ის, რაზეც ონკოპაციენტების მშობლები და მათი გულშემატკივრები დიდი ხანია, ლაპარაკობენ და იბრძვიან, დღეს ოფიციალურად დადასტურდა – იაშვილის კლინიკამ პაციენტების მიღება შეწყვიტა ,,ინფექციის კონტროლის არარსებობის გამო”.,,რეგულირების სააგენტომ დაასკვნა, რომ კლინიკაში დარღვეული იყო ინფექციის კონტროლის მექანიზმები, ანუ ჩვენს ენაზე რასაც არ წერენ, ვირთხების, ქვეწარმავლების და ბაქტერიები/ვირუსების ბუდე არის. იმაზე საშინელი ვირთხები ხართ, ვიდრე მანდ, ქიმიის გადასხმის პროცესში ბავშვებს რომ დაურბიან.
მიდით, ახლაც გამაჩუმეთ! გამითიშეთ კომენტარები. პირველივე გადასხმაზე ბავშვი კრიტიკულად რომ გიმძიმდებათ ანტისანიტარიის გამო! მერე გაუმართავი აპარატურის გამო ვერ ასტაბილურებთ. ბავშვს გადასხმის პროცესში ჭერი რომ დაემხო თავზე!! ფანჯრები რომ ცვივა პანტა- პუნტით!!! რატომ აქამდე არაფერი ქენით ესეც კიბოს ბრალი ხომ არ არის? ეს ხომ ადამიანობაა!!!
თქვენი მთავარი ექიმი ონკოჰემატოლოგიურში ამ დროს რას აკეთებს?
,,რავი, კიბო შენ შვილს აქვსო ” _ მისი საფირმო ფრაზა კარგად გაიხსენეთ! რამდენჯერ უთქვამს ასეთი სიტყვები! კარგად გაიხსენეთ წამხალისებელმაც და ხელის დამფარებელმაც! მალე ბევრი სხვა რაღაცაც გაირკვევა. გულგრილობა ისჯება კანონით!
რა ვქნა, თუ ზოგ-ზოგიერთი ხიბლში მყოფი ფანატიკოსივით ყველაფერს უფლის ნებას ვერ ვაბრალებ! ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ამას ადამიანური გულგრილობა ჰქვია! თქვენ კი მშობლებს იმას აწვეთებთ, რომ თქვენი არაადამიანობა ვითომ ღმერთის ნებაა. მოდი, შენ ადამიანი იყავი ,შენი მაქსიმუმი პირნათლად შეასრულე და რასაც ვერ უშველი, ეგ უსამართლობა შენი ბრალი აღარ იქნება! ღმერთიც ჩვენთან ერთად იტანჯება, თქვენ რომ გიყურებთ! ყველა იმ ბავშვისთვის აგებთ კანონის წინაშე პასუხს, ვისაც თუნდაც ვერ შველოდით, მაგრამ ტკბილი სიტყვა და თბილი ადგილი დაგენანათ… არც ერთი საქმე, არც ერთი სამედიცინო შეცდომა, არც ერთი ,,ბოროტება”, არც ერთი პაციენტის ცრემლი, არ დაიკარგება…” – მიმართავს იაშვილის კლინიკას ანნა სააკაძე, რომელიც დიდი ხანია, ამ პრობლემების შესახებ საუბრობს.
კლინიკის დროებით დახურვას ადასტურებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. მისი თქმით, არსებული პაციენტების სხვა კლინიკებში გადაყვანასთან დაკავშირებით კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან დღეს შედგება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე.
დღემდე თუ რა ჯოჯოხეთურ გზას გადიან ბავშვები, რომელთაც ხშირად უკანასკნელი თეთრებით ეხმარება საზოგადოება, მარიამ მითაიშვილის ამ წერილით გაეცანით, რომელიც სარკენიუსზე რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა.
