,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
დაახლოებით ორი წლის წინ, 2020 წლის ივნისის ბოლოს, მთელმა საქართველომ ერთი პატარა ბიჭი, წლინახევრის ალექსი პატურაშვილი, დაიტირა. ბავშვს ღვიძლზე სიმსივნე ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერც ქართველმა და ვერც უცხოელმა ექიმებმა შეძლეს.
ალექსის მამა ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტი, ბექა პატურაშვილია, დედა – ნატალი ღვედაშვილი… ტრაგედიიდან ორ წელზე ცოტა მეტი გავიდა და საზოგადოებამ შეიტყო, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორებია. ამის შესახებ ახლახხან თავად ნატალიმ დაწერა სოციალურ ქსელში და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
,,ეს ადამიანი ადგა და წავიდა ჩემი ცხოვრებიდან ჩვენი ალექსის გარდაცვალების მეორე დღეს, უბრალოდ ორი კვირით წავალ და მარტო ვიქნები, დავისვენებო. ალექსი რომ გარდაიცვალა, მე ჯერ ისევ აგონიაში ვიყავი… ჩუმად ვუყურებდი, როგორ გადიოდა სახლიდან ჩალაგებული ჩანთით, სადარბაზოსთან დავჯექი მარტო კიბეებზე და იმ დღის მეტი არაფერი მახსოვს, თუმცა მის ზურგს, ჩანთას და იმას, თუ როგორ მიდის უკანმოუხედავად, ორი წლის განმავლობაში ყოველღამე ვხედავდი სიზმარში გამოწერილივით… მას შემდეგ აღარ მინახავს. ცოტა დრო გავიდა და სმს შეტყობინებით მომწერა, აღარ მოვალო…
მოვიდა ალექსის მე-9 დღე და პანაშვიდი უნდა გადამეხადა, ვიფიქრე საფლავზე მაინც ერთად წავალთ-მეთქი, მივწერე და – ვმუშაობ ვერ მოვალო. დახმარება მჭირდება შენი-მეთქი და აღარ მიპასუხა. ზოგჯერ თუ მიპასუხებდა, შენს თავს შენ მიხედეო.
ბავშვის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში წავიდა ზღვაზე დასასვენებლად. მოვიდა ალექსის ორმოცი და არ მოვიდა, მე წავედი ახლობლებთან ერთად, ის დღეც კარგად არ მახსოვს, უბრალოდ ვიცი, რომ ჯოჯოხეთური იყო. მერე დაბლოკა ნომერი, გათიშა ყველაფერი და დაიწყო ჩემი არსების სრული იგნორი. ამ დროს ტელევიზიით ვხედავდი, რომ სულ მუშაობდა…
დაახლოებით ორი-სამი თვე ოთახში ვიწექი პარალიზებული, ჩემი ტვინი ერთი წამით არ წყვეტდა ფიქრს ალექსზე და მასზე, ზოგჯერ საუბრის უნარი არ მქონდა, არ მეძინა უამრავი წამლის ფონზე კი… ცოტა ხნით თუ გავითიშებოდი, სულ მათ ვხედავდი სიზმარში, გაღვიძებისთანავე მტკიოდა მთელი ჩემი არსება, რომ ისევ ამ ჯოჯოხეთურ რეალობაში ვიღვიძებდი და ვნატრობდი, გავმქრალიყავი. არ მჯეროდა, რომ ეს მართლა მოხდა… ზოგჯერ ტელეფონს ვუყურებდი საათობით, მეგონა, რომ აი, ახლა კი დამირეკავს, რატომ უნდა დამბლოკოს ადამიანმა, რომელიც სულ მეუბნებოდა, რომ მთელი მისი ცხოვრების აზრი ვარ, არსი, სუნთქვა, ცხოვრება, სამყარო და ა.შ. მეც მეგონა, რომ ამ ადამიანის იქით ცხოვრება არ არსებობდა, თვალდახუჭული ვენდობოდი პატარა ბავშვივით…
