,,სარკე”
,,დაფნა რად გვინდა, გავეხვიოთ ციხის სუროში და რომ მოვკვდებით, მოვთავსდებით ერთად კუბოში”, – ეს სტრიქონები გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე პოეტმა სიმონ ჩიქოვანმა საყვარელ ქალს, მარიკა ელიავას მიუძღვნა. ეს სიტყვები ახდა, როცა პოეტის ქვრივმა სიკვდილის წინ ქმრის გვერდით დაკრძალვა ითხოვა.
სიყვარული, რომელიც ლეგენდად იქცა, ამქვეყნად 30 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. სიმონ ჩიქოვანი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარიკა ელიავამ კი, რომელსაც უკურნებელი სენი სჭირდა, საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მკურნალობა შეწყვიტა – მისთვის სიცოცხლემ აზრი დაკარგა.
მათი ცხოვრებისა და სიყვარულის ისტორიას პოეტი და ლიტერატურის მკვლევარი შარლოტა კვანტალიანი ,,სარკეს” უამბობს.
დედით ობლობა
სიმონ ჩიქოვანი 1903 წელს აბაშის რაიონში, სოფელ ნაესაკოვოში დაიბადა. რთული და ტკივილიანი ბავშვობა ჰქონდა. დედამისი მასზე მშობიარობას გადაჰყვა. ძიძა და ბებია ზრდიდნენ. ბებია ქართული მწერლობით იყო გატაცებული და მასზე შვილიშვილს ბევრს ესაუბრებოდა.
სიმონის მამა მეურნეობას მისდევდა. შემდეგ მეორე ცოლი შეირთო. ბიჭს დედინაცვალი ძალიან უყვარდა და კარგი ურთიერთობაც ჰქონდათ. რამდენიმე წლის მერე მისი ოჯახი აბაშიდან ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად. გიმნაზიაც იქ დაამთავრა. ეს ის ცნობილი გიმნაზია იყო, რომელიც დაამთავრეს ტიციან ტაბიძემ, პაოლო იაშვილმა, ზაქარია ფალიაშვილმა და ბევრმა სხვა გამოჩენილმა ქართველმა. იმ პერიოდში ქუთაისი კულტურისა და ხელოვნების ერთგვარი მექა იყო. იქიდან წამოსულმა პოეტებმა, მხატვრებმა, კომპოზიტორებმა გამოკვებეს თბილისი და ნამდვილ ქართულ ქალაქად აქციეს.
უდიპლომო პოეტი
ქუთაისში სწავლისას სიმონს ძალიან უჭირდა. ამის გამო ზაფხულობით სოფელში მიწას ამუშავებდა და მეზობლის ბავშვებს ამზადებდა. ასე შეაგროვა ფული სწავლის გასაგრძელებლად. თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ ლექციები არ მოეწონა და პირველ კურსზევე თავი დაანება. მას შემდეგ აღარასდროს უსწავლია და არც დიპლომი აუღია, თუმცა დღე და ღამე კითხულობდა, უზომოდ განათლებული ადამიანი გახლდათ. კარგად იცოდა რუსული ენა, ასევე ფლობდა მეგრულ ხალხურ პოეზიას, რაც შემდეგ მის ფუტურისტულ ლექსებშიც გამოჩნდა.
ფუტურისტების მიზანი იყო, რომ ქართული ლექსი გაეკეთილშობილებინათ და მრავალფეროვანი გაეხადათ. მათთვის მთავარი იყო მარტივი და გასაგები ენით დაწერილი ლექსი, რომლის ერთი სიტყვაც კი ემოციას გამოიწვევდა. ბგერათა უცნაურ კომპლექსებს მიმართავდნენ და ა.შ. საბოლოოდ ეს მცდელობა კრახით დამთავრდა. ექსპერიმენტული ხელოვნება იმ დონეზე დარჩა, რა დონემდეც მივიდა. და მაინც, ფუტურისტული ლექსები ძალიან საინტერესო იყო.
ვერიკოს “ცირა”
პოეტის ფუტურისტული პოეზიიდან ცნობილია ლექსი “ცირა”, რომელიც მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძეს მიუძღვნა. ცირა მეგრულად ახალგაზრდა ქალს ნიშნავს. ვერიკოს ეს ლექსი ძალიან უყვარდა და ლამაზად კითხულობდა.
