,,ნერგები” – ნამდვილი ამბავი ლუკა ბაბუზე – 44 წლის რამაზ ჩხიკვაძე მოხუცის როლზე უარს ამბობდა

,,ნერგები" - ნამდვილი ამბავი ლუკა ბაბუზე - 44 წლის რამაზ ჩხიკვაძე მოხუცის როლზე უარს ამბობდა,,სარკე”, თეონა კენჭიაშვილი

ქართული კინოკლასიკა, ფილმი ,,ნერგები”, 50 წლის ხდება. დღეს უკვე კინოკლასიკოსები არიან ისინიც, რომლებიც 50 წლის წინ ამ სურათს ქმნიდნენ – რამაზ ჩხიკვაძე, სესილია თაყაიშვილი, ზეინაბ ბოცვაძე, ზურაბ ქაფიანიძე, კახი კავსაძე, გელა ჩარკვიანი, მიშა მესხი… და ორი დიდი მაესტრო, რეჟისორი რეზო ჩხეიძე და სცენარისტი სულიკო ჟღენტი.

ლუკა ბაბუს და მისი პატარა შვილიშვილის ისტორია კინოეკრანებზე 1972 წელს გაცოცხლდა. ეს ამბავი სცენარისტ სულიკო ჟღენტს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში გადახდა თავს და მერე სცენარად აქცია, რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ კი ფილმი გადაიღო.

,,ნერგების” მთავარი პერსონაჟის, ლუკა ბაბუს, როლისთვის რეჟისორმა თავიდან გრიგოლ ტყაბლაძე შეარჩია, მაგრამ მსახიობი ავად გახდა – ინსულტი დაემართა და ორი თვე ვერ შეძლებდა ფეხზე დადგომას. შემდეგ ვასო ამაშუკელზე იფიქრეს, თუმცა ის უკვე ასაკში იყო და ლუკას ტექსტის დამახსოვრება გაუჭირდებოდა. საბოლოოდ რეჟისორმა გადაწყვიტა, ამ როლზე რამაზ ჩხიკვაძე აეყვანა, რომელიც იმ დროს 44 წლის გახლდათ. მან 80 წლის მოხუცის როლი გენიალურად განასახიერა, რისთვისაც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრემია მიიღო. შემდეგ იყო აღიარება იაპონიაში, დასავლეთ გერმანიაში, მთელ მსოფლიოში.

ბატონი რამაზი კარგახანი იყო უარზე. თურმე მერე ამბობდა, რეზო ჩხეიძე ჩემს მტერს გადაეკიდა, გასაქანი არ მომცა და როლზე მაინც დამითანხმაო. როგორ იქმნებოდა ფილმი ნახევარი საუკუნის წინ, ამაზე ქვემოთ.

პერსონაჟთან შეხვედრა და სცენარის დაბადება

ქეთევან ჟღენტი, სცენარისტ სულიკო ჟღენტის ქალიშვილი:

– მამაჩემის შემოქმედებიდან თითქმის ყველა სცენარი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ის წერდა იმაზე, რაც თავად გადახდებოდა ხოლმე. ასეთი ცხოვრებისეