ანიტას ბებია: ,,არასოდეს უთხრათ ასეთი რამ ახლობლებს, არასოდეს!”

ანიტას ბებია: ,,არასოდეს უთხრათ ასეთი რამ ახლობლებს, არასოდეს!"ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ სიტყვებს წერს:

„ახლა ერთი პოსტი შემხვდა, პატარა ანგელოზი გაფრენილა, ანიტასავით კიკინებიანი. ვიღაც უწერდა კომენტარში, უფალმა წაიყვანა, იქ უკეთესად იქნებაო. მახსოვს, ანიტა ჯერ ჩამოსვენებული არ იყო ინდოეთიდან, ზუსტად ეს სიტყვები მითხრა ერთმა ახლობელმა. თმენის უნარი სად მქონდა და ვკითხე, იქ უკეთესად თუ არიან, დედები რატომ არ ლოცულობენ, შვილები რომ წაართვას სიკვდილმა-მეთქი. დუმილი ჩამოწვა. ახლა შენ ვერ გამიგებო. გაგიგებ, შენ თუ შენი შვილისთვის ამაზე ილოცებ-მეთქი.

ეწყინა. ვიცი, რომ ეწყინა. მე კი ჭრილობაზე ჭრილობა დამემატა. არასოდეს უთხრათ ასეთი რამ არავის. არასოდეს! იმიტომ, რომ თქვენს პატარებზე ასე არ ფიქრობთ!”, – წერს თამუნა გლურჯიძე.

ანიტა ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ქალბატონი თამუნა ,,სარკეს” ამ უდიდეს ტკივილზე უამბობს:

,,იცი, რომ ფიზიკურად არ არის და არც იქნება, მაგრამ რა გრძნობაც მის მიმართ მქონდა, სულ ჩემშია. ეს მონატრება სულ ჩემშია. თითქოს განფენილი იყო ყველგან, ახლა შეიკრა და შიგნით ჩამისვეს – ასეთი განცდა მაქვს. რთული ასახსნელია, მაგრამ ამას ვგრძნობ. ამ სიბერეში ლექსების წერა დამაწყებინა. გაუსაძლისია მისი მონატრება და, როცა ამას ვეღარ ვერევი, ვჯდები და ანიტუკას ლექსს ვუწერ, ასე ვეფერები. ეს ლექსები თავისით მოდის, ტვინის განძრევაც არ მჭირდება”.