,,პირველი ჯვრისწერა ჭეშმარიტია, მეორე – მოძღვრისგან შენდობილი, მესამე – უსჯულო, მეოთხე კი – ღორის წუმპეში ჩავარდნილი” – როდის და როგორ შეიძლება ჯვრის ახსნა

,,პირველი ჯვრისწერა ჭეშმარიტია, მეორე - მოძღვრისგან შენდობილი, მესამე - უსჯულო, მეოთხე კი - ღორის წუმპეში ჩავარდნილი" - როდის და როგორ შეიძლება ჯვრის ახსნა,,სარკე”

ქრისტიანული რწმენით, უფლის შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი ჯვრისწერაა. მის გარეშე ცოლქმრულ ურთიერთობას ეკლესია მრუშობად მიიჩნევს. ჯვარდაწერილი ოჯახი კი ღვთივკურთხეულია, მას უფალი ლოცავს და მფარველობს.

ქრისტიანული წესის მიხედვით, ჯვრისწერამდე წყვილის შემზადება უნდა მოხდეს – იმარხულონ, ეზიარონ, დაიწინდონ. ჯვრისწერა ქალსა და მამაკაცს ერთმანეთთან სამუდამოდ ადუღაბებს. მეუღლეთა ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა ერთგულებაა. ოჯახის დამრღვევი კი სიწმინდის შემბღალავად ითვლება, რაც უდიდესი ცოდვაა. როცა ოჯახში ღალატს აქვს ადგილი და ცოლ-ქმარს ერთმანეთთან ცხოვრება აღარ სურს, ეკლესია მათ ჯვარს დაუბრკოლებლად ხსნის.

ჯვრის ახსნა სხვა შემთხვევაშიც ხდება, როცა მეუღლეთაგან ერთ-ერთს აღარ სურს მეორესთან ცხოვრება. ამ შემთხვევაში სასულიერო პირი მათ ჯერ შერიგებისკენ, ერთმანეთის გაგებისკენ მოუწოდებს და უფლის წინაშე დადებულ ერთგულების ფიცს ახსენებს. როცა მოძღვრის რჩევა-დარიგებაც არ იძლევა შედეგს, ეკლესია მათაც ხსნის ჯვარს და ერთმანეთის მეუღლეობისგან ათავისუფლებს. ჯვრისწერის რიტუალი ერთი და იმავე ადამიანისათვის სამჯერ შეიძლება ჩატარდეს.

თბილისის 9 ყრმა კოლაელის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი მამა გურამი განმარტავს, რომ დიდი საეკლესიო მამა, გრიგოლ ღვთისმეტყველი, პირველ ქორწინებას უფლის მიერ კურთხეულად მიიჩნევდა, მეორეს – წინამძღვრის შენდობით ქორწინებას უწოდებდა, მესამეს – უსჯულო ქორწინებას, მეოთხე ქორწინებას კი ღორის წუმპეში ჩავარდნილ ადამიანს ადარებდა.

კიდევ ერთი დიდი მღვდელმთავრის, ბასილი დიდის თქმით კი, სჯულის კანონით, მეორედ ქორწინების შემდგომ ადამიანი 3 წელი უზიარებელი უნდა იყოს. მესამედ ქორწინებისას – ხუთი წელი და ამ პერიოდში სიწმინდეებიდან მხოლოდ სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღების უფლება აქვს. მისი თქმით, ასეთი ქორწინება შეგინებული, უსჯულო და ქრისტიანული წესიდან გადასულია. რაც შეეხება მეოთხედ ქორწინებას, ბასილი დიდი მას სჯულის უარყოფად მიიჩნევს და ამბობს, რომ ასეთ წყვილს დედობისა და მამობის უფლებაც კი არ აქვთ.

,,სარკე” მამა გურამს ჯვრისწერის  საიდუმლოსა და ჯვრის ახსნის წესებზე ესაუბრა.

– ჯვრისწერისთვის წყვილი წინასწარ უნდა მოემზადოს?

