,,სარკე”, ია ქუთათელაძე
2021 წელს მსოფლიო საოპერო ვარსკვლავს, ბარიტონ გიორგი გაგნიძეს, შემოქმედებითი ცხოვრების 25 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებები მსოფლიოში ოპერის წამყვან თეატრებში იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო თარიღმა გადაიწია. 11 თებერვალს კი მომღერალს მშობლიურმა თბილისმა უმასპინძლა. დღესასწაული მართალც შთამბეჭდავი გახლდათ. მაყურებელმა ჯერ ვერდის უკვდავი ოპერა “ნაბუკო” მოისმინა და გიორგი გაგნიძის განსაცვიფრებელი ბარიტონით უდიდესი სიამოვნება მიიღო. შემდეგ კი მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნას დაესწრო, რომელიც ქართული კულტურის პალატის, კულტურის სამინისტროს და თბილისის ოპერის თეატრის ორგანიზებული იყო.
გიორგი გაგნიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია თავბრუდამხვევი წარმატებებით არის სავსე. თბილისის კონსერვატორიაში სწავლის პარალელურად ოპერის თეატრის სცენაზე იდგა და საეტაპო წარმოდგენებში 13 წამყვან პარტიას ასრულებდა. ამავდროულად, რამდენიმე სერიოზულ საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რაც მსოფლიოს უდიდეს სცენებზე წარმატებული გზის დასაწყისი გახდა.
მის შემოქმედებით ცხოვრებაში სამი მფარველი ანგელოზი იყო – ჯანსუღ კახიძე, ხოსე კარერასი და ლორინ მააზელი. ისინი გიორგის მოსმენის პირველივე წუთიდან მიხვდნენ, რომ საქმე განსაკუთრებულ ფენომენთან ჰქონდათ და ის თავისი უნიკალური ხმით მსოფლიოს დაიპყრობდა. ასეც მოხდა. მსოფლიოს საოპერო თეატრებმა ,,ნადირობა” დაიწყეს ბარიტონზე და დღემდე ერთმანეთს ეცილებიან კონტრაქტის გაფორმებაში.
უცხოეთში კარიერის დასაწყისი იოლი არ ყოფილა – უცხო გარემო, ენის ბარიერი და, რაც მთავარია, ახალშექმნილი ოჯახის დატოვება. მეუღლე, მუსიკის კარგი მცოდნე, ახალგაზრდა, მომხიბლავი ექიმი, მაია გოგოლაძე, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. მან გააცნობიერა, რომ გიორგის დიდი სივრცე სჭირდებოდა, ამიტომ თავად შეუწყო ხელი გამგზავრებაში, შემდეგ კი წლინახევრის შვილთან, მარიამთან ერთად თავადაც გერმანიაში გადავიდა, რომ გიორგისთვის ოჯახური სიმყუდროვე შეექმნა. ყოფილიყო საყვარელი ადამიანების გვერდით, მონატრების გრძნობას არ დაეტანჯა და მთელი ძალები პროფესიული წინსვლისკენ მიემართა.
ნიჭი და სიყვარული ერთად ყოვლისშემძლე აღმოჩნდა. გიორგიმ მართლაც შეუძლებელი შეძლო. დღეს საოპერო მომღერლებისთვის საოცნებო ლა სკალას და მეტროპოლიტენ ოპერისთვის უკვე დიდი პატივია, რომ გიორგი გაგნიძემ თავის უზომოდ გადატვირთული გრაფიკის გამო მათ სცენაზე გამოსვლისთვის დრო გამონახოს.
ვარსკვლავი, რომელიც გიორგი გაგნიძის სახელს ატარებს, თანაბრად დაიმსახურა ულამაზესმა წყვილმა – გიორგიმ და მაიამ, რომლებიც დღემდე გამოვლილ გზაზე ,,სარკეს” უამბობენ.
– გილოცავთ ორივეს! მაია, გიორგი დიდი ხანია, აღიარებულია, როგორც უძლიერესი საოპერო მომღერალი, ვარსკვლავი მხოლოდ სიმბოლური დასტური იყო ამ აღიარებისა. როგორ გადაწყდა, რომ თბილისში ეს ზეიმი გაიმართებოდა?
