დათო დვალიშვილი: ,,ვარსკვლავს ჩაგიდებენ, შეგაქებენ, ტაშს დაგიკრავენ და მერე უპატრონოდ მიგატოვებენ”

დათო დვალიშვილი: ,,ვარსკვლავს ჩაგიდებენ, შეგაქებენ, ტაშს დაგიკრავენ და მერე უპატრონოდ მიგატოვებენ",,სარკე”, ია ქუთათელაძე

საქართველოს დამსახურებული არტისტი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი დავით დვალიშვილი, 50 წელია სცენაზეა და ზურგუკან 130 როლი აქვს, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და გარდასახვის დიდი ოსტატობით შესრულებული.

თავის დროზე მსახიობობა სიყვარულმა გადააწყვეტინა. გოგო, რომელიც სკოლაში უყვარდა, მსახიობის ცოლობაზე ოცნებობდა. როცა მამას გაანდო გულის წადილი, მშობელმა არჩევანი მოუწონა.

ამ პროფესიას დიდი ხიბლი აქვს – ხალხის სიყვარული, მაგრამ საქართველოში სათანადოდ დაფასებული არ არის. დავით დვალიშვილმა ეკრანზეც შთამბეჭდავი სახეები შექმნა. უცხოეთში მისი დონის მსახიობი ფუფუნებაში იცხოვრებდა, საქართველოში კი მუდმივად თავის გადარჩენაზე უწევს ფიქრი.

ყველაზე მძიმედ გასული საუკუნის 90-იანი წლები ახსენდება, როცა ქალიშვილმა უთხრა, რომ საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და ისიც დათანხმდა…

განვლილ გზაზე, მსახიობის პროფესიაზე, ადამიანურ გულისტკივილზე მსახიობი ,,სარკეს” ესაუბრა.

– ბატონო დავით, ამბობენ, ვისაც ლაღი ბავშვობა ჰქონდა, მთელი ცხოვრება ჰყოფნის საგზლად მისი ლამაზი ფერებიო. თქვენ როგორი ბავშვობა გქონდათ?

– როგორი ბავშვობა უნდა მქონოდა?! 1948 წელს დავიბადე, ქვეყანა ჯერ რეპრესიებისგან იყო განადგურებული, შემდეგ მეორე მსოფლიო ომში გაღებული მსხვერპლით განახევრებული. გაჭირვება იყო ყველგან და ჩემს ოჯახშიც. ჭირდა საჭმელი, ჩასაცმელი, სათამაშოებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. პური რომ პურია, იმასაც წყალი გასდიოდა და საშინელი გემო ჰქონდა. ასე ზრუნავდნენ კომუნისტები თავიანთ ხალხზე. რაიკომის მდივნები თუ ნამუსგარეცხილი ადამიანები ახერხებდნენ სხვადასხვა მაქინაციით გამდიდრებას, პატიოსანი კაცის ხვედრი კი ყოველთვის ერთნაირი იყო – გაჭირვებაში ცხოვრება.

– ჰო, მაგრამ ალბათ მაინც გქონდათ ბავშვური გასართობები.

– მე ვამბობ, მძიმე, გაჭირვებული ცხოვრება იყო-მეთქი, თორემ ბურთსაც ვთამაშობდით და სკოლაშიც დავდიოდით, სიყვარულიც გვეწვეოდა და თავის გამოჩენა გვინდოდა. გაგიკვირდებათ და, მსახიობობაც სიყვარულმა გადამაწყვეტინა. ახლა ახალგაზრდები თამამები არიან, სიყვარულს იოლად უხსნიან ერთმანეთს, ჩემს დროს ასე არ იყო. გოგო თუ მოგწონდა, გაებუტებოდი და მხოლოდ შორიდან უყურებდი, უსმენდი. ასე შორიდან გავიგონე ჩემი მოწონებული გოგოს ნათქვამი, მე მხოლოდ მსახიობს გავყვები ცოლადო, ამიტომ გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი.

სკოლაში იყო თეატრალური წრე, მე კარგი ხმა მქონდა და ხშირად მაკითხებდნენ ლექსებს. მოყვარული მსახიობი იყო რაიონში ერთი, არქიფო სიგუა. მან შემომთავაზა ერთხელ, ბიძიკო, მსახიობი გამიხდა ავად, წამოდი, დამეხმარე, ერთ სკეტჩში ითამაშეო. თეთრი ხალათი ჩამაცვეს და არქიფოს გმირს ოპერაცია გავუკეთე. ესეც ჩამრჩა გულში და გაიდგა ფესვები.