ერთხელ სიმონისთვის ვიღაცას უთქვამს, შენ მოწყვეტილი ხარ ფესვებს, მშობლიურ პოეზიას და ეს “ცირა” საიდან მოდისო. ამ საუბარს ვერიკოც ესწრებოდა, მას უთქვამს, თუნდაც ბესიკისგან და დავით გურამიშვილისგან, ბესიკის “ტანო ტატანო” გაიხსენეთ და ეს ლექსიც ამ რიტმზეა აგებულიო. სხვათა შორის, გურამიშვილი სიმონის საყვარელი პოეტი იყო და მას პოემაც უძღვნა, რომელიც სტალინს ისე მოეწონა, რომ პრემიაც მისცა.
დაწუნებული ლექსები
სიმონმა პირველი პოეტური კრებული 1933 წელს გამოსცა, რომელშიც 1924-33 წლებში დაწერილი ლექსები შევიდა. ამ კრებულის ის ეგზემპლარი, რომელიც სიმონს ეკუთვნოდა, დღეს მე მაქვს, მისმა ნათესავებმა მაჩუქეს. ჩემთვის ძვირფასი საჩუქარია, რადგან წლების შემდეგ პოეტმა წიგნში თითოეული ლექსი ჩაასწორა. შეიძლება ითქვას, რომ თავისი ხელით ხელახლა დაწერა. ერთგან მიუწერია კიდეც, როცა ცოცხალი აღარ ვიქნები, ამ წიგნიდან ათ ლექსზე მეტი არ დაბეჭდოთო. საკუთარ პოეზიას აკრიტიკებდა ხოლმე. ერთ-ერთ ლექსში წერს: “მე ლექსის წერა ვისწავლე გვიან”. იმას გულისხმობდა, რომ, როგორც პოეტი, მოგვიანებით დაოსტატდა და ამას არც მალავდა.
საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ყველა სტრიქონს და შეეძლო რამდენჯერმე გადაესწორებინა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში კომუნიზმის ქებას ვერ ასცდებოდა. სიმონმა ასეთი შინაარსის ლექსებზე წლების შემდეგ უარი თქვა.
მთის არწივის მცველი
სიმონი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გახდა. რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევდა, მით მეტი მოშურნე ჰყავდა. ხშირად ჰქონდა “ცეკა”-სთან უსიამოვნებები. მათ დირექტივებსა და მითითებებს არ ასრულებდა. მაგალითად, ერთი პერიოდი კომუნისტური ელიტა ვაჟა ფშაველას ებრძოდა. მისი არც ენა მოსწონდათ და არც იდეოლოგია. მწერალთა კავშირს დაავალეს, რომ ვაჟა მათაც დაეგმოთ. სიმონს, მართალია, დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო, რომ ამ ყველაფრიდან სუფთა გამოსულიყო. ამისთვის რა აღარ გააკეთა. რამდენჯერმე ღონისძიება ჩაშალა, რომელიც პოეტის წინააღმდეგ იყო მიმართული. კომუნისტებმა სიმონ ჩიქოვანს ვაჟაზე ცუდი ვერაფრით ათქმევინეს.
მოდავეებიც ჰყავდა. მწერალთა კავშირის ზოგიერთ წევრს ეგონა, რომ მათი კეთილდღეობა, ხელფასი თუ პრემიები თავმჯდომარეზე იყო დამოკიდებული. ერთხანს ამის გამო უსიამოვნება გალაკტიონ ტაბიძესთანაც ჰქონდა, რომელსაც ეგონა, რომ სიმონი სახელმწიფო პრემიას არ აძლევდა. ამ საკითხს სტალინი წყვეტდა, ის კი გალაკტიონს როგორ მისცემდა პრემიას, როცა მისი მეუღლე, როგორც ხალხის მტერი, გადასახლებული ჰყავდა?!
ლამაზმანი დები
სიმონის მეუღლე მარიკა ელიავა გახლდათ. მას ორი უფროსი და ჰყავდა – სუსანა და ელისო. დები ელიავები თბილისში სილამაზით გამოირჩეოდნენ. ერთ დღეს სუსანა და მარიკა ქუჩაში მიდიოდნენ, როცა მათ სიმონი შეეჩეხათ. თურმე წინ გადაუდგა და დაჟინებით მიაჩერდა, რამაც გოგონები უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ასე გაგრძელდა რამდენჯერმე.
სიმონი მარიკას უკან დასდევდა. ერთხელ მის მეგობარ პოეტ კოლია ჩაჩავას უთქვამს, რას დასდევ ამ გოგოს, ვერ ხედავ, რა მატრაკვეცააო. მარიკა გამხდარი, გაფითრებული იყო, რადგან ფილტვების პრობლემა ჰქონდა. სიმონს მეგობრისთვის ასეთი სიტყვები უთქვამს: “მე ამ გოგოს თავს ვერ დავანებებ, რადგან მთელი ცხოვრება უკვე გაწერილი მაქვს მასთან ერთად. ყოველი დღე მაქვს დაგეგმილი, რომელიც მის გვერდით უნდა გავატარო. რაც უნდა მოხდეს, ის ჩემი გახდება”.