მაია: გმადლობთ მოლოცვისთვის. 2021 წელს გიორგის სასცენო მოღვაწეობის 25 წელი შეუსრულდა. ევროპის ქვეყნების საოპერო თეატრებში დაგეგმილი იყო მისი სპექტაკლები, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალა. წელს მივიღეთ შემოთავაზება კულტურის პალატის და გიორგის სათაყვანო ოპერის თეატრის ხელმძღვანელობისგან, გახსნილიყო მისი სახელობის ვარსკვლავი, რამაც ძალიან გაგვახარა. ერთია, როცა გიცნობენ და გაფასებენ სხვა ქვეყნებში, მაგრამ ძალიან ემოციურია, როცა შენი თანამემამულეები და შენთვის ძალიან ძვირფასი თეატრი გიდასტურებს პატივისცემას და ვარსკვლავს გიხსნიან. უზომოდ ბედნიერები ვართ!
– გიორგი, 25 წელი ტაშს გიკრავენ საოპერო ხელოვნების მეტრები და თაყვანისმცემლები. თქვენი განვლილი გზიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენეთ.
გიორგი: 1995 წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში, ძალიან მალე, 1996 წელს უკვე ვმონაწილეობდი ოპერის თეატრის დადგმებში. თბილისის კონსერვატორია და ოპერის თეატრი, ეს ორი უდიდესი სკოლა ქართული საოპერო ხელოვნებისა, ნამდვილად არის მსოფლიო დონის. ამის დასტურია არა მხოლოდ ჩემი, არამედ უამრავი მომღერლის წარმატება, რომლებსაც დღეს კარგად იცნობს უცხოელი მსმენელი და მათი წყალობით ჩვენი ქვეყანა ცნობილია, როგორც ძალიან ნიჭიერი ადამიანების სამშობლო.
სრულიად ახალგაზრდა მომღერალი როცა დგამ ამ პროფესიაში პირველ ნაბიჯებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება შენი პედაგოგი. მადლობელი ვარ ჩემი პედაგოგების – თამაზ ლაფერაშვილის, დიზი ხელაშვილის, კონცერტმაისტერის ვიქტორია ჩაპლინისკაიასი. ოპერის თეატრში ვიმუშავე რეჟისორებთან- გურამ მელივასთან, რობერტ სტურუასთან. ჩემი ნიჭის შემფასებელი და უდიდესი სტიმულის მომცემი მაესტრო ჯანსუღ კახიძე მარწმუნებდა, რომ აუცილებლად უნდა გავსულიყავი კონკურსებზე და სერიოზულად მეფიქრა ევროპულ კარიერაზე.
იმ პერიოდში რამდენიმე საერთაშორისო კონკურსში მივიღე მონაწილეობა. წარმატების მოპოვების შემდეგ კი დავთანხმდი მიწვევას და გავემგზავრე გერმანიაში. იმჟამად ოჯახი ახალი შექმნილი მქონდა. ჩემი გოგონა წლინახევრის იყო. მეუღლემ უდიდესი თანადგომა გამიწია, მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ გაუძლებდა დაშორებას, მარტო დარჩენას, მამხნევებდა. თავადაც უზომოდ უყვარს მუსიკა და შესანიშნავად ხვდებოდა, რომ ჩემი პროფესიის გარეშე ვერ გავძლებდი.
გერმანიაში ოპერის თეატრის ხელმძღვანელობამ გადამიხადა ფული, რომ ენა მესწავლა. ძნელად, მაგრამ მაინც გადავლახე სირთულეები, შევეგუე გარემოს და ოჯახიც ჩავიყვანე.
ყველაზე გადამწყვეტი ჩემს კარიერაში ვერდის საერთაშორისო ფესტივალი აღმოჩნდა. ჟიურის თავმჯდომარე იყო ხოსე კარერასი, წევრი – კატია რიჩარელი. ეს სახელები ოპერის სამყაროში ბევრს ნიშნავს, კონკურსში გამარჯვება თავად ხოსე კარერასმა მომილოცა. როგორც გამარჯვებულს, პრიზად მეკუთვნოდა ვერდის ოპერებით ტოკიოში გამგზავრება დირიჟორ ლორინ მააზელთან ერთად.