– იმ პირველ სიყვარულს რა ბედი ეწია?

– ჩვენ-ჩვენი გზით წავედით და ცხოვრება გავაგრძელეთ.

– ოჯახში რა რეაქცია ჰქონდათ, როცა გამოაცხადეთ, რომ თეატრალურში აპირებდით ჩაბარებას?

– მამას ვუთხარი, მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი. ჩაფიქრდა, შემომხედა და მითხრა, წადი, შვილო, მე რაც შემეძლება, დაგეხმარები, ღმერთმა ხელი მოგიმართოსო. წლების შემდეგ, როცა მარჯანიშვილის თეატრში “ყვარყვარე თუთაბერი” ვითამაშე, დედა იყო ჩამოსული თბილისში, დაესწრო ჩემს სპექტაკლს. სახლში ვკითხე, როგორ მოეწონა და მიპასუხა, კარგი იყო, შვილო, იცი, მამაშენიც თამაშობდა “ყვარყვარეში” ქუჩარას როლს ტყიბულის თეატრშიო. მაშინ მივხვდი, რატომ დამთანხმდა მამა. თურმე რა დიდი სიყვარული ჰქონია თეატრის, ალბათ როგორ ოცნებობდა მსახიობობაზე.

– 16 წლისა მარტო აღმოჩნდით ქალაქში, მშობლების გარეშე. თუ გახსენდებათ ვინმე, ვინც ხელი წაგაშველათ ახალ გზაზე?

– 16 წლის ვიყავი, რომ წამოვედი და სწავლა და ცხოვრება ნულიდან დავიწყე. ცხოვრება აუცილებლად გამოგიჩენს ადამიანებს, ვისგანაც ბევრ რამეს ისწავლი. ყოველთვის ვსვამ სადღეგრძელოს მამის შემდეგ ანუ იმ კაცებს ვიხსენებ, ვინც გვერდით დამიდგა და ბევრი რამ მასწავლა. ასეთები იყვნენ საშა მიქელაძე, კაკო დვალიშვილი და სხვები, ყველას ვერ ჩამოვთვლი. მადლობა მათ იმ კაცობისთვის, იმ სინდისისთვის, რაც დამიტოვეს და რითაც დღემდე დავდივარ.

– ქუთაისის თეატრი, ახმეტელის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი – თითოეულმა ალბათ თავისი წარუშლელი კვალი დატოვა თქვენს ცხოვრებაში.

– სხვანაირად როგორ იქნება. ქუთაისის თეატრში 10 წელი გავატარე, ახალგაზრდა, დამწყები მსახიობი მივედი. იქიდან გამიცნო ჩემმა მაყურებელმა. ქუთაისი დიდი კულტურის და ტრადიციების ქალაქია, იქაურები თეატრის მოყვარულები ბრძანდებიან და, როგორც მსახიობს, ბევრი სითბო მაჩუქეს. ქუთაისში შევქმენი ოჯახი.

წამოსვლა რომ გადავწყვიტე, ჩემს მეგობარს, შესანიშნავ რეჟისორ გოგი ქავთარაძეს ვუთხარი. მითხრა, სად მიდიხარ, დათო, მომავალ წელს დიდი საგასტროლო ტურნე გვაქვს უცხოეთში, შენ გარეშე როგორ წავიდეთო. არა, ჩემო გოგი, კარგი ახალგაზრდა მსახიობები გვყავს, ჯერ მაქვს დრო 6 თვე, მოამზადე, ჩემ მაგივრად შევიდნენ სპექტაკლებში, მე კი გზას დავულოცავ-მეთქი.

მაშინ ყალიბდებოდა ახმეტელის თეატრი და, შეიძლება ითქვას, სათავეებთან ვიდექი, ჩემი წვლილი შევიტანე ამ თეატრის ისტორიაში. შემდეგ ერთი წელი კინოსტუდიაში ვიმუშავე. იქიდან მარჯანიშვილის თეატრში მივედი და დღემდე იქ ვარ.

– მარჯანიშვილის თეატრში დაგხვდათ მსახიობთა ოქროს თაობა.

