,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
პოეტი და მთარგმნელი, 34 წლის ნინო ნეკერიშვილი საწოლში გარდაცვლილი ნახეს. ტრაგედია, რომელიც 2018 წლის 4 ოქტომბრს დატრიალდა, დღემდე ტკივილად მოჰყვებათ მის ახლობლებსა და მეგობრებს.
ნინო ნეკერიშვილს საზოგადოება ნინა სტარკ-ნეკერის სახელით იცნობდა. მისი ცნობილი თარგმანებია: ჯონ ბოინის “ბიჭი ზოლიან პიჟამაში”, კასანდრა კლერის “მექანიკური პრინცესა”, “ზეციური ცეცხლის ქალაქი”… ნინო ნეკერიშვილის ლექსები შესულია რამდენიმე პოეტურ კრებულში.
საოცრად სევდიან ლექსებს წერდა. ყველა ამჩნევდა, რომ გულში დიდ დარდს ატარებდა, მაგრამ გარშემომყოფთათვის ის მუდამ მხიარული იყო.
თამუნა ნაცვლიშვილი სევდიანი ლექსების ავტორ მეგობარს “სარკესთან” იხსენებს:
– უზომოდ დადებითი, კეთილი, თბილი, მეგობრული, მოსიყვარულე და იუმორით სავსე პიროვნება იყო. ნეკერა სიყვარულს აფრქვევდა, ნამდვილი სიყვარულის “მატარებელი” იყო. ვინც ამ “მატარებელში” მოვხვდით, ყველა მადლობას ვუხდით მას, რომ მოგვცა უფლება, მასთან ერთად გვემოგზაურა.
უზომოდ გვაწყენინა და გვატკინა გული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას ეს არ უნდოდა. ამ უნიჭიერეს და უჭკვიანეს ოქროს გოგოს ბევრი გეგმა დარჩა განსახორციელებელი.
– რა ოცნებები გაჰყვა თან?
– მაგისტრატურა დაამთავრა, ძალიან ბედნიერი იყო. ყველა უყვარდა, მას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა. ნინას პანაშვიდზე მისული მისი, ერთმანეთისთვის უცხო მეგობრები ერთიმეორეს სიყვარულით ვხვდებოდით. ნინას მეშვეობით ერთმანეთზე ყველას გვქონდა წარმოდგენა შექმნილი. უყვარდა, რომ თავის მეგობრებს ერთმანეთთან აკავშირებდა.
– გამაოგნებელი იყო ასე უცებ გარდაცვალება. რა გახდა მიზეზი?
– როგორც ყოველთვის, მაგ დღესაც თავს კარგად გრძნობდა და რა მოხდა, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. ანგელოზი იყო და ღმერთს უნდოდა, თავისთან ჰყოლოდა. ჰოდა, წაიყვანა… “გვიყვარხარ, ნეკერ” – ყველასგან მხოლოდ ეს სიტყვები ისმის, მაგრამ მასზე უზომოდ ბევრი შეიძლება ითქვას.
– ოჯახში ვინ ჰყავდა?
– მშობლებთან და დაოჯახებულ ძმასთან ერთად ცხოვრობდა, რომლებიც ძალიან უყვარდა.
– საკმაოდ სევდიანი ლექსები აქვს. აწუხებდა რაიმე დარდი, სევდა? მოწყენილი უფრო იყო თუ მხიარული?
– მხიარული იყო, მიუხედავად მისი სევდიანი ლექსებისა. ცდილობდა, ყველა გაემხიარულებინა.
.,,
ისტორიკოსი ბუბა კუდავა ნინო ნეკერიშვილზე იხსენებს:
“ჩემი სტუდენტი იყო. შემდეგ მეგობარი, ნასტუდენტარი… სულ-სულ პირველი კადრი, რაც გონებამ შემოინახა, ჯერაც კარგად გაცნობამდე, ასეთი იყო:
უშველებელ აუდიტორიაში უამრავი სტუდენტი ზის. ტესტს ვაწერინებ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი თანაკურსელების იმედად შემოდიოდა. შენიშვნებით რომ ვერაფერი გავაწყვე, ბოლოს ესღა მოვიფიქრე, ერთი გადალაპარაკება და ტესტს ჩამოგართმევთ-მეთქი.
შევამჩნიე, ამ გოგომ გვერდით გადაულაპარაკა. ახლავე ჩამაბარე ნაწერი-მეთქი. შეცბა. ადგა, წამოწითლდა, ხმა არ ამოუღია. დაუსრულებელი ტესტი დამიტოვა და უხმაუროდ გავიდა. მეუცნაურა. ჟურნალისტიკაზე უფრო თამამები სწავლობდნენ და ხშირად მეკამათებოდნენ და მებუზღუნებოდნენ. ან მთხოვდნენ, ან მპირდებოდნენ, რომ მეტს აღარ იზამდნენ. ეს კი როგორ უჩვეულოდ უჩუმრად გავიდა, გამიკვირდა.
დამამახსოვრდა და მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო. გული ჩამწყდა, როცა მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე აქეთ გადმოულაპარაკეს და იქით ეხმარებოდა. ვინც დახმარება სთხოვა, ის გაიტრუნა, ეს კი ადგა და გავიდა. მას მერე განსაკუთრებულად შემიყვარდა… ნეკერ, ვერაფრით ვიჯერებ. სად წახვედი, როგორ უჩვეულოდ და უჩუმრად წახვედი”.