გიჟური სიყვარული
სიმონმა თავის საწადელს მიაღწია. ამისთვის დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ საყვარელი ქალის გული მოიგო და ცხოვრების თანამგზავრადაც გაიხადა. ერთხანს მშობლებს მარიკა ქობულეთში სამკურნალოდ ჰყავდათ წაყვანილი. ყოველ დილას სიმონი თავის მეგობარ ბესო ჟღენტთან ერთად მატარებელში ჯდებოდა და ქობულეთში მიდიოდა. საავადმყოფოში ვერ შედიოდა, მაგრამ სატრფოს ყვავილებს უგზავნიდა. ასე კარგა ხანი იდგნენ ეზოში და საღამოს მატარებელს უკან მოჰყვებოდნენ. ასე გაგიჟებით უყვარდა მარიკა და მის გამო ყველაფერზე მიდიოდა.
ელიავების ოჯახი წინააღმდეგი იყო, რომ სიმონი მათი სიძე გამხდარიყო. პოეტი უსახლკარო იყო და არაფერი გააჩნდა, მაგრამ დიდმა სიყვარულმა გაიმარჯვა.
მარიკამ და სიმონმა ცხოვრება ფაქტობრივად ნულიდან დაიწყეს. დაქორწინებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, უბინაობის გამო, მწერალთა კავშირში ცხოვრობდნენ. პოეტს იმდენად უჭირდა, რომ არ ჰქონდა ფეხსაცმელი, პალტო და ზამთარში თხელი სვიტერით დადიოდა. მასზე ხშირად ამბობდნენ, ეს კაცი გიჟია, ისევე როგორც ყველა ფუტურისტიო. სიმონი თურმე ხალხში თავს იმართლებდა, გიჟი კი არა, ღარიბი ვარ და ტანსაცმელი არ მაქვსო.
რამდენიმე ხნის შემდეგ გმირთა მოედანთან, ცნობილ 11 სართულიან კორპუსში, ბინა მიიღო და ცოტა ამოისუნთქა. მის ბინაში იკრიბებოდნენ ქართველი და არამარტო ქართველი პოეტები. სიმონს მეგობრობა აკავშირებდა რუს და უკრაინელ მწერლებთან. ძალიან ახლოს იყო ბორის პასტერნაკთან. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ პოეტ მიკოლა ბაჟანისთან. ასევე ახლოს იყო ნიკოლაი ზაბოლოცკისთან, ბელა ახმადულინასთან, ევგენი ევტუშენკოსთან და ვლადიმირ მაიაკოვსკისთან. ჩიქოვანის პოეზია რუსეთში პოპულარული იყო და ხშირად თარგმნიდნენ.
ერთადერთი მუზა
მარიკამ და სიმონმა მრავალი წელი იცხოვრეს ერთად შეხმატკბი-ლებულებმა და სიყვარული სიკვდილის ბოლო წუთამდე არ განელებიათ. მარიკა ერთხანს უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ სიმონმა არც მას დაამთავრებინა სწავლა. მეუღლის მსგავსად, ისიც ძალიან განათლებული იყო. მას შეეძლო ყოფილიყო უცხოელი პოეტების დობილი, მასპინძელი და თანამოსაუბრე. ყოველმხრივ საინტერესო ქალი გახლდათ. ყოველთვის გვერდით ედგა მეუღლეს. როგორც პოეტს, ძალიან აფასებდა.
სიმონს ცოლისგან დიდი ხელშეწყობა ჰქონდა. მისი მუზა და შთაგონების წყარო მარიკა იყო, სხვა მუზა არასოდეს ჰყოლია. მას უძღვნა კრებული „შინ შემოგაქვს ყვავილები”, სადაც მეუღლისადმი მიძღვნილი ულამაზესი ლექსებია შესული.
დამალული ტკივილი
მარიკას ფილტვის სიმსივნე დაემართა. მძიმე ავადმყოფად ითვლებოდა, როცა სიმონი დაბრმავდა. ქმარს გვერდიდან არ შორდებოდა. იჯდა და უკითხავდა ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს. სიმონი ლაპარაკობდა, მარიკა იწერდა. ის იქცა მეუღლის ხელებად, თვალებად, პატარა ბავშვივით უფრთხილდებოდა, ცდილობდა, მისი სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა.
