ლევან ბერძენიშვილი: ,,საფრანგეთში ჩემი წიგნის ყველა ეგზემპლარი გაიყიდა”

ლევან ბერძენიშვილი: ,,საფრანგეთში ჩემი წიგნის ყველა ეგზემპლარი გაიყიდა"ლიტერატორი, პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი ფრანგი მკითხველის წინაშე წარდგა საკუთარი წიგნით ,,წმინდა წყვდიადი”. ამის შესახებ ფეისბუქში წერს:

,,ჩემო საყვარელო მეგობრებო! 4-6 ივნისს საფრანგეთში, ბრეტანში, შუა საუკუნეების ქალაქ სენ მალოში გამართულ წიგნისა და ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც ეწოდება Étonnant Voyageurs („გაოცებული მოგზაურები“) დაინტერესებულ მკითხველებთან თერთმეტ შეხვედრაზე წარვადგინე ჩემი წიგნის, „წმინდა წყვდიადის“ ფრანგული თარგმანი. ძალიან კარგად მიმიღეს. ფესტივალის დღეებში იქ ჩატანილი წიგნის ყველა ეგზემპლარი გაიყიდა”.

წიგნი ეხება დისიდენტობის გამო საბჭოთა ციხეში გატარებულ პერიოდს.

„ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.

ვიცი, რომ პირველი არ ვარ, ვისაც განსაკუთრებულმა გარემოებებმა ხელში კალამი ააღებინა; ჩვენს რიგებში გრაფომანებიც ბლომად იყვნენ და გენიოსებიც, მაგრამ მე „კალამი ავიღე ანუ კლავიატურა მოვირგე არა მხატვრული წიგნის დასაწერად ან დაკარგული დროის დასაბრუნებლად, არამედ დაკარგვადი პერსონაჟების გადასარჩენად, რადგან თუ ეს პერსონაჟები დაიკარგებიან, მეც დავიკარგები, და ვიღაც შეცდომით იფიქრებს, რომ მართლა მიცნობდა, რაკი ჩემს რომელიმე ლექციას დასწრებია, ტელევიზიით ჩემი გამოსვლა უნახავს ან ინტერვიუ წაუკითხავს“ – წერს ლევან ბერძენიშვილი.