მამა შალვა: ,,დათას მამამ მითხრა, იმ ადამიანს, ვინც ჩემს შვილს დაეჯახა, ვერ ვუსურვებ ცუდს, არც კი შემიგინებიაო”

მამა შალვა: ,,დათას მამამ მითხრა, იმ ადამიანს, ვინც ჩემს შვილს დაეჯახა, ვერ ვუსურვებ ცუდს, არც კი შემიგინებიაო",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა შალვა კეკელიას, იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლის შემობრძანების პატივი წელს უკვე მესამედ ერგო. წმინდა მიწაზე ყოფნისას მან ისრაელის კლინიკაში მყოფი დათა ქოქრაშვილიც მოინახულა, რომელიც თბილისში მძიმე ავარიაში მოყვა. მღვდელმა ,,სარკეს” უამბო:

-გაოგნებული დავრჩი მისი მშობლების გაცნობით. ირაკლი და ქრისტინე საოცარი ადამიანები არიან. საოცარია ირაკლის დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვინც მის შვილს დაეჯახა და ამ დღეში ჩააგდო. მითხრა, ვერ ვუსურვებ ცუდს, არც კი შემიგინებიაო… ასეთ სულიერ სიმაღლეს იშვიათად ნახავთ ადამიანში. საოცარი მშობლები ჰყავს ამ დათუნას და ირაკლი იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრაზეც გვახლდა. პატრიარქმა დალოცა ირაკლიც და მისი დავითიც. სასწაულს ველოდებით, რომელიც აუცილებლად მოხდება და ბავშვი გადარჩება.

– სხვა ქართველებიც არიან იმ კლინიკაში, სადაც პატარა დათი წევს?

– კი, სამწუხაროდ, ბევრნი არიან. ერთი პატარა გოგონა წევს, რომელსაც ფეხზე სიმსივნე აქვს. ულამაზესი, დახატული ბავშვია. სხვა ბავშვებიც არიან და უფროსებიც, რომლებიც იქ კლინიკებში წვანან.

ყველაზე მეტად ჩვენი ემიგრანტი ქართველების მათ გვერდით დგომამ გამაოცა, ვინც კლინიკაში წევს. ისრაელში ძალიან რთული სამუშაო გრაფიკია. დილის 4-5 საათზე დგებიან, მთელი დღე მუშაობენ და სამსახურიდან დაღლილები მაინც მიდიან საავადმყოფოში, რომ იქ მყოფ ქართველებს გვერდით დაუდგნენ.

საოცარი სული აქვს ქართველ ხალხს და ხშირად გული მწყდება, ასეთ სულს რომ ვიღაც გვინადგურებს და სპობს. ასეთ ერთობას, რაც ქართველებს, მაგალითად, ისრაელში აქვს, ვერც ერთ სხვა ერში ვერ ნახავთ.

კლინიკაში გვითხრეს, ნათესავებთან კი მოდიან სხვა ერის წარმომადგენლები, მაგრამ რომ გაიგებენ, ქართველია, ეს საკმარისია, რომ სრულიად უცხოს მოაკითხონო. მიდიან კლინიკაში და ეუბნებიან, მოდი ჩემთან სახლში, დაგაძინებო. ცხელი საჭმელები მიაქვთ თუნდაც დათის მშობლებისთვის. ისეთი სითბო და სიყვარული ვნახე, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! იქ მყოფი ქართველი ემიგრანტების შემყურეს მხოლოდ სიხარულის განცდა გიჩნდება. მართლა საოცარი ერი და ხალხი ვართ. ჩვენი ელჩი ძალიან ეხმარება ემიგრანტებს.

გავიგეთ, რომ გუნდი გაკეთდა ჯვრის მონასტერში, სადაც ქართველი ბიჭები არიან სტიქაროსნები, ღვთისმსახურები. მონასტრის წინამძღვარი არაბი ეპისკოპოსია, საოცარი ადამიანი გახლავთ და ძალიან უყვარს ქართველები. პანდემიის პერიოდში ქართველი ემიგრანტები არჩენდნენ ბევრ ტაძარს და რომ არა ისინი, ბევრ ტაძარს ძალიან გაუჭირდებოდა.

ხშირად არ გვესმის, რამდენად აუცილებელია ჩვენი ჩართულობა წმინდა მიწასთან დაკავშირებით. არის ქართული სახლები, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდება. იქ ბევრი ქართველი ცხოვრობს და ასეთი სახლები ძალიან მნიშვნელოვანია.

ქართველებს ოდითგან ჰქონდათ ბევრი ადგილი წმინდა მიწაზე და დღეს ყველაფერი დაკარგულია, აღარაფერი დაგვრჩა. 14-მდე ადგილი გვქონდა მაცხოვრის აღდგომის ტაძართან და დღეს აღარაფერი გვაქვს, რადგან არ ვაქცევდით ყურადღებას… ახლახან კი, ღვთის მადლით, ჩვენმა პრემიერმა გადარიცხა 60 ათას დოლარამდე, რომელიც ქართულ სახლებს დაეხმარება…

წმინდა მიწაზე ყოფნის დროს მთელი ბიბლია გიცოცხლდება თვალწინ. გგონია, რომ ბიბლიური ამბების თანამონაწილე ხარ. შენი თვალით ხედავ ყველაფერს და ეს არის სასწაული განცდა. მიდიხარ მამრეს მუხასთან, სადაც აბრაამს გამოეცხადა სამი ანგელოზი, მიდიხარ მაცხოვრის საფლავზე, გოლგოთაზე…

ცეცხლის გარდამოსვლა კი ამ ყველაფრის გვირგვინია. ვერ აღწერ, რას გრძნობ ამ დროს. ცრემლები მოგდის, ყვირი კიდეც, გიხარია კიდეც, ჩუმადაც ხარ, თვალის დახუჭვაც აღარ გინდა…ყველა გრძნობა ტრიალებს შენ გარშემო და ამას ვერ მოყვები.