სწორედ ამ ტურნეს შემდეგ მოხდა ჩემი და მააზელის დაახლოება. თუკი ის რაიმე სერიოზულ პროექტში მონაწილეობს, აუცილებლად მეპატიჟება, როგორც მომღერალს. ამ წლების განმავლობაში მიმღერია ევროპის ყველა ქვეყანაში – იაპონიაში, ამერიკაში… საერთო ჯამში, 120 სპექტაკლი მაქვს ნათამაშები.
რაც შეეხება ვარსკვლავის გახსნას და თბილისში სიმღერას, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია მეუფლება, როცა ქართველ მსმენელს ვხვდები. მე ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ 23 წლიდან სერიოზულ პარტიებს ვმღეროდი და სცენაზე მოღვაწეობის მრგვალი თარიღი შემისრულდა, ალბათ ამიტომ გამომარჩიეს. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემი შრომის დაფასებისთვის.
– ოპერამ თქვენს პირად ცხოვრებაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა, სწორედ იქ გაიცანით მაია. როგორ გახსოვთ პირველი შეხვედრა?
გიორგი: ოპერის თეატრში ბატონმა რობერტ სტურუამ დადგა ბიზეს “კარმენი”. სპექტაკლზე ჩემი ნათესავი გოგონა დავპატიჟე, რომელიც მაიას იცნობდა და ერთად მოვიდნენ. სპექტაკლის შემდეგ ჩემთან მოვიდნენ მოსალოცად. მაიამ ვარდები მომართვა. ძალიან ლამაზი იყო, დანახვისთანავე მომეწონა, ამიტომ ინიციატივა გამოვიჩინე და შემდგომ შეხვედრაზე შევუთანხმდი.
– მაია, თქვენეული “ვერსია” როგორია?
მაია: დედა, ნანა ღამბაშიძე, მუსიკოსი იყო, ორ მუსიკალურ სკოლას ხელმძღვანელობდა. მან შემაყვარა მუსიკა და მუსიკალური განათლებაც მივიღე. გახსოვთ ალბათ გასული საუკუნის 90-იანი წლები, მაშინ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი. ქალაქში გასართობი ადგილები ძალიან ცოტა იყო. როგორც კი შებინდდებოდა, გარეთ გამოსვლაც საშიში იყო. როგორ არ გამოვიყენებდი იმ შესაძლებლობას მე, რომელსაც კლასიკური მუსიკა ძალიან მიყვარდა?! სპექტაკლით აღტაცებულმა გადავწყვიტე, წარმატება მიმელოცა და ასე აღმოვჩნდი გიორგის წინაშე. არ ვიცი, რა ენერგეტიკას ასხივებდა, მაგრამ მეც პირველივე ნახვით მიმიზიდა.
– რამდენად რომანტიკული იყო შეყვარებულობის პერიოდში, რა სიურპრიზებს გიწყობდათ შეყვარებული გიორგი?
მაია: გიორგი ძალიან თბილი და ყურადღებიანია, ეს თავიდანვე ვიგრძენი. ცხოვრებაზე სწორი შეხედულებები, საუკეთესო ადამიანური თვისებები აქვს, კეთილია. ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. უმთავრესი იყო მუსიკა. სიურპრიზების, ქუჩაში სეირნობისა და კაფეებში ჯდომის რა მოგახსენოთ, ძალიანაც რომ გდომოდა, ჩაბნელებულ და დანგრეულ ქალაქში ამას ვერ მოახერხებდი. ლექციების შემდეგ მხვდებოდა, სახლში მაცილებდა. ბევრს ვსაუბრობდით, მომავალს ვგეგმავდით. დავრწმუნდი, რომ ჩემი ადამიანი იყო და დავქორწინდით.
– გიორგი, როცა დაქორწინებიდან ორიოდე წელიწადში გერმანიაში წახვედით, ალბათ ძალიან გაგიჭირდათ ცოლ-შვილის დატოვება.
გიორგი: როცა ცხოვრება გთავაზობს შანსს, რომ შენი მომავალი უკეთესი იყოს, გახდე პროფესიონალი, ეს შანსი უნდა გამოიყენო. ძნელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ სხვანაირად ჩემს შემოქმედებაში პაუზა გაჩნდებოდა. როგორც კი ეს საკითხი დადგა, მაიამ უყოყმანოდ მიიღო გადაწყვეტილება და მითხრა: ,,გიორგი, შენ უნდა წახვიდე”.
– მაია, პატარა ბავშვით წახვედით გერმანიაში, გიორგი იქ მუდმივად დაკავებული იყო. ფაქტობრივად მთელი დღე მარტო ცხოვრობდით უცხო ქალაქში, თან პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაშიც დადიოდა. მერე მეორე შვილი დავითიც გაჩნდა. ახალგაზრდა ქალი სამშობლოდან შორს ამ ყველაფერს როგორ უმკლავდებოდით?
მაია: დიახ, ეს ჩვენი გასავლელი გზა იყო. გიორგის მუდმივად ჰქონდა ჩვენი დარდი, ვენატრებოდით, გამხნევება სჭირდებოდა, გვერდით დგომა, შესაფერისი კვება. სიყვარული გაძლევს ძალას, დაბრკოლებები გადალახო. ზოგჯერ დედა ჩამოდიოდა და მეხმარებოდა. ჯერ კიდევ კარგად არ ვიცოდი ენა, მეგობრების გარეშე, სამსახურის გარეშე, ორი შვილით… მაგრამ მიზანი გვქონდა ძალიან დიდი.
გიორგის უფალმა მისცა საოცარი ნიჭი. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მისი ბარიტონი მართლაც უნიკალურია – პროფესიონალების შეფასებას ვიმეორებ და როგორ შეიძლებოდა, მე მხოლოდ ჩემს კომფორტულ ყოფაზე მეფიქრა და გიორგის ბრწყინვალე მომავლისთვის ბრძოლაში ხელი არ შემეწყო?!
ეს ახლა ჩანს, რომ ყველაფერი მარტივად გავიარეთ, სახელგანთქმულია, კონტრაქტებს უფორმებენ, ლა სკალაში, კოვენტ გარდენში, მეტროპოლიტენ ოპერაში მღერის, მისი გრაფიკი ხუთი წლით წინსწრებით არის გაწერილი, მაღალ ჰონორარს იღებს, ამის უკან კი უდიდესი შრომაა, ყოველდღიური მეცადინეობა, 6-9-10 საათი, კონკურსები, მღელვარება, მუდმივი მოძრაობა, ჩემოდნებზე ჯდომა…
აბა, როგორ შემეძლო, ჩემს შვილებთან ერთად თბილისში დავბრუნებულიყავი, თბილად მეცხოვრა და ჩემი თავის რეალიზებაზე მეფიქრა პროფესიაში. ვერაფრით მოვაკლებდი გიორგის ჩვენს სიყვარულს, სითბოს, ბავშვების ჩახუტებას. ცოლქმრობაც ხომ ერთმანეთის გვერდით დგომაა, ხელისშეწყობა, ერთნაირი ღირებულებებით ცხოვრება.
– გიორგი, თქვენ რას იტყვით, მაია რომ არ გამოჩენილიყო თქვენს ცხოვრებაში, თქვენ ასეთივე წარმატებული იქნებოდით?
გიორგი: იცით, რა? მე სანამ დავოჯახდებოდი, უკვე გარკვეული მქონდა, რა მინდოდა, რა გზით უნდა მევლო და აზრს არც ერთ შემთხვევაში შევიცვლიდი. მაიას ამაზე ვესაუბრებოდი, ჩვენ ყველაფერზე ვფიქრობდით, დროებითი დაშორებებიც გათვალისწინებული გვქონდა.
არ ვიცი, სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო ჩემ გვერდით, ჩემი ცხოვრება როგორ განვითარდებოდა, შეძლებდა თუ არა იმას, რაც მაიამ შეძლო. ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მყავს ასეთი გონიერი, ერთგული, საქმიანი, მზრუნველი მეუღლე. მისი სიყვარული ჩემთვის უფლის საჩუქარია.
– მაია, როგორ მოემზადეთ ამ ღირსშესანიშნავი დღისთვის. ყველა აღნიშნავდა, რომ გიორგის ცოლი განსაკუთრებულად გამოიყურებოდა.
