ლია სულუაშვილი: ,,თეატრიდან ერთი ადამიანი გავუშვი და ისიც ჩემი მეუღლე”

ლია სულუაშვილი: ,,თეატრიდან ერთი ადამიანი გავუშვი და ისიც ჩემი მეუღლე",,სარკე”, ია ქუთათელაძე

1967 წელს, როცა 19 წლის დამწყები მსახიობი, ლია სულუაშვილი, თავის 16 მეგობართან ერთად ავტობუსში ჩაჯდა და სრულიად უცნობი მხარის, მესხეთ-ჯავახეთისკენ გაემგზავრა, ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ იქ დიდხანს დარჩებოდა. თბილისში საოცნებო მარჯანიშვილის თეატრში ელოდებოდნენ, ის კი იმ ჯგუფში აღმოჩნდა, რომელსაც ისტორიული მესხეთის თეატრის აღორძინება და განვითარება დაავალა კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობამ.

ფიქრობდა, ცოტა ხნით იმუშავებდა და თბილისში დაბრუნდებოდა, მაგრამ 55 წელია თეატრი წუთითაც არ მიუტოვებია. ის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გახლავთ.

იმ 17 ახალგაზრდაში ლიას შეყვარებული, მისივე კურსელი, მსახიობი გუჯა გოგიძეც იყო. ახალგაზრდებმა ახალციხეში იქორწინეს. ორი ვაჟიშვილი თეატრის კულისებში გაზარდეს. მისი ვაჟ, კახა გოგიძე, ფართო საზოგადოებამ სერიალიდან ,,ჩემი ცოლის დაქალები” გაიცნო.

,,თბილისიდან აკრეფილი გუდა-ნაბადით დღესაც, 55 წლის შემდეგ, ჩემს საყვარელ თეატრთან ვარ და ვერც ვერასდროს შეველევი”, – უთხრა ,,სარკეს” ქალბატონმა ლიამ.

ლია სულუაშვილი: მე და ჩემი მეუღლე თავიდან ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. როგორც ჩვენ ვწვალობდით, ასეთივე წვალება გაიარეს ჩვენმა შვილებმა. კულისებში ცივ ტახტზე ეძინათ, ზაფხულობით მთელ რეგიონში დავდიოდით, გვყავდა ძველი, გაზელის მარკის ავტობუსი, რომელიც დანგრეულ გზებზე ჯაყჯაყით დადიოდა. საბავშვო ეტლებში ჩაწვენილ შვილებს ავტობუსით ვატარებდით. ერთხელ ისე ჩაჰკრა ავტობუსმა უზარმაზარ ორმოში, ჩემი კოლეგის პაწაწინა გოგონა ეტლიდან ამოფრინდა და ბოლო სავარძლის ქვემოდან გამოვიყვანეთ.

როგორც დედამ, ბევრი რამ დავაკელი შვილებს, დამნაშავედ ვგრძნობ მათ წინაშე თავს. დავაკელი დედის გვერდით ყოფნა, სითბო, რეჟიმი, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა. 30 წლის ვიყავი, როცა დამსახურებული არტისტის წოდება მომანიჭეს. უამრავი წოდება და პრემია მაქვს მიღებული. ამით კი არ ვტრაბახობ, არამედ მეამაყება, რომ ჩემი შრომა დააფასეს. შვილები მეუბნებიან, დედა, ყველაფერი კარგად გვახსოვს, მაგრამ შენ საჭმელს როდის ჭამდი, ის არ გვახსოვსო. ვერც გაიხსენებენ, რადგან მაგიდასთან დაჯდომას ვერასდროს ვახერხებდი.

ძილი ყოველთვის მაკლდა. შუაღამეს მოსული განთიადისას ვდგებოდი, რომ საოჯახო საქმე მომესწრო. ჩემი სახლიდან სანამ თეატრში მივიდოდი, ავტოსადგური იყო. სოფლებიდან ჩამოსული გლეხები იქვე ბაზარში მიდიოდნენ თავიანთი პროდუქტის გასაყიდად. ერთხელაც ამ სადგურთან ბაზრიდან გამოსული ქალი დამეჯახა დიდი კალათით და მივხვდი, რომ რამდენიმე წუთი ვიდექი და მეძინა, ამ დაჯახებამ გამომაფხიზლა…

მინდოდა, კახა საოპერო მომღერალი გამოსულიყო, ამისთვის ყველაფერი ჰქონდა, შესანიშნავი ხმა, აბსოლუტური სმენა, მაგრამ არ მოინდომა. გამოგვიცხადა, მსახიობი უნდა გავხდეო და გახდა კიდეც. პატარაობიდან ჯიუტი იყო, წინააღმდეგობა გამიწია, არ გახდა ტენორი, მაგრამ კარგი მსახიობია. რეჟისორობაც ისწავლა, ახლა კინოთი დაინტერესდა და ისიც მაგისტრატურაში სწავლობს. ასე რომ, 50 წელს მიღწეული ორი სტუდენტი მყავს ოჯახში.

– როგორი ხელმძღვანელი ხართ, მსახიობი თუ გაგითავისუფლებიათ თეატრიდან?

-სიმკაცრე არ მჩვევია. თეატრიდან ერთი ადამიანი გავუშვი და ისიც ჩემი მეუღლე. მას ხანდაზმული დედა ჰყავს ქარელის რაიონში, მისი მარტო დარჩენა აღარ შეიძლებოდა და გუჯას დედასთან უწევდა დიდი ხნით ყოფნა. დავაწერინე განცხადება და დავადე რეზოლუცია. ვერ დავუშვებდი, რომ დროის უმეტესი ნაწილი თეატრში არ ყოფილიყო და ხელფასი სრულად აეღო. გამოვიდა, რომ ჩემი ხელმძღვანელობის მანძილზე მხოლოდ ჩემი მეუღლე დავსაჯე.