,,მთელი ჩემი ფინანსები ამ კედლებშია ჩადებული” – როგორ დასახლდა გიორგი ფხაკაძე ისტორიულ შენობაში ბიძინა ივანიშვილის მეზობლად

,,მთელი ჩემი ფინანსები ამ კედლებშია ჩადებული" - როგორ დასახლდა გიორგი ფხაკაძე ისტორიულ შენობაში ბიძინა ივანიშვილის მეზობლად,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, ძველ თბილისში უზარმაზარ სახლში ცხოვრობს, ქვედა ბეთლემის ტაძრის გვერდით. სახლს ტაძართან საერთო კედელი აქვს, ზემოდან ქართლის დედის ქანდაკება დაჰყურებს და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ეზოს მიმდებარედაა.

მდიდრული საცხოვრებელი, რომელიც სავსეა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი უძველესი ქანდაკებებითა და ნივთებით, მუზეუმს ჰგავს. მისი პატრონი ,,სარკესთან” ამბობს, რომ ეს მისი ოცნების სახლია და შენობის ისტორიას გვიყვება:

– ეს სახლი იყო კომუნალური საცხოვრებელი, სადაც 23 ოჯახი და სულ 110 ადამიანი ცხოვრობდა. დაახლოებით 20 წლის წინ აქ ერთი ოთახი ვიყიდე, მერე მეორე, მესამე და ასე მოვედი აქამდე. ზოგი მილიონს ითხოვდა – ივანიშვილთან ახლოს ვცხოვრობ და ჩემი ბინა მილიონი ღირსო. ძალიან რთული იყო მოლაპარაკებების პროცესი. ზოგს ბინა ვუყიდე, ზოგს ფული მივეცი…

ამ სახლს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ეს იყო სომეხი თავადის, ბებუთოვის, რეზიდენცია. წესივით იყო, რომ ყველა თავადის სახლს პატარა სამლოცველოც ჰქონოდა. თავის დროზე, სადაც ახლა ბეთლემის ეკლესიაა, პატარა სამრეკლო ყოფილა.

მერე ყველაფერი შეიცვალა და ბოლოს, როდესაც ჩვენ გავხდით რუსეთის იმპერიის ნაწილი, ბებუთოვები გადავიდნენ პეტერბურგში და ეს სახლი, რომელიც მათი რეზიდენცია იყო, დიდი მონასტერი გახდა.

– რაც შეეხება ამ უცნაურ ნივთებს, რომლებითაც სავსეა სახლი, სად და როგორ შეაგროვეთ ისინი?

– მე მიყვარს ორი ძველებური სტილი. ეს არის არტდეკო, რომელიც მოდის საფრანგეთიდან, მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან და მეორეა ამპირის სტილი.

ნივთები, რომლებსაც აქ ხედავთ, სხვადასხვა ქვეყნიდან მაქვს ჩამოტანილი. მე ხომ ბევრ ქვეყანაში ვმოგზაურობდი და ვმუშაობდი, როგორც დიპლომატი. ვმუშაობდი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მქონდა საშუალება, შემეძინა ისეთი ნივთები, რომლებსაც ჩვეულებრივი ტურისტი ვერ იყიდდა.

– იაგუარის ბეწვიანი მაგიდის გადასაფარებელიც ძველია?

– დიახ. ეს არის 1920 წლის ნამუშევარი. მაშინ მოდაში იყო იაგუარის ბეწვი. ასე რომ, ძველია და მე დანაშაული არ ჩამიდენია ცხოველების წინაშე. 1920 წელს ვიღაცამ დაახლოებით 10 იაგუარი დახოცა და ეს გააკეთა.

– სახლს თავდაპირველი სტილი შენარჩუნებული აქვს თუ გადააკეთეთ რამე?

– მხოლოდ რესტავრაცია აქვს ჩატარებული და ისეთი კი არა, აქვე თბილისის მერიამ რომ მე-16 საუკუნის მარანი დაანგრია, მე ზუსტად ისე აღვადგინე, როგორიც იყო და ჩემთვის სასურველ სტილში მოვაწყვე. ჩემი მოგზაურობების მთელი ისტორიაა აქ თავმოყრილი. ხალხი რომ მოგზაურობს, აგროვებს მაგნიტებს და მე ვაგროვებ, აი, ამას.

ამ სახლისთვის არაფერი მენანება. ეს ფაქტობრივად ისტორიული მონუმენტია, რომელიც დანგრევას გადავარჩინე. წლების შემდეგ, როცა აღარ ვიქნები დედამიწაზე, ეს სახლი დარჩება ამ ქალაქს. მე რომ აქ პირველად შემოვედი, ნახევრად დანგრეული, განადგურებული შენობა იყო. მე რომ არ დამეწყო რესტავრაცია, ახლა ეს სახლი ამ სტილში აღარ იქნებოდა. იქნებოდა ისეთივე, როგორიც 50 მეტრის დაშორებით მდგარი შენობებია, სადაც განადგურებულია პირვანდელი სახე. ამ უბანში ავთენტური შენობა ფიზიკურად აღარ არის.

რთულია ასეთის შენარჩუნება, რადგან ხმარობ მხოლოდ ქართულ აგურს, კირს, ხეს… მთელი ჩემი ფინანსები ამ კედლებშია ჩადებული. ძველი შევინარჩუნე, რადგან ვფიქრობ, როდესაც ძველი ინგრევა, აგური უნდა გამოიღო, გაწმინდო, კირით შეავსო და ისევ თავის ადგილას დადო. ჩვენი მთავრობა რას აკეთებს? დაანგრევენ, ბლოკით ააშენებენ ახალს და მერე აკეთებენ ვითომ ძველებური სტილით. შეხედეთ, არც ერთი კედელი არ არის სწორი. ეს არის ავთენტურობა.

-თქვენს მეზობელ ივანიშვილების ოჯახთან როგორი მეზობლობა გაქვთ?

– მე, პირადად, ბატონ ივანიშვილს არ ვიცნობ და მასზე ვერაფერს ვიტყვი. არასოდეს ვსაუბრობ იმაზე, ვისაც არ ვიცნობ.

– ივანიშვილს ხომ ყველა ვიცნობთ მისი საქმეებით, ქვეყანაში არსებული სიტუაცის მიხედვით…

– ერთი ძველი გამოთქმაა, მოსახლეობას ჰყავს ისეთი მეფე, როგორიც ხალხიაო, ანუ მეფე არის ხალხის ანარეკლი. ჩვენ ეს მოგვწონს თუ არა, ეს არის ფაქტი. ქვეყანაში ყველაფერი პოლიტიზირებულია. აქ ვიღაცისტი უნდა იყო.

– არ გიცდიათ, მეზობელი გაგეცნოთ ქუთაისელ კაცს?

– ქუთაისში რომ ყოფილიყო მსგავსი სიტუაცია, გავიცნობდი კი არა, მის “კუხნაში” ვიქნებოდი 24 საათი, მაგრამ თბილისში ერთ სადარბაზოში მცხოვრებ მეზობლებს არ იცნობენ. ეს არის თბილისელობის ამბავი, თორემ, აბა, ქუთაისში ყოფილიყო, თუ არ დავუკაკუნებდი!