,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს საკვირველმოქმედს უწოდებენ. მეოთხე საუკუნეში გარდაცვალებული წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას.
სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმევენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს, რომელსაც ყოველ წელიწადს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ. ამ ფაჩუჩებს ანაწილებენ მორწმუნე მრევლში. წმინდანი მსწრაფლშემსმენელ საკვირველმოქმედად არის აღიარებული, ის ეხმარება ყველას, ვინც საშველად მოუხმობს.
თბილისში, ვარკეთილში, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის დიდი ეკლესიის აგებაა დაგეგმილი. საძირკველი უკვე ჩაიყარა, იქვე კი პატარა სამლოცველო მოეწყო, სადაც წმინდანის ფაჩუჩი სპეციალურ ლუსკუმაში იყო მოთავსებული. რამდენიმე თვის წინ ფაჩუჩი მოიპარეს…
ტაძრის წინამძღვარი, მამა იოანე წუწუნავა ,,სარკეს” უამბობს:
-საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ოჯახია, დავით დოლიძისა და ნატალია კაპანაძის, რომლებმაც გამოგვიგზავნეს თავიანთი კუთვნილი ფაჩუჩი. ძალიან მორწმუნე ოჯახია და საბერძნეთში არასამთავრობო ორგანიზაციაც აქვთ. ფაჩუჩი სხვა სიწმინდეებთან ერთად გამოგვიგზავნეს, სხვადასხვა წმინდა ადგილებიდან მონალოცი ზეთები და სხვა რამეები. დავითმა და ნატალიამ მითხრეს, რომ ფაჩუჩი წმინდანის ფეხზე იყო ნაცვამი.
ლამაზი ტრადიცია არსებობს ამ წმინდანისთვის ფაჩუჩების შეკერვის. საქართველოშიც კერავენ დედები ზოგ მონასტერში. მერე, ვინც აქედან კუნძულ კორფუზე მიბრძანდება მოსალოცად, იქ, სადაც დაბრძანებულია წმინდანის უხრწნელი სხეული, მიაქვთ ფაჩუჩები, შეახებენ მის სხეულს და ასეთი ფაჩუჩი გარკვეული ძალის მქონე სიწმინდედ ითვლება.
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელისთვის ფაჩუჩების შეკერვა იმ ამბავს უკავშირდება, რომ ფეხსაცმელი, რომელსაც მის სხეულს აცვამენ, წლიდან წლამდე სასწაულებრივად იცვითება. ითვლება, რომ წმინდანი ყველას თავად აკითხავს, ვისაც მისი დახმარება სჭირდება. გაცვეთილ ფეხსაცმელს ჭრიან პატარა-პატარა ნაწილებად და მორწმუნეებს ურიგებენ.
თბილისის ბევრ ტაძარშია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი დაბრძანებული, რომელიც ასევე ნაცვამია მის უხრწნელ სხეულზე. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ დაიკარგა. მის დაკარგვაზე სამწუხარო კიდევ ის არის, რომ ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს ამბავი. სოციალურ ქსელში რამდენიმე კომენტარი წავიკითხე… ამ ადამიანებს ალბათ ის მაინც გაუგიათ, რას ნიშნავს მამა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლის ქვა, რომელიც საქართველოს ეკლესიაში ინახება. არ შეიძლება ეკლესიის სიწმინდესთან ასეთი საღლიცინო დამოკიდებულება. ეს უფრო მტკივნეული ამბავია, ვიდრე დაკარგვა სიწმინდისა.
12 იანვარს ტაძარი ღია იყო. გვერდით სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. 13 იანვარს აღმოვაჩინეთ, რომ ლუსკუმაში აღარ იყო ფაჩუჩი.
– მატერიალური ღირებულება გააჩნია?
– არანაირი. ჩვეულებრივი ნაჭრისგან შეკერილი და ოქროსფერი ძაფებითაა გამშვენებული. მატერიალური ღირებულება რომ ჰქონდეს ან რაიმე ძვირფასეულობით იყოს შემკული, ასე არ არის.
– შესაბამისად, მოტივი და მიზეზი ქურდობისა იქნებ ის არის, რომ ვინმეს სჭირდებოდა რწმენის გამო – საკურნებლად თუ სხვა რამისთვის?
– არ ვიცი, ვინ რა მოტივით წაიღო. ალბათ სურვილი გაუჩნდა დიდი, რომ მასაც ჰქონოდა. უბრალოდ, არ ვიცი, რამდენად აცნობიერებს, საიდან რა აიღო და რა მიითვისა. წყალობა თუ უნდა, ქურდობის გზით წყალობის სახლში შეტანა შეუძლებელია.
ვინმეს მადლი თუ უნდოდა, არავისთვის გვითქვამს უარი. წმინდა ზიარებას ვაძლევთ ავადმყოფებს, სახლში მივდივართ, აღსარებას ვიბარებთ, წმინდა ნაწილები მიგვაქვს… როგორ გგონიათ, ვინმე უარს ეტყოდა ამ ფაჩუჩის სახლში მიბრძანებაზე თუ პარაკლისის წაკითხვაზე?! ჩემი ტელეფონის ნომერიც წერია გარეთ, ყველასთვის…
ვინმესთვის თუ ეს ფაჩუჩი მხოლოდ ქსოვილის ნაჭრის ნაკუწია, რომელზეც იფიქრა, რომ შეეძლო აეღო და წაეღო, ძალიან შემცდარა, რადგან აქ სიწმინდესთან ურთიერთობაა მთავარი და არა ქვასთან თუ ქსოვილთან.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