ხალხს ზოგჯერ ეჭვიც კი ეპარებოდა, რომ პოეტს თვალში სინათლე აკლდა. სიმონი ცოლის დისშვილებს ავალებდა, რომ სტუმარს შორიდანვე დაკვირვებოდნენ, რა ფერის და როგორი ტანსაცმელი ეცვა. სახლში შემოსულთ სიმონი ეტყოდა, წითელი კაბა როგორ გიხდება ან რა ლამაზი საყურე გაქვსო და ისინი გაოცებულები რჩებოდნენ. ამიტომაც ამბობდნენ, სიმონი იტყუება, სინამდვილეში ყველაფერს ხედავსო. პოეტს არ უნდოდა, შესაბრალისი ყოფილიყო და თავის სიბრმავეს ნიღბავდა.
დაახლოებით 50 წლის ასაკში დიაბეტის გამო მხედველობა დააკლდა. ბოლო წლებში კი ფაქტობრივად ვერ ხედავდა, მაგრამ ამას, ოჯახის წევრების გარდა, არავის უმხელდა. ყველანაირად ცდილობდა, დაემალა და ამიტომ მარტო არსად დადიოდა. თანმხლებს ხელკავით მიჰყვებოდა და ვერავინ ხვდებოდა, თვალთ რომ აკლდა.
ერთხელ სიმონს ქუთაისში შეხვედრა მოუწყვეს. შემდეგ ბანკეტი გაიმართა, სადაც საკუთარი ლექსები წაიკითხა. თურმე იდგა, ფურცელი ეჭირა და ვითომ იქიდან კითხულობდა, ამ დროს ვერაფერს ხედავდა. უცებ სინათლე ჩაქრა. ის, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა და “კითხვა” გააგრძელა. გაკვირვებული ხალხი გაიტრუნა. სიმონმა იკითხა, რა ხდებაო. მაშინ კი ყველა მიხვდა, რომ პოეტს მხედველობა აღარ ჰქონდა.
შვილობილი
მარიკას მშობლები 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. დედ-მამა, ძმა, რძალი – ყველა გადაუსახლეს და პატარა ძმისშვილი უპატრონოდ დარჩა. ნიკა (ნიკოლოზი) მაშინ 5 წლის იყო და სიმონმა და მარიკამ იშვილეს. მათ შვილი არ ეყოლათ და ნიკა გაზარდეს ისე, როგორც საკუთარი შვილი, მათ დედას და მამას ეძახდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ნიკოლოზმა გადაწყვიტა, სიმონის გვარი მიეღო და ამით დაეფასებინა მისი ამაგი. ის შემდგომში ლიტერატორი და ჟურნალისტი გახლდათ. მამობილის შემოქმედებას და მის თითოეულ სტრიქონს პატრონობდა. ნიკოლოზს ცოლი არ შეურთავს, უშვილძირო წავიდა ამქვეყნიდან. სიმონის შემოქმედებას მარიკას დისშვილები ლიზიკო და ზურა დარჩნენ პატრონად.
ერთად მარადისობაში
სიმონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ მარიკამ ჩათვალა, რომ ცხოვრებაში თავისი მისია ამოწურა. მკურნალობა თვითნებურად შეწყვიტა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის აღარ უბრძოლია. დაახლოებით ორ წელში მისი მდგომარეობა გაუარესდა და გარდაიცვალა.
მარიკამ სიკვდილის წინ დაიბარა, რომ მისი ცხედარი ფერფლად ექციათ და მეუღლის საფლავზე მიმოებნიათ. იცოდა მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის უფლებას არ მისცემდნენ და ეს გზა არჩია, თუმცა არც ეს იყო ადვილი საქმე, მით უმეტეს, იმ დროში.
მარიკა რომ გარდაიცვალა, ნათესავებმა მისი ბოლო სურვილი შეასრულეს. მოსკოვში წაასვენეს და ცხედარს კრემაცია ჩაუტარეს. რუსმა პოეტებმა პანაშვიდი გადაუხადეს, დაიტირეს და მისი სულისთვის ილოცეს. შემდეგ ფერფლი სპეციალურ თუნუქის ყუთში მოათავსეს და თბილისში ჩამოიტანეს. ნაწილი სიმონის საფლავზე მოაბნიეს, ნაწილი – მის ფეხებთან ჩაფლეს. ასე ერთად გადავიდნენ ცოლ-ქმარი მარადისობაში.
კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიას თხოვნით მივმართე. ხელმოწერები შევაგროვე და იმდენს მივაღწიე, რომ მარიკას საფლავის ქვაზე წარწერა გაგვეკეთებინა. ისე გამოდიოდა, რომ მას საფლავი არ ჰქონდა. ახლა კი მთაწმინდაზე სიმონის საფლავის ქვის გვერდით მარიკას საფლავის ქვაც დევს.