– მართლა ასე იყო. ოთარ მეღვინეთუხუცესი, ირაკლი უჩანეიშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, გივი ბერიკაშვილი, სოფიკო ჭიაურელი, გურანდა გაბუნია, თამარ სხირტლაძე და სხვები. ისინი იყვნენ ჩემი სათაყვანო კოლეგები და მეგობრები. გამორჩეული პარტნიორობა იცოდნენ სცენაზე. ოთარი, ეს დიდებული მისახიობი, ყოველთვის ფიქრობდა, შენ ყოფილიყავი კომფორტულად, გაეადვილებინა შენთვის სცენაზე ყოფნა.

ყველა სპექტაკლში განსაცვიფრებელნი იყვნენ. ერთი და იგივე რეპლიკა შეეძლოთ ათასნაირად ეთქვათ ინტონაციის შეცვლით, ღრმა აზრით. ახლა ასეთი მსახიობები აღარ არიან. არ ვიცი, როგორ ასწავლიან თეატრალურში, მაგრამ ისეთი დიდი მაესტროებიც აღარ არიან, ჩვენ რომ გვყავდნენ.ერთხელ გასტროლზე ვიყავით. ჯერ კიდევ ახალმოსულად ვითვლებოდი და ძალიან გაშინაურებული არ ვიყავი. მე და ნოდარ მგალობლიშვილი ერთ ნომერში მოვხვდით. ცოტა წავიქეიფეთ, თურმე ნოდარს იტალიური სიმღერები ჰყვარებია, განსაკუთრებით, როცა შექეიფიანდებოდა. ეტყობა, მოერიდა ჩემი, შევიდა აბაზანაში და იქ დაიწყო სიმღერა.

ბევრ ფილმში ხართ გადაღებული. ერთი მინდა, გაიხსენოთ – მერაბ კოკოჩაშვილის “ნუცას სკოლა”, სადაც მოქმედება მძიმე 90-იან წლებში ხდება.

– საშინლად მძულს იმ პერიოდის გახსენება და მოგახსენებთ, რატომაც. მძიმე დრო იყო, უკიდურესად ჭირდა ცხოვრება. ჩემმა ქალიშვილმა ინსტიტუტი დაამთავრა, გერმანული ენა იცოდა კარგად და გამომიცხადა, მამა, გერმანიაში უნდა წავიდეო. მე დავთანხმდი, გამიხარდა კიდეც. შვილის სხვაგან წასვლა როგორ უნდა გაგიხარდეს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანდა. წავიდა და იქ დარჩა. დამშორდა ჩემი შვილი და ჩემი შთამომავალი. ასე დაკარგა ქვეყანამ ათასობით, ათიათასობით ქართველი, რომელიც ემიგრანტად იქცა. ვინც დარჩა, მათაც გაქცევაზე უჭირავთ თვალი.

“ნუცას სკოლას” რაც შეეხება, ეს მართლაც ბედნიერი ხანა იყო. ვიმუშავე ისეთ რეჟისორთან, რომელზედაც შეიძლება მხოლოდ იოცნებო. მერაბ კოკოჩაშვილი სიმშვიდის, სათნოების განსახიერებაა. ნახევარი სიტყვით გახვედრებს, რას ითხოვს შენგან. მერე რა მსახიობთა ანსამბლი შეკრიბა! ჩემი გმირი – კაკო, ერთი უჯიათი, უკმეხი, ტრაგიკული პიროვნებაა, რომელიც საკუთარმა ეგოიზმმა და არეულმა დრომ კიდევ უფრო უბედურ კაცად აქცია.

ერთი სიმბოლური და ბედნიერი ფაქტიც მოხდა, დავამთავრეთ ფილმის გადაღება და ჩემმა ვაჟმაც მახარა პირველი შვილიშვილის დაბადება.

– ქუთაისში დავოჯახდიო, ბრძანეთ. რამდენად რთული იყო თქვენი ცოლისთვის მუდმივად დაკავებული მსახიობის მეუღლეობა?

– არ იქნებოდა ადვილი გადაღებები, სპექტაკლები, გასტროლები, ქეიფი, სტუმრიანობა, მაგრამ ჩემს ცოლს არასდროს შეუხრია წარბი. არასდროს უთქვამს საყვედური ჩემი მოუცლელობის გამო. ის კი არა, ქუთაისში რაღაც დროის შემდეგ წარმატებას რომ მივაღწიე და, ასე თუ ისე, ცნობილი გავხდი, მითხრა, შენ ბაზარში აღარ წახვიდეო. რომ გამიკვირდა, ამიხსნა, შენ ისეთ საქმეს ხარ შეჭიდებული, რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო გჭირდებაო. გამათავისუფლა საოჯახო საქმეებისგან. შვილების აღზრდაც მთლიანად თავის თავზე აიღო. ისიც მისი დამსახურებაა, რომ ყოველთვის ყველაფერი მოწესრიგებული იყო.

