,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
კარინა გრიგორიანი სრულიად საქართველომ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც მისი გოგონა, ქეითი, ლეიკემიით დაავადდა. კარინა ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილი გადაერჩინა. იტალიაში წაიყვანა, დონორი თვითონ უნდა ყოფილიყო და სწორედ იმ დღეს, როცა ოპერაცია იყო დანიშნული, კარინა ცუდად გახდა. გამოკვლევებმა მელანომა დაადგინა. ქეითის დონორი კი მამამისი გახდა.
,,კარინა ცოტას ლაპარაკობდა თავის ავადმყოფობაზე, ტკივილებზე. მუცელში წყალჩამდგარი, დრენაჟებით, ქეითისთვის აცხობდა, კერძებს ამზადებდა” – ყვებიან კარინას მეგობრები.
კარინა გრიგორიანმა 8 თებერვალს ,,ფეისბუქზე” დაწერა: ,,ისე მოხდა, რომ ჩემი ექიმის ვიზიტის დროს გავითიშე. არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი. მოკლედ, მაგარი ექიმების ხელში ვარ. ახლა რეაბილიტაციას გავდივარ და ძლივს ვწერ. როგორც კი ძალებს აღვიდგენ, მოგწერთ. კიდევ ერთხელ გამოვძვრები, დედას ვუტირებ… მელანომა IV სტადია…”. კარინა 12 თებერვალს იტალიაში გარდაიცვალა…
გიგა მაქარაშვილი ,,სარკეს” მეგობარ კარინაზე მოუყვა:
– ჩემი დიდი ხნის მეგობარი იყო კარინა. ძალიან დაიჩაგრა, ძალიან… ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული, საქმიანი და პრინციპული ადამიანი იყო, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. ბევრი კარგი საქმე ჰქონდა გაკეთებული და მერე ისე მოხდა, რომ დახმარება მას დასჭირდა.ქვა ქვაზე არ დატოვა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვი გადაერჩინა. მართლაც გამოაკეთა ბავშვი, მაგრამ, სამწუხაროდ, განმეორდა დაავადება და ძვლის ტვინის გადანერგვა გახდა საჭირო მისთვის.
– ბავშვის მამას გადაუნერგავს მისთვის საჭირო მასალა…
– დიახ. კარინა და მისი ქმარი გაშორებულები იყვნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ბავშვის მამა ჩაერთო საქმეში და ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად. როგორც ღირსეულ მამას ეკადრება, ისე მოიქცა. ქეითი მთელი ცხოვრება იამაყებს იმით, რომ ასეთი მაგარი დედა ჰყავდა.
მთელი მისი ენერგია და რესურსი პატარისკენ იყო მიპყრობილი. როცა თავისი დაავადების შესახებ გაიგო, სულ ამბობდა, საერთოდ არაფერი მაწუხებდა და როგორო. სრულიად შოკისმომგვრელი იყო მისთვის ეს დიაგნოზი, მაგრამ საოცრად ღირსეულად იქცეოდა.ამბობდა, ვაითუ, რაღაცები ვერ მოვასწროო. თან ამბობდა, მე მეომარი ვარ და გამოვძვრები აქედანაცო. არც ამ ბრძოლაში დაუყრია ერთი წამით ფარ-ხმალი.
ბოლოს მეუბნებოდა, ახლა არ დაიწყოთ, მკვდარზე მხოლოდ კარგს ამბობენ, ყველაფერი დაწერეთ ჩემზე, კარგიც და ცუდიცო. სულ ვეუბნებოდი, ნუ ამბობ მაგას, რა დროს შენი სიკვდილია-მეთქი, მაგრამ ამბობდა, არ გინდა ახლა ეგეთები, ორივემ ხომ ვიცით, რაც მოხდება, მაგრამ იქამდე მაინც გავძლო, რომ ჯანმრთელი ბავშვი ვნახოო და მოასწრო ამის ნახვა. ისე წავიდა, იცოდა, რომ მისი შვილი გადარჩა.