ისე ჰგავდა ალექსი მას, მისი ასლი იყო და მეგონა, მას თუ ვნახავდი, ალექსისაც ვნახავდი, ალექსის ნაწილს შევეხებოდი… ერთხელ ბლოკი მოხსნა და ეს რომ ვნახე, კანკალით მივწერე, ერთხელ მაინც მოდი, გნახავ, არანაირი კამათი და გარჩევა, უბრალოდ გნახავ, ალექსისნაირი თვალები გაქვს და მხოლოდ ერთხელ ჩაგეხუტები-მეთქი, თან ბაიას სოსკა მას აქვს და იმასაც ვნახავდი, ეს სასიცოცხლოდ მჭირდებოდა, მაგრამ არა, მალევე ისევ დამბლოკა…
ეს ჩემთვის ორმაგი ტრაგედია იყო, ორმაგი სასიკვდილო დარტყმა. ეს იყო ზურგში ტყვია, საკონტროლო გასროლა. არსებობს ღალატის სხვადასხვა ფორმა და დონეები, მაგრამ მიატოვო შვილმკვდარი დედა – ღალატის უკიდურესი ფორმაა, ყველაზე მახინჯი ფორმა… ეს იგივეა, ბრძოლის ველზე შენი მეწყვილე დატოვო დაჭრილი, მაგრამ ჯერ ისევ ცოცხალი… ადამიანები ცხოველს ან მცენარესაც არ დატოვებენ მარტო სახლში. მან შუბლში მესროლა საკონტროლო გასროლა და ვეღარ ამოვისუნთქე, არ დამაცადა, რომ ცოტა გონს მოვსულიყავი, ცოტათი ფეხზე დავმდგარიყავი… ერთდროულად დავკარგე დედის და მეუღლის სტატუსი…
ამ ამბების შემდეგ მალევე განმივითარდა აუტოიმუნური დაავადება სტრესის ფონზე და უწყვეტად მიწევს მედიკამენტებზე ყოფნა”, – დაწერა ნატალია ღვედაშვილმა.
…
ალექსის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ბექა პატურაშვილი ,,სარკესთან’‘ ყვებოდა:
,,ვთვლი, რომ არაჩვეულებრივი გოგო შემხვდა და მე აღმოვაჩინე… ჩემი ადამიანი ვიპოვე და ბევრი კითხვის ნიშანი აღარც დამისვამს თავისთვის. ძალიან ფერადი და ლამაზი მოგონებები გვაქვს… ძალიან ემპათიური და კეთილშობილია ბუნებით. როცა რაიმე ტრაგედია ხდება, ვეუბნები, არ ჩართო ტელევიზორი-მეთქი, რადგან ძალიან განიცდის ყველაფერს. ვარიდებ ცუდ ინფორმაციებს…”.
ნატალი კი შვილის გარდაცვალების შემდეგ ,,სარკესთან” იხსენებდა:
,,მითხრა, რომ როგორც კი ჩემი ფოტო დაინახა, მაშინვე შევუყვარდი… აეროპორტში კარი რომ გაიღო და დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი იყავი და ვხვდებოდი, რომ ჩემთან იქნებოდიო…
ყველაფერი ძალიან ლამაზად დაიწყო და ასეთ ტრაგედიას არც ერთი ველოდით. ჯერ კიდევ ვერ მივხვდი ამ ამბავს, მაგრამ ალბათ მომავალში უფრო კარგი ამბები გველის. ჩვენს ტრაგედიას ხშირად გადავყავარ ისეთ მდგომარეობაში, რომ ვფიქრობ, ახლა რაღაც მომივა-მეთქი, მაგრამ მერე ისევ ვდგები და არც ის ვიცი, ამდენი ძალა საიდან მაქვს. ვფიქრობ, მხოლოდ სიყვარულშია ხსნა და ერთმანეთის მხარდაჭერაში”.
…
ნატალი ღვედაშვილის წერილს დიდი და არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა, საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. ,,სარკე” დაუკავშირდა ბექა პატურაშვილს, მაგრამ მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. როგორ მდგომარეობაშია დღეს ნატალი ღვედაშვილი, მოიკრიბა თუ არა სასიცოცხლო ძალები და გამოჩნდა თუ არა მის ცხოვრებაში სინათლის სხივი უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, ამაზე თავად გვიამბობს.
ნატალი ღვედაშვილი: ისევ ძალიან ცუდად ვარ. აუტოიმუნური დაავადება მაქვს, რომელიც სტრესის ფონზე განვითარდა. ახლა უფრო მიჭირს, რაც ამ ყველაფრის შესახებ საჯაროდ დავწერე, მაგრამ იმდენი დამიგროვდა, აუცილებლად უნდა მეთქვა…
– თქვენმა ამბავმა, რა თქმა უნდა, აღშფოთება გამოიწვია, თუმცა ამ ყველაფერს შეიძლება ერთი ახსნა მოეძებნოს – ყველა სხვადასხვაგვარად განვიცდით, გამოვხატავთ და ვებრძვით სულიერ ტკივილს, ვინ როგორ მოიქცევა მსგავს სიტუაციაში, არავინ იცის, ისე როგორც თქვენ არ იცით, ბექა როგორ ებრძვის მწუხარებას.
– რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური თავდაცვა შეიძლება დავარქვათ, თუმცა ჩვენ არ გვისაუბრია ამის შესახებ და არ ვიცი, ეს რა იყო. მე თავად მჭირდებოდა, გამემართლებინა როგორმე. ხან მეცოდებოდა, ხან რა ვიფიქრე და ხან – რა, მაგრამ მაინც ვერ გავამართლე. არაფრით მართლდება ასეთი სიტუაცია. ვინც ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანია, ყველა მიხვდება, რომ ეს არ არის ნორმალური ქცევა. შეიძლება პირველი ორი კვირა თუ ერთი თვე რომ შოკშია ადამიანი, ის გაიქცეს, მაგრამ მერე ხომ გადის შოკის მდგომარეობა, აანალიზებ და ფიქრობ ყველაფერზე…
მეორე დღიდანვე ჩართვებზე იდგა საკმაოდ ენერგიულად. მესმის, რომ ეს თავის გადასარჩენად სჭირდებოდა, მაგრამ, როცა იცი, მეორე ადამიანი შენზე უფრო სუსტად არის და არც არაფერი აქვს გადარჩენისთვის, დატოვო ასეთ დროს… არის რაღაც, რაც არც ფსიქოლოგიით იხსნება და არც სხვა რამით.
სხვა იმდენი დეტალი იყო, როგორ ვიყავი, რა ხდებოდა… იმასაც კადრულობს, ადამიანებს ეუბნება, რომ მე ვერ ვარ კარგად და, სამწუხაროდ, შეიძლება ბევრი დააჯეროს.
– ალექსის გარდაცვალებამდე როგორი იყო თქვენი ურთიერთობა? ისიც დაიწერა, მანამდეც გაშორებულები იყვნენო…
– არა, არ ვიყავით გაშორებულები. დიდი სიყვარულით შევქმენით ოჯახი. კამათი და გაუგებრობა ყველგან არის. ბავშვი რომ ცუდად გახდა, მაშინ კი ყველა დაძაბულები და განერვიულებულები ვიყავით. როგორი ურთიერთობაც უნდა გვქონოდა, მაინც არ მართლდება, რომ შვილის ორმოცზე არ მიხვიდე.
