,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
უნიჭიერესი თაზო ჯოჯუა ასკანაში მამიდასთან და ბიძასთან იზრდება. 16 წლის არის, მაგრამ, როგორც კი ხმას ამოიღებს, გგონია, რომ ბევრად დიდ ადამიანს ელაპარაკები, რომელიც ყველაფერში გარკვეულია და ისეთ პროექტებს უდგას სათავეში, მასზე გაცილებით უფროსებსაც რომ უჭირთ გარკვევა. 9 თვის იყო, როცა სახე დაეწვა. წლის და სამი თვის ასაკში მისი გაზრდა მამიდამ ითავა, რადგან, როგორც ამბობს, მშობლებს ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ უნდოდათ.
თაზო, რომელიც იმის ნათელი მაგალითია, რომ მთავარი მონდომებაა და ყველა პრობლემა დაიძლევა, თავის თავგადასავალსა და დღევანდელ ყოფაზე ,,სარკეს” მოუყვა.
თაზო ჯოჯუა:ჩემი ბავშვობა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ჯერ ერთი, საინტერესო ხალხია გურულები და მათთან ურთიერთობაც. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ გურული, ამ საზოგადოების ნაწილი გავხდი. ჩემი საინტერესო ცხოვრება სწორედ ბევრი საინტერესო ადამიანის დამსახურებაა.
დღეს მე გურიაში რომ ვიზრდები, მამიდის და ბიძის დამსახურებაა. ისინი ჩემს ცხოვრებაში არიან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებმაც ჩემი არსებობაც განაპირობეს და ჩემი ცხოვრება საინტერესო გახადეს.
მათთან ვიზრდები წლისა და სამი თვის ასაკიდან სხვადასხვა პრობლემების გამო. ჩემთვის ბიძა და მამიდა კი არ არიან, არამედ, როგორც დედა და მამა.
– მშობლებთან რატომ არ ცხოვრობთ?
– 9 თვის ვიყავი, როდესაც სახეზე ტრავმა, კერძოდ, დამწვრობა მივიღე. ისე მოხდა, რომ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს არ შეეძლოთ ჩემი გაზრდა, ამიტომ ეს პასუხისმგებლობა ბიძამ და მამიდამ აიღეს და მიმიღეს, როგორც მესამე შვილი.
– სახეზე ტრავმამ განაპირობა, რომ მშობლებთან არ იზრდებით?
– არა, თუმცა ეს მათთვის დამატებითი საზრუნავი გახდა და უფრო მეტად ზრდიდა მათ პასუხისმგებლობას, რომლის აღებაც არ შეეძლოთ.
-ასეთი დამწვრობა როგორ მიიღეთ?
– ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. რაღაც ვიცი გადმოცემით, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სიმართლეა და ამიტომ არ ვისაუბრებ.
– საზოგადოების დამოკიდებულება როგორია ასეთ დროს და თავად რამდენად განიცდით? 21-ე საუკუნეში მსგავსი დაზიანებები, მგონი, თანამედროვე მედიცინისთვის მოგვარებადია და განცდაც, შესაბამისად, არ უნდა იყოს მძაფრი, არა?
– ჩემი ტრავმა დისკომფორტი იყო, განსაკუთრებით ბავშვობაში, მაგრამ ახლა საერთოდ მომეხსნა ეს კომპლექსი. პატარაობაში ხალხი მაჩერებდა და ამბობდა, უი, საცოდავიო, მე კი თავს სულაც არ ვთვლიდი საცოდავად, ამიტომ მათი კომენტარები მიკვირდა და მწყინდა. შეკითხვები, რომლებიც თითქოს ნუგეშისცემის მიზნით მოდიოდა, ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელი იყო.
რაც შეეხება თანამედროვე მედიცინის მიღწევებს, ბავშვობაში რამდენჯერმე მაქვს გაკეთებული ოპერაცია, ხოლო ოპერაცია, რომელმაც საბოლოო შედეგი უნდა მოიტანოს, უნდა გაკეთდეს ზრდის გარდამტეხი ასაკის, 18 წლის შემდეგ და სასურველია, ეს ჩატარდეს უცხოეთში. საქართველოში მცდელობა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ…
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში’

