსე. თავად მისი ცხოვრებაც არ იყო მარტივი, თუმცა, ბევრი იმედგაცრუებისა და ტკივილის მიუხედავად, თავს მაინც ბედნიერ ქალად მიიჩნევს, რადგან ბედმა უდიდესი სიყვარული არგუნა. იგი მსახიობ დოდო აბაშიძის უკანასკნელი სიყვარული იყო.
ლია კაპანაძის ოჯახის ყველა წევრი თეატრისა და კინოს მოყვარული იყო. საღამოობით დეიდა ზღაპრებს უყვებოდა და გოგონა ზღაპრის გმირებს ასახიერებდა. კითხვა უყვარდა, მაგრამ ბეჯითი მოსწავლე არ იყო. ერთ დღეს მასთან დეიდა მივიდა და უთხრა, თეატრალური ინსტიტუტი მიღებას აცხადებს, შენი საქმე მსახიობობაა, წადი და ჩააბარე, თორემ სხვაგან ვერ მოხვდებიო.
შესარჩევი ტურები კარგად გაიარა. ქართული წერის გამოცდაზე კი სამი თემიდან არც ერთი იცოდა. სამაგიეროდ ,,შპარგალკა” ჰქონდა. ხელში მოიმარჯვა და უცებ, გვერდზე რომ მიიხედა, დაინახა, ბავშვები როგორი გაფაციცებით წერდნენ. იფიქრა, სპეციალობებში მაღალი ნიშნები მივიღე, ამ თემასაც თუ გადავიწერ, მოვხვდები, ეს ბავშვები კი ჩემ გამო ვერ ჩაირიცხებიანო. გადაწერას თავი დაანება და გამოცდა დატოვა. თურმე კითხულობდნენ, ის გოგონა ასე რატომ მოიქცაო. მეორე წელს კი დამსახურებულად ჩაირიცხა.
პირველი დიდი წარმატება რუსთაველის თეატრში ხვდა წილად სპექტაკლით ,,ოიდიპოს მეფე”, რომელსაც თეატრსა და კინოში ბევრი როლი მოჰყვა. ერთმა ფრანგმა რეჟისორმა როცა ლია კაპანაძის შესრულებული ერთ-ერთი როლი ნახა, თქვა, ეს არის ნამდვილი კინოო. და ერთხელაც გამოჩნდა ფილმი, რომელმაც მის კარიერაშიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და ცხოვრებაშიც. ეს იყო მერაბ კოკოჩაშვილის “დიდი, მწვანე ველი”. ყველაზე დიდი სიყვარული სწორედ ამ ფილმზე მუშაობისას ეწვია. ეს დოდო აბაშიძე გახლდათ.
ერთ დღეს თეატრში მისულს ბარათი დახვდა, სადაც ეწერა, რომ 2 საათზე გადამღები ჯგუფის ოთახში ელოდებოდნენ. მას ,,დიდი, მწვანე ველის” სცენარი მისცეს, რომელსაც მერაბ კოკოჩაშვილი იღებდა. ფოტოსინჯები იმავე დღეს გადაუღეს და სახლში სცენარიც გაატანეს. მისი წაკითხვის შემდეგ მიხვდა, რომ ფილმის გმირის, პირიმზეს, როლი მისი იყო, მის შინაგან სამყაროს კარგად გადმოსცემდა.
– ჩემი პერსონაჟის სულში დიდი ბრძოლები მიდის. შინაგანი ბრძოლა აქვს ქმართან, საზოგადოებასთან. ჩემი აზრით, პირიმზე პროგრესული ადამიანია, რომელიც რეალურ ყოფას გაურბის, საზოგადოება კი მის შებოჭვას ცდილობს. ასეთი ქალის როლის თამაში, რა თქმა უნდა, მინდოდა. ამიტომაც ვითამაშე კარგად და თამამად, – მოუყვა მსახიობი ,,სარკეს”.
როლზე თითქმის დამტკიცებული იყო, როცა გამოუცხადეს, რომ პირიმზეს სხვა ითამაშებდა. ერთ დღეს შემთხვევით ქუჩაში რეჟისორს შეხვდა და პირდაპირ მიახალა, ფილმზე რატომ არ დამამტკიცეთ, ეკრანზე დაშტამპული სახეების ცქერა როგორ არ მოგწყინდათო. როცა რეჟისორმა ფილმის მხატვარ დიმა ერისთავს სინჯები აჩვენა, მან უთხრა, ასეთი ქალი გყავს ეკრანზე და სხვას რატომ ეძებო. ასე გადაწყდა, რომ პირიმზეს როლს ლია კაპანაძე შეასრულებდა. პირველი გადაღებები მანგლისში შედგა.