ვემუდარებოდი, რომ ერთხელ მაინც გვესაუბრა, მაგრამ მე ამაზე პასუხსაც არ მცემდა, თავის წრეში ამბობდა, ვილაპარაკეთ და ყველაფერი გაირკვაო. ერთმა მისმა მეგობარმა მითხრა, ვუთხარი, მოვალ, გნახავო და მიპასუხა, მე სახლიდან წავედი და არ მიხვიდე, არ ნახოო. ვერ ვიგებდი, რატომ აკეთებდა ამას. ვეკითხებოდი, რა დაგიშავე, ის მაინც მითხარი-მეთქი.
– ბავშვის გარდაცვალებაში ხომ არ გადანაშაულებდათ?
– არც ეგ ვიცი. რას ფიქრობდა, ნამდვილად არ ვიცი, რადგან ჩემთვის მაგაზეც არაფერი უთქვამს. ქალი რომ წავიდეს და ასეთ უსუსურ მდგომარეობაში დატოვოს კაცი, ესეც კი არ არის გამართლებული.
– როგორც ჩანს, ბექა ძალიან გიყვარდათ.
– რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარდა. ძალიან ახლობელი რომაა, შენი შვილის მამაა და ყველაზე მნიშვნელოვანი არსებაა შენთვის, მისი მხარდაჭერა ასეთი დანაკარგის დროს უმნიშვნელოვანესია. მან კი ყველანაირად წამშალა თავისი ცხოვრებიდან, თითქოს არც ვარსებობდი. ეს კი ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც შენი ყველაზე ახლობელი ადამიანი იგნორირებას გიკეთებს და თან შენთვის ყველაზე ჯოჯოხეთურ მომენტში.
არ ვამბობ, რომ მას არ ეტკინა და არ განიცადა, არასერიოზული ვიქნები, ეს რომ დავიჯერო, მაგრამ ეს იყო ღალატის ყველაზე მახინჯი ფორმა. ორივე ერთად დავკარგე და ჰაერში გამოკიდებული დავრჩი.
ეს იყო მართლაც რომ მენტალური მკვლელობა, მხოლოდ ფიზიკურად კი არ კლავ ადამიანს. ეს რადგან კანონით არ ისჯება, ამიტომ გადავწყვიტე, ასე დამეწერა. სხვა გზა არ დამიტოვა… ძალიან მაწვებოდა ემოციები, მაწუხებდა ეს უსამართლობა. გასაქანი არ მომცა ამ მარწუხებმა და მინდოდა, ამომეთქვა. კი არ მინდა, ხალხმა გადაუაროს და შუაზე გაგლიჯონ, მინდოდა, ახლა მაინც აეხსნა რამე. არასოდეს მოუბოდიშებია ჩემი მიტოვებისთვის, ერთი “მაპატიე” არ უთქვამს.
– ფსიქოლოგიურად სხვა დროსაც უძალადია?
– როდესაც ვკამათობდით, ვატყობდი, რომ მაგ დროს ძალიან სასტიკი ხდებოდა. არ მინდოდა დაჯერება… როცა გიყვარს ადამიანი, არ გინდა, მისი ცუდი მხარეები დაინახო, თუმცა ცუდი და უარყოფითი მხარეები ყველას გვაქვს, მათ შორის – მეც. რა მიზეზიც უნდა დავასახელოთ, ასეთ დროს ასეთი რამის გაკეთება არ აიხსნება არაფრით. გადიხარ, მუშაობ და ამ დროს იცი, რომ სადღაც წევს ადამიანი, ვინც შენზე იყო დამოკიდებული და კვდება, ვერ დგება ფეხზე…
– თქვენ გვერდით ვინ იყო ამ მძიმე პერიოდში?
– მშობლები, ახლო ნათესავები და მეგობრები. ისინი ხედავდნენ, როგორი ჯოჯოხეთი გამოვიარე. ყველა წუთი წამება იყო ჩემთვის. მოძრაობაც კი მიჭირდა, გათიშული ვიწექი. ის რომ ჩემთან ყოფილიყო, შეიძლებოდა ასეთი წამება არ გამომევლო.
– იქნებ სხვისი სიყვარული გახდა მიზეზი?