ჩინებული დიასახლისი გახლავთ და ჩვენს მსახიობებს ძალიან უყვარდათ მისი ნახელავი. სანზონაში ვცხოვრობთ, საკუთარი სახლი გვაქვს პატარა ეზოთი. ჩვენი შრომით ავაშენეთ, ვაზის ტალავერი მაქვს და შემიძლია ეზოში ჩამოვჯდე, სუფთა ჰაერი ვისუნთქო. მადლობელი ვარ ჩემი მეუღლის, რომ ამდენი წელი ერთგულად, სიყვარულით მიდგას გვერდით.

– მამაპაპეული სახლი ხომ გაქვთ?

– ვანის რაიონის სოფელ სულორში გვაქვს ჩვენი ფუძე. მე და ჩემმა ძმამ მივხედეთ, გავალამაზეთ, მოვუარეთ. კოხტა ოდა სახლი გვიდგას. ადრე ხშირად დავდიოდით, შემდეგ ჩემი ძმა გარდაიცვალა. მოგეხსენებათ, ცხოვრება უკეთესი არ გამხდარა, უფრო გაძნელდა. მარტო ბენზინი მჭირდება 300 ლარის, სხვა ხარჯებზე რომ არაფერი ვთქვა. ასე რომ, დღევანელი ფინანსური შესაძლებლობები არ მაძლევს საშუალებას, ხშირად ვიარო. როცა გადაღებები იყო, სერიალებში ვმონაწილეობდი, უკეთ ვიყავი, ახლა მხოლოდ თეატრის ხელფასს შევყურებთ.

– რას ფიქრობთ, სწორად აირჩიეთ პროფესია?

– მე კი სწორად ავირჩიე პროფესია, მთელი სული და გულიც შევალიე, მაგრამ ის ხალხი, ვინც უნდა აფასებდეს ხელოვნებას, მთავრობას ვგულისხმობ, არც ადრე იყვნენ და არც დღეს არიან ჩვენთვის. კომუნისტები ვითომ მოსაჩვენებლად მოგეფერებოდნენ, წოდებას მოგცემდნენ, ჯილდოებს, მაგრამ არაფრად გვთვლიდნენ, გვებრძოდნენ კიდეც. დღეს ვარსკვლავს ჩაგიდებენ, შეგაქებენ, ტაშს დაგიკრავენ, მერე უპატრონოდ მიგატოვებენ.

იცით, რა მიკვირს? ჩვენს ქვეყანას ხომ თავისი კულტურითა და ხელოვნებით იცნობენ მსოფლიოში. ძალიანაც ამაყობენ, თავის გამოსაჩენად სჭირდები, აქ კი, სამშობლოში, არც ხელისშეწყობა იციან და არც მომავალზე ფიქრობენ.

თეატრშიც დიდად არ ვარ დაკავებული. ოქროს ხანა რომ ვახსენე, მაშინ ძალიან მაღალი სტანდარტი იყო რეპერტუარის და მსახიობების შერჩევის. არა მარტო ჩვენს თეატრში, ყველგან დაიწია ხარისხმა. საშუალო სტანდარტზე ვართ გაჩერებული. ჩვენთან სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევაც გაიწელა. ზოგიერთები ჩვენ, წინა თაობას, გვაბრალებენ, რომ სამინისტროსთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ღმერთია მოწმე, უბრალო ვართ ამ საქმეში. სამინისტროს გზაც არ ვიცი, ცხოვრებაში ერთხელაც არ ვყოფილვარ.

ჩემი ხალხის, ჩემი მაყურებლის სიყვარული მაბედნიერებს. თუ კიდევ მომეცემა საშუალება, ახალი სახეები შევქმნა თეატრში, სიამოვნებით ვითამაშებ. მთავარია, მშვიდობა იყოს, ჩემს სამშობლოს თავისი გაფანტული შვილები დაუბრუნდეს. მე ჩემი სათქმელი უკვე ნათქვამი მაქვს.