ანი ტყებუჩავა: ,,ჩვენს ოჯახში არ დგას საკითხი, რომ აუცილებლად ბიჭი უნდა გაჩნდეს”

ანი ტყებუჩავა: ,,ჩვენს ოჯახში არ დგას საკითხი, რომ აუცილებლად ბიჭი უნდა გაჩნდეს",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებები დასრულებულია და პერსპექტივაც გაურკვეველია. ასეთი სიტუაცია სერიალის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მსახიობის, ანი ტყებუჩავასთვის უცხო არ არის. ის მიჩვეულია, რომ ,,ჩცდ”-ის არსებობის ისტორიაში მსგავსი კრიზისები ხშირად ყოფილა და გამოსავალიც მოძებნილა, მაგრამ ახლა ვითარება მაინც უფრო რთულადაა.

თავისი პერსონაჟის, ნინას, ცხოვრების მიღმა ანი ტყებუჩავა ქმართან და ორ ქალიშვილთან ერთად 9-წლიანი ოჯახის უღელს ეწევა და თუ რა ეტაპი უდგათ ახლა მათ, მსახიობმა ამის შესახებ ,,სარკესთან” ისაუბრა.

– რა წითელი ხაზები არსებობს თქვენთვის ოჯახურ ურთიერთობაში, რომელთა დარღვევასაც არასოდეს აპატიებთ ქმარს?

– ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ხაზია, როდესაც ოჯახში სიყვარული აღარ არის. ასეთ დროს ორივე ადამიანი ძალიან ცოდოა. სანამ არსებობს შანსი, რომ სიყვარული გადაარჩინო, ყველაფერი უნდა გააკეთო. როდესაც ოჯახში აღარ არის ერთმანეთზე ზრუნვა და მეგობრობა, იქ უკვე სხვა რაღაცები ჩნდება.

იყო თქვენს ოჯახში ეტაპი, როდესაც კრიზისი გქონდათ და ის გადალახეთ?

-მე და ჩემი ქმარი ძალიან ღიად და კარგად ვმუშაობთ ნებისმიერ პრობლემაზე. კარგი პარტნიორები ვართ და შეგვიძლია, კარგად ვისაუბროთ. სულ გვესმის, რომ ქორწინების მეორე, მეოთხე, მეშვიდე წლები კრიზისულია. ჩვენ კი უკვე 9 წელია ერთად ვართ და კრიზისამდე მართლა არასოდეს მივსულვართ. ორივეს დატვირთული, ჩვენი დამოუკიდებელი ცხოვრება გვაქვს და საქმე და სამსახური ოჯახში არ შემოგვაქვს.

– ბავშვებთან მიმართებაშიც ერთნაირი ხედვა გაქვთ?

– კი, ხედვა ერთი გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ ხედვაში განსხვავებული ნიუანსებიცაა, ეს შეიძლება, მაგალითად, სწავლას ეხებოდეს, მაგრამ ძირითადად ვთანხმდებით. ერთმანეთს შეცდომების დაშვების უფლებასაც ვაძლევთ, იმიტომ, რომ ზრდასრული ადამიანები ვართ.

– ოჯახში, სამი ქალის გარემოცვაში, თქვენი მეუღლე თავს დაჩაგრულად არ გრძნობს? ბიჭის ყოლას არ მოითხოვს?

– არა, პირიქით, ძალიან კარგად გრძნობს თავს. გოგოები რაც იზრდებიან, უფრო მზრუნველები ხდებიან მამის მიმართ და უფრო ანებივრებენ. ჩვენს ოჯახში არ დგას საკითხი, რომ ბიჭი უნდა გაჩნდეს აუცილებლად, ჩვენ ბედნიერები ვართ ამ შემადგენლობით, რაც გვაქვს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”