,,სარკე”, ია ქუთათელაძე
წარმატების ფორმულის მზა რეცეპტი არ არსებობს, ამიტომ, როცა ინტერვიუს ვწერ, ამ კითხვას არ ვსვამ. ვიცი, უმრავლესობა ტრადიციულად მიპასუხებს – შრომა, შრომა და შრომა. რა თქმა უნდა, შრომა გადამწყვეტია, მაგრამ კიდევ უამრავი რამ სჭირდება. თავდაპირველად ნიჭი, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, არჩეული საქმის ერთგულება, ცოტაოდენი იღბალი…
რუსუდან ბარამიძე, ერთი შეხედვით, განებივრებულ, სათბურის პირობებში გამოზრდილ ქალს ჰგავს, თუმცა ის აუდიტორული კომპანიის დამაარსებელია და აქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ, თავისი შეუპოვრობით და ხასიათის სიმტკიცით მივიდა. შეძლო და პარლელურად ბედნიერი ოჯახიც შექმნა, რაც ძლიერ ქალებს რატომღაც იშვიათად გამოსდით. თავის გამოცდილებას რუსუდან ბარამიძე ,,სარკის” მკითხველებს უზიარებს.
– ქალბატონო რუსუდან, როგორ აირჩიეთ პროფესია, ნუთუ რომანტიკულ ასაკში ეკონომისტობასა და ბუღალტრობაზე ოცნებობდით?
– მთელი ბავშვობა მომღერლობაზე ვოცნებობდი. მუსიკალური სკოლა დავამთავრე, კონსერვატორიაში ჩაბარების სურვილი რომ გამოვთქვი ოჯახში, მამა არ დამთანხმდა. მოგეხსენებათ, ძველი ყაიდის კაცებს ქალიშვილის სცენაზე დგომა დიდად არ ხიბლავდათ. მითხრა, სერიოზული პროფესია უნდა აირჩიოო.
– ასე იოლად შეელიეთ ფერად ოცნებას?
– ძალიან დამჯერი შვილი ვიყავი, მამას როგორ შევეწინააღმდეგებოდი. კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით მათემატიკურ საგნებს, თავსატეხი ამოცანების ამოხსნა მიყვარდა.
გადაწყდა, რომ ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარებდი. ამ დროს ჩემი პირადი ცხოვრებაც შეიცვალა, გავთხოვდი, ამიტომ დაუსწრებელ ფაკულტეტზე ჩავაბარე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. მალე შვილებიც შემეძინა.
დედობას ჩემი სწავლის ხარისხზე არ უმოქმედია, ძალიან მონდმოებული ვიყავი და წარჩინებით დავამთავრე. იმ დროს ჩვენი რექტორი ბრძანდებოდა ბატონი გივი ალასანია, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბაბუა. ის იყო გულისხმიერი, სიკეთით სავსე ადამიანი. სტუდენტებს საკუთარი შვილივით გვეფერებოდა, საოცრად ტკბილი მომართვა იცოდა. თუ რამე საკითხზე შეხვიდოდი, დაგიყვავებდა, დაგამშვიდებდა, აბა, რა გიჭირს, ბაბუ, მითხარიო. ყველა სტუდენტს, როგორც ახლობელი, ისე გვიყვარდა.
– საბჭოთა დაწესებულებაში ბუღალტრის რუტინული სამუშაო ახალგაზრდა ქალისთვის მოსაწყენი არ იყო?
– ყველაფერს შემოქმედებითად უნდა შეხედო. თუ სხვებისთვის ციფრები მშრალი, მოსაწყენი გამოსახულებებია, ჩემთვის ისინი მრავლისმეტყველი იყო. ნებისმიერი წარმოების, დაწესებულების, კომპანიის ხერხემალი არის ბალანსი. ბალანსის გამოყვანა როცა სწორად შეგიძლია, ჩათვალე, გამართულად და წარმატებულად მუშაობ. როცა ბალანსს დავასრულებდი, აქტივი და პასივი გამოყვანილი იყო, ისეთ რელაქსს ვიღებდი, როგორც საყვარელი მწერლის საუკეთესო წიგნი წაკითხვისას ან ცნობილი მომღერლის იშვიათი ჩანაწერის მოსმენისას.
– თანდათან ადიოდით კარიერულ კიბეზე, მაგრამ ოჯახი, შვილები, სამსახური, ხომ ბევრ დროს ითხოვდა, როგორ ასწრებდით?
– ოჯახი ძალიან მიწყობდა ხელს და მეც არ ვიყავი ისეთი უსუსური, საქმის რომ ეშინიათ. დროს თუ სწორად გაანაწილებ, ყველაფერს მოასწრებ. ჩვენს სფეროში წარმატების მიღწევა ადვილი არ არის, რადგან მარტო ანგარიშები და ბალანსის გამოყვანა კი არ უნდა იცოდე, აუცილებელია კანონების კარგად ცოდნაც. საგადასახადო სისტემა მუდმივად იცვლება, ამიტომ უნდა ეცნობოდე მთავრობის დადგენილებებს ამ კუთხით, არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, შეიარაღებული უნდა იყო ცოდნით, რომ შემოწმების პირობებში ყველაფერზე პასუხი გქონდეს.
– თავად ამოწმებდით ორგანიზაციებს. თუ გქონიათ შემთხვევა, როცა თვალი დაგიხუჭავთ ან ანგარიში გაგიწევიათ პატიოსანი მეწარმისთვის?
– საბურთალოს რაიონის საგადასახადოში ვმუშაობდი, სარევიზიო ჯგუფში ვიყავით მე – ერთი ქალი და სამი მამაკაცი. მოხდა ისე, რომ ერთ კომპანიაში მივედით. ხელმძღვანელი, სოლიდური მამაკაცი, აღელვებული დაგვხვდა. შემომხედა და მითხრა, გამაფრთხილეს, რომ შემოწმებაზე მოვა ჯგუფი, ერთი ქალბატონია, თუ ის ჩართეს და მოვიდა, ბეწვისოდენას ვერ გამოაპარებ, რა ბედი მქონია, რაღა მაინცდამაინც თქვენ მოხვედითო.
ეს ისე გულწრფელად მითხრა, გამეცინა, დავამშვიდე, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არაფერს დაგიშავებ-მეთქი. შემოწმების შედეგად ცოტა დარღვევები აღმოვაჩინე, მაგრამ გავითვალისწინე მისი გულწრფელობა და ავუხსენი, სად ჰქონდა შეცდომა. ერთი კვირა მივეცი დრო და ყველაფერი გაასწორა.
ერთ მაღაზიაში მივედით, მეპატრონე ადგილზე არ იყო. გვითხრეს, ახალი ნამშობიარევია, ნანატრი შვილი შეეძინა, ცოტა შეუძლოდ არის, თუ აუცილებლობაა, დავურეკავთ და როგორმე მოვაო. ყოველთვის მომწონდა, როცა ქალები ცდილობდნენ, საკუთარი საქმე წამოეწყოთ, ბიზნესი ეკეთებინათ და რელიზებულები ყოფილიყვნენ, თან მაშინ ჩემთვის უცნობ ახალგაზრდა ქალს დედობის ბედნიერება ეწვია, როგორ შევაწუხებდი? დავტოვე ტელეფონი და დავიბარე, როცა გამოჯანმრთელდება და სამსახურს დაუბრუნდება, დამირეკეთ-მეთქი. მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ჩვენ დიდი მეგობრები ვართ.
– ალბათ ქრთამიც შემოუთავაზებიათ ან დაგმუქრებიან. შიშის გრძნობა არ გქონდათ?
– რა თქმა უნდა, ადამიანი ვარ და ხშირად მეშინოდა, მაგრამ შიშის გამო საკუთარ სინდისს ვერ გავყიდდი, საკუთარ თავს ვერ ვუღალატებდი. ერთ შემთხვევას მოგიყვებით, ეს შევარდნაძის მმართველობის დროს მოხდა. სახლში ვიყავით, ოთხი მანქანა გაჩერდა, გადმოვიდნენ მკაცრი სახეებით, გვაჩვენეს მოწმობები და გვითხრეს, თქვენი სარდაფი უნდა გავჩხრიკოთო.
ჩემი ბიჭები უკვე მოზრდილები იყვნენ, ვიფიქრე, ჩემ გამო შვილებს რაიმე არ დაუშაონ, შეიძლება ნარკოტიკი ჩამიდონ-მეთქი. ასეთ ფორმას ხშირად იყენებდნენ დასაშანტაჟებლად. მეუღლემ მომკიდა ხელი და მითხრა, რუსუდან, ნუ გეშინია, თუ რამეს ჩაგვიდებენ, მე ავიღებ ჩემს თავზეო.