– ამბობენ, სიყვარულსა მალვა უნდაო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. სიყვარულში თუ სხვაც არ გითანაგრძნობს და მალავ, ის უფერულდება. სიყვარული თეატრივითაა. სცენაზე მდგარი ორი ადამიანის ზეაწეულ გრძნობებს მაყურებელი უნდა ჰყავდეს. მთელი გადასაღები ჯგუფი ერთმანეთთან ვმეგობრობდით. ჩვენი ურთიერთობები გულწრფელი იყო, ამიტომ ჩემი და დოდოს სიყვარულიც არ იყო დამალული. ყველა გვითანაგრძნობდა…
ამბობენ, დოდო გულუბრყვილო იყოო, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ის ყველაფერს კარგად ხვდებოდა. საოცარი ადამიანი იყო. ადამიანები უყვარდა და მათ ყველანაირად ეხმარებოდა. დოდო ყველაზე ტრაგიკული მაშინ იყო, როცა მეუღლეს გაშორდა. თავის ტკივილს არავის აჩვენებდა, ამიტომ ეგონა ყველას ხალისიანი.
თავიდან მე და დოდო ვმეგობრობდით. როგორც ახლობელ ადამიანს, ისე ვუყურებდი. არ მიფიქრია, რომ ერთმანეთს ასე დავუახლოვდებოდით. რატომღაც ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა.
დოდო ყველაფერს ლამაზად აკეთებდა, ისე მოქცევა მხოლოდ მას შეეძლო. ერთხელ გორიდან ჩამოვიდა. თეთრი პერანგი ეცვა. პერანგის ბოლო აწეული ჰქონდა და შიგ ალუბლები ეყარა. ჩემთან მოვიდა, პერანგის ბოლო გაშალა და ალუბლები მაგიდაზე დაყარა… მასავით სიყვარული არავის შეეძლო.
ჩვენი ურთიერთობა ია-ვარდით მოფენილი არ იყო. ერთხელ ბათუმში რაღაც ფესტივალი ტარდებოდა. მაშინ ჩვენ შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. ჩემ გვერდით იყო, მაგრამ თავს მაინც მარტო ვგრძნობდი. ერთ დილას პლაჟზე მივდიოდი. დოდოს ნაცნობი მამაკაცი შემხვდა, რომელიც მასთან ერთად იყო ბათუმში ჩამოსული. მან ხელი ხელში წამავლო და მითხრა: ,,შენ ვინ ხარ!.. ,,ციმბირელ პაპას” რომ იღებდა დოდო, მეც იქ ვიყავი, ,,სიბირიაჩკები” მასზე გიჟდებოდნენ, ნომერში უცვივდებოდნენ, შენ კი რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. დოდო ამბობს, ცოლი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ლია რომ მიყვარს, ისე ქალი არ მყვარებიაო”.
მეორე დღეს რესტორანში დოდომ დიდ სუფრასთან ჩემი, როგორც საუკეთესო დედის, მსახიობის, პიროვნების და ბრწყინვალე ქალის სადღეგრძელო დალია, მერე კი ულამაზესი ვარდების დიდი თაიგული მომართვა…
დოდოს უკანასკნელად ,,ფესვების” გადაღების წინ შევხვდი. პარიზში მიდიოდნენ. სტუდიასთან მანქანა ელოდა, საიდანაც აეროპორტში უნდა წასულიყო. დოდოს გვერდით ჩავუარე, მაგრამ არ მივესალმე. ზურგშექცევით დავდექი და გოგონებს ველაპარაკებოდი. დოდო ხმამაღლა ლაპარაკობდა. ჩემი ყურადღების მიქცევა სურდა. რეჟისორი გუგული მგელაძე ეხვეწებოდა, წამოდი, გვაგვიანდებაო, ის კი არ მიდიოდა.
ჩვევა მქონდა, როგორც უნდა ვყოფილიყავი მასზე გაბრაზებული, როცა შემხვდებოდა, მაინც გადავეხვეოდი ხოლმე. იმ დღეს კი ისე წავიდა, არც მივესალმე. არადა დოდო ელოდა, რომ მისკენ მივტრიალდებოდი… ჩემს სიჯიუტეს ახლა ძალიან ვნანობ. სიყვარულის შესანარჩუნებლად დათმობებზე უნდა წავსულიყავი. მაშინ არ ვიცოდი, თუ ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა. დოდო მალე გარდაიცვალა. ესეც ბედია, რომ ჩვენი ქორწინება არ შედგა. ალბათ უფალს ასე უნდოდა.
ფოტოზე კადრი ფილმიდან ,,დიდი მწვანე ველი”