– მართლმადიდებელი ქრისტიანი ყველა მარხვას უნდა ინახავდეს. ვინც ასე არ იქცევა, ჯვრისწერამდე მაინც უნდა დაიცვას ეს წესი. ჯვრისწერისთვის ასევე აუცილებელია მშობლებისა და მოძღვრის თანხმობა და ლოცვა-კურთხევა. ამის შემდეგ ხდება წყვილის დაწინდვა. კომუნისტების პერიოდში დაწინდვის წესი ნიშნობასთან იქნა გაიგივებული. მომავალი მეუღლის ოჯახი საპატარძლოს ოქროს სამკაულებს ჩუქნიდა, რის შემდეგაც ისინი საცოლედ და საქმროდ იწოდებოდნენ.

დაწინდვა ჯვრისწერამდე გარკვეული პერიოდით ადრე უნდა მოხდეს. იგი მარხვას არ უნდა დაემთხვას. მარხვის დროს ჯვრისწერაც არ შეიძლება. ბოლო პერიოდში დაწინდვის ტრადიცია აღდგა.

– დაწინდვის რიტუალი რას გულისხმობს?

– არსებობს დაწინდვის ლოცვები, რომლებსაც სასულიერო პირი მომავალ მეუღლეებს უკითხავს. ისინი დაწინდვისას ტაძარში მეჯვარეებთან ერთად უნდა მივიდნენ. ლოცვების წაკითხვის შემდეგ ორივეს ბეჭდები უკეთდებათ და გარკვეული პერიოდი ეძლევათ, რათა სრულყოფილად გააცნობიერონ, რა არის ქრისტიანული ოჯახი, რას ავალდებულებთ იგი.

წყვილმა მთელი ცხოვრება ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით უნდა იცხოვროს, ყველაზე დიდი მესაიდუმლენი და მეგობრები უნდა იყვნენ და ა.შ. შეიძლება ქალმა და მამაკაცმა ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ ჯვრისწერა აღარ მოისურვოს.

ყოფილა შემთხვევები, რომ ისინი ერთმანეთს დაწინდვიდან ჯვრისწერამდე დაცილებიან. ასეთი საქციელი ცოდვად არ ეთვლებათ. ბეჭდებს ერთმანეთს დაუბრუნებენ და ამით დასრულდება მათი ურთიერთობა, მაგრამ როცა ჯვრისწერის შემდეგ წყვილი ერთმანეთთან დაშორებას გადაწყვეტს, ეს უდიდესი ცოდვაა. პირველ რიგში, იგი სიწმინდის შეურაცხყოფად მიიჩნევა.

– რამდენჯერ აქვს ჯვრისწერის და ჯვრის ახსნის უფლება ქრისტიან ადამიანს?

– პირველი ქორწინება უდიდესი ქრისტიანული საიდუმლოა, ამიტომ იგი საზეიმოდ სრულდება. მეორედ ქორწინება და ჯვრისწერა იძულებითი მდგომარეობიდან მომდინარეობს. მეორე ჯვრისწერის რიტუალის შესრულებისას მღვდელი მათ გვირგვინებს არ ადგამს და რიტუალიც შედარებით ხანმოკლეა. ის ადამიანები, რომლებიც მეორედ იწერენ ჯვარს, სჯულის კანონის მიხედვით, სამი წელი უზიარებლობით ისჯებიან. მესამე ჯვრისწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ პიროვნებას წინა ორი მეუღლე გარდაეცვალა. სხვა შემთხვევაში ეკლესია მესამედ ჯვარს არ სწერს. მესამე ჯვრისწერის რიტუალი კიდევ უფრო ხანმოკლეა.

– დაბრკოლებების გარეშე რა შემთხვევაში ხდება ჯვრის ახსნა?