ჩავედით სარდაფში. მეუბნებიან, ჩვენ ვიცით, რომ კაცი გყავთ მოკლული და აქ დამარხეთო. იმ მდგომარეობაში თუ რამე გამახარებდა, ვერ წარმომედგინა, ეს კი გამიხარდა, ანუ ნარკოტიკს არ ჩამიდებდნენ და ბიჭებს არ დაიჭერდნენ, მკვდარს კი საიდან აღმოაჩენდნენ, რაც არ იყო. ხელმოცარულები წავიდნენ.
– ყოველთვის გრძნობდით ქმრისგან მხარდაჭერას თუ არ მოსწონდა, რომ, ცოტა არ იყოს, სახიფათო სამსახური გქონდათ?
– ძალიან ჭკვიანი და საქმიანი მეუღლე მყავდა. აფასებდა ჩემს ნიჭს, შრომისმოყვარეობას, პრინციპულობას. არასდროს მოუთხოვია, სახლში დავმჯდარიყავი. მშობლებმა გამათხოვეს 18 წლის. იმ დროს პატარა გოგო სიყვარულზე ოცნებობს, მაგრამ ხომ გითხარით, ძალიან დამჯერი შვილი ვიყავი და მათ არჩევანს დავყევი.
ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა მეუღლემ ორი საუკეთესო ვაჟკაცი მაჩუქა. შეიძლება დიდი სიყვარული გვქონოდა, მაგრამ შეკრული, კარგი ოჯახი ვერ შეგვექმნა. ჩვენ შევძელით, შვილები კარგად აღგვეზარდა, ერთმანეთისთვის პატივი გვეცა, გვეერთგულა…ჩემი მეუღლე გარდაცვლილია.
– დიდი ხანია, საკუთარი წარმატებული აუდიტორული კომპანია გაქვთ. როგორ დაიბადა იდეა, რომ კერძო სექტორში გადასულიყავით?
– წინა ხელისუფლების დროს საგადასახადო სამსახურის უფროსმა არ ისურვა ჩემთან მუშაობა. ჩემი პრინციპებით ხელს ვუშლიდი და, მისი აზრით, ადგილს ვაფუჭებდი, რადგან ფულს არ ვაკეთებდი მისთვის. წამოვედი და გადავწყვიტე, სახელმწიფო სამსახურში აღარასდროს მემუშავა.
არ ვარ ის ქალი, სახლში დავჯდე, თუმც დიასახლისობაც ძალიან მიყვარს და კულინარიაც მეხერხება. გადავწყვიტე, შემექმნა აუდიტორული ფირმა. ჩემს ორ შვილთან ერთად გავაკეთე ეს ფირმა. აკაკი საერთაშორისო აუდიტის სპეციალისტია, იცის უცხო ენები. გიორგი წარმატებული იურისტია, იურიდიულ საკითხებს აგვარებს
– თქვენ, ზუსტი ციფრების სამყაროში მცხოვრებმა, იქნებ იცით, რა არის წარმატების ფორმულა.
– ასეთი მზა რეცეპტი არ არსებობს. ჩემს მაგალითზე გეტყვით, სიმღერაზე ვოცნებობდი, მაგრამ იმ ბრჭყვიალა სამყაროს კარი ვერ შევაღე, სხვა ახალგაზრდულ ოცნებებსაც დავუქნიე ხელი.
ცხოვრებაში ბევრი კარია. თუ კარს არ გიღებენ, ფანჯრიდან შეიხედე. დაინახე, იქნებ შენც შეგიძლია იმ საქმის კეთება, რასაც სხვები აკეთებენ. ყველაფერს ისწავლი, მთავარი მონდომებაა და საკუთარი თავის რწმენა.
სამსახური არ არის მხოლოდ ხელფასი, სამსახური არის ადგილი, რომელიც უნდა შეიყვარო იმ ადამიანთან ერთად, ვინც იქ მუშაობს და თუ, შენი შრომის და უფლის წყალობით წარმატებას მიაღწევ, ხელმძღვანელი გახდები, არასდროს დაივიწყო, საიდან დაიწყე.