მაია: ორწლიანი პანდემია იმისთვის გამოვიყენე, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავი. 22 კილო დავიკელი სწორი კვებით. ამან ძალიან გამახალისა. ხომ იცით, ქალს ყოველთვის სურს, კარგად გამოიყურებოდეს. დიდი სამზადისი არ მქონია. მიყვარს თეთრი ფერის სამოსი, შემთხვევით წავაწყდი ქართველი დიზაინერის შექმნილ ლამაზ კაბას, რომელიც კარგად მომერგო. მიხარია, თუ აღნიშნეს, რომ კარგად გამოვიყურებოდი.
– გიორგი, ნაბუკოზე რას იტყვით? როგორც ვიცი, ხშირად გიწევთ ამ როლის შესრულება.
გიორგი: ვერდის ეს შესანიშნავი ოპერა უდიდესი მოწონებით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. დიახ, ბევრჯერ მივიღე მონაწილეობა ამ წარმოდგენაში და ყოველთვის მაცვიფრებს თავისი მასშტაბურობით, სიმძაფრით, სიღრმით.
ერთ სასიამოვნო ამბავს მოგიყვებით. 2018 წელს მესტიაში ვიყავი. მიხეილ ხერგიანის მუზეუმში კარგ ქართველს და კარგ პოეტს, ერეკლე საღლიანს, შევხვდი. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ მითხრა, დიდ პატივს ვცემ შენს ხელოვნებას, ვიცი, საზღვარგარეთ ძალიან აღიარებული ხარ, როგორ მინდა, ევროპის რომელიმე თეატრის სცენაზე ქართული გენის ზეიმი ვიხილოო.
ზუსტად მაშინ მივდიოდი ვერონაში, სადაც ჩემთვის სპეციალურად დაიდგა “ნაბუკო”. დავპატიჟე, მივართვი ბილეთი და წავიყვანე. მართლაც შეუდარებელი წარმოდგენა გამოვიდა, მაყურებელი დაუსრულებლად უკრავდა ტაშს, შეძახილებით: “ნაბუკო, ნაბუკო”. ისინი ისევ და ისევ ითხოვდნენ ჩემს გამოსვლას სცენაზე. თვალცრემლიანმა ერეკლემ იქვე დაწერა ლექსი და მაჩუქა. სათაური აქვს “შთაბეჭდილება გიორგი გაგნიძის კონცერტის შემდეგ”. პატარა ნაწყვეტს წაგიკითხავთ:
,,იგრგვინე, როგორც ხახმატში მეხმა,
ჰანგი ვარაყში ჩადგი და ჩასვი,
მოდის გულიდან, მკერდიდან ეს ხმა,
მოდის სამშობლოს წუხილის მსგავსი,
წყდება ცას ეტლი, ვით პერანგს ღილი,
აგროვებს, ვით მძლე სამეფო ვენზელს,
ეძებ რომეოს გაუმქრალ ღიმილს,
სემირამიდას სევდის კვალს ეძებ,
დამწკრივებულან დღეები ჯარად,
ტანზე ფოთლები ახმება ხესაც,
არა, ნაბუქო არ კვდება, არა!
ის ცოცხალია, ცოცხალი დღესაც!”.
– როცა თქვენი ქალიშვილი თქვენს გზას გაჰყვა, ვიცი, რომ აღფრთოვანებით არ შეხვედრიხართ ამ გადაწყვეტილებას. დღეს რას ფიქრობთ შვილის არჩევანზე?
გიორგი: არ მინდოდა, ეს გზა აერჩია. განა იმიტომ, რომ ნიჭი არ აქვს, უბრალოდ ვიცი, როგორი ძნელი პროფესიაა, რამდენი შრომა და წვალება ელის, მაგრამ ისე იყო მოტივირებული, იმდენად უნდოდა, უარი აღარ ვუთხარი. ახლა ვხედავ, სწორი არჩევანი გააკეთა.
– გამარჯვებული არტისტები მადლობას უძღვნიან ხოლმე მათთვის ძვირფას, მნიშვნელოვან ადამიანებს. თქვენ ვის მიუძღვნით ვარსკვლავი?
გიორგი: რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, ჩემს მშობლებს, რომლებიც მუდმივად ხელს მიწყობდნენ და ჩემს მეუღლეს, საუკეთესო მეგობარს, თანამებრძოლს და მუდმივ სიყვარულს. მადლობას კი სრულიად საქართველოს ვუხდი!