– ამას ბევრი მეუბნება, მაგრამ სხვა ქალიც რომ ყოფილიყო, ასეთ დროს, ადამიანური მორალიდან გამომდინარე, მაინც არ უნდა მოიქცე ასე. მსგავს სიტუაციაში მტერიც კი მოვა და გვერდით დაგიდგება.
– დაწერეთ, ვუყურებდი, როგორ მიდიოდა სახლიდანო… ვისი სახლიდან წავიდა, თქვენთან ცხოვრობდა?
– ჩემმა მშობლებმა მიყიდეს და ის ჩვენი ბინა იყო… არავინ უსვამდა ხაზს, ვისი ნაყიდი იყო, ჩვენი სახლი ერქვა.
– ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ არ შეგეხმიანენ მისი მშობლები თუ სხვა ახლობლები?
– მამა არ ჰყავს, დედა საზღვარგარეთ არის… ერთი-ორი მისი კოლეგა შემეხმიანა. სხვები კი იცავენ… ჩემი პოსტი ბევრმა საიტმა წაიღო, მაგრამ ააღებინეს. როგორც ჩანს, „ზემოდან“ დაარეკინეს, წაშალეთ ეს ამბავი, არ არის მართალიო. ვინც არ მიცნობს, დააჯერა, რომ ვერ ვარ კარგად. დაიცვან, მე არავის არაფერს ვუშავებ. უბრალოდ, ვთქვი სიმართლე.
მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ასეთი რამ არავინ გააკეთოს მომავალში – არც ქალმა, არც კაცმა. ასეთი სასიკვდილო ჭრილობა არავის უნდა მიაყენო. აუცილებელია, ასეთ ამბავზე ხმამაღლა ვისაუბროთ.
– რამდენად სერიოზულია თქვენი დაავადება?
– ჯერ არ ვიცი. როგორც მეუბნებიან, მთავარია, პროგრესირება არ განიცადოს. მედიკამენტებს ვიღებ და რადგან საწყისი ფორმაა, შეიძლება შედეგი დადგეს, მაგრამ, როდესაც სტრესში ვარ, უფრო მწვავდება და ვსუსტდები.
– ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ხართ, ცხოვრება აუცილებლად უნდა გააგრძელოთ უკეთესის მოლოდინში. უნდა წამოდგეთ და ლამაზად იცხოვროთ!
– მენტალურად ისე დავბერდი, ვეღარ ვხედავ, როგორი ვარ… ძალიან ძნელია ასეთი ტრაგედიების შემდეგ ფეხზე წამოდგომა და იმაზე ფიქრი, რომ ცხოვრება გრძელდება. ტყვიას რომ გესვრიან და დაგჭრიან, ფსიქიკაზეც ასეა – ტყვიისმაგვარ ტრავმას იღებ და მერე ძალიან ძნელია გამკლავება. ეს იყო სიკვდილი და ღალატი ერთად.
ალექსის სახელზე საქველმოქმედო ჯგუფი გავაკეთე და ამაზე გადართვა ძალიან მშველის. სულ მინდა, ვინმესთვის რამე ვაკეთო ალექსის სახელით. მანამდეც ვეხმარებოდი ადამიანებს. ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ, მაგისტრატურაში ჩავაბარე და რამდენადაც მყოფნის რესურსი, ვმუშაობ და ვსწავლობ. ვცდილობ, ავდგე და გადავრჩე და ეს ურთულესი ამბავია. საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ ადამიანური სახე შევინარჩუნო.
იცით, როგორ მაინტერესებს, რას ფიქრობს იმაზე, რაც გამიკეთა? სხვებისგან ვიცი, რომ ამბობს, მე არაფერში ვარ დამნაშავეო და მე მაბრალებს, თითქოს მე ვაიძულე, ასე მოქცეულიყო. მეც კი არ მჯერა, რასაც ვყვები, არ მჯერა, რომ ეს ჩემი ისტორიაა.