– უპრობლემოდ, მოკლე პერიოდში ჯვრის ახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ღალატი მოხდა. სხვა შემთხვევაში კი მოძღვარი მოსაფიქრებლად გარკვეულ პერიოდს აძლევს წყვილს და თავადაც ცდილობს, დაეხმაროს ცოლ-ქმარს, საერთო ენა გამონახონ და ოჯახი არ დაანგრიონ. თუ მოძღვარი მიხვდა, რომ ჯვრის ახსნა გარდაუვალია, იგი შუამდგომლობით მიმართავს ეპარქიის ქორეპისკოპოსს, ვინც უშუალოდ უნდა მოახდინოს ჯვრის ახსნა. ჯვრისწერის საიდუმლოს აღვლენა ყველა მოძღვარს უდიდეს სიხარულს ანიჭებს, ჯვრის ახსნაზე კი იქამდე იკავებენ თავს, სადამდეც ეს შესაძლებელია.

მოძღვარი ქორეპისკოპოსს უხსნის იმ მიზეზებს, რომლებმაც ოჯახი დანგრევამდე მიიყვანა. ზოგჯერ ჯვრის ახსნის მსურველები ათას რამეს იმიზეზებენ, რათა ეკლესიამ უარი არ უთხრათ. ურცხვად აცხადებენ, რომ სხვა შეუყვარდათ ან მეუღლე სათანადოდ არ ექცეოდათ და ა.შ. საცოდავია ის ადამიანი, ვინც, სხვადასხვა ნეტარებას აყოლილი, ოჯახს ანგრევს. ასეთმა პიროვნებამ მთელი ცხოვრება სინანულში უნდა გაატაროს, რათა ღმერთმა აპატიოს და შეუნდოს.

– თუ მეუღლეთაგან ერთ-ერთი ჯვრის ახსნაზე თანახმა არაა, ქორეპისკოპოსი როგორ იქცევა?

– როცა ერთ-ერთი მეუღლე ჯვრის ახსნაზე თანახმა არაა, ეს პროცესი გარკვეული პერიოდი ჩერდება. ჯვრის ახსნაზე ცოლმაც და ქმარმაც სიტყვიერი ან წერილობითი თანხმობა უნდა განაცხადონ. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ცოლი ან ქმარი თანხმობას იმიტომ არ იძლევა, რომ შურისძიება სურს. ასეთ დროს მოძღვარი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას და ჯვრის ახსნა მეორე ნახევრის თანხმობის გარეშე ხდება. ჯვრის ახსნისას ქორეპისკოპოსი წყვილს სპეციალურ ლოცვას უკითხავს. მას შეიძლება ერთ-ერთი მეუღლე არ დაესწროს, მაგრამ მაინც ითვლება, რომ მათ ჯვარი ახსნილი აქვთ და ერთმანეთისგან თავისუფალნი არიან.

სჯულის კანონით, ჯვრის ახსნის შემდეგ მოძღვარი განქორწინებულ წყვილს საეკლესიო სასჯელს ადებს. სასჯელის სიმძიმე ცოდვის ხარისხსა და მოძღვრის შეფასებაზეა დამოკიდებული.

ჯვრის ახსნისას ეკლესია შვილების მდგომარეობასაც ითვალისწინებს. მართალია, მივიჩნევთ, რომ ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს ისეთ ოჯახში, სადაც ცოლ-ქმარი მუდმივად ჩხუბობს და დაძაბული ურთიერთობა აქვს, მაგრამ მისთვის ისიც დიდი ტრავმაა, როცა ხედავს, რომ სხვას ორივე მშობელი ჰყავს, პატრონობენ, თავად კი ამ ბედნიერებას მოკლებულია. ასეთი ბავშვი არასრულფასოვანი იზრდება, ამიტომაც მშობლებმა საკუთარი ინტერესების გამო შვილი არ უნდა გაწირონ.

არის შემთხვევები, როცა წყვილს ერთად ცხოვრებაში პრობლემები აქვს, მაგრამ, მოძღვრის რჩევით, ცდილობენ, შვილებს ბედნიერი ცხოვრება შეუნარჩუნონ და ოჯახის დანგრევისგან თავს იკავებენ. ოჯახის შენარჩუნებაზე ზრუნვა და შვილების გამო თავგანწირვა დიდი გმირობაა და ეკლესიური საქციელია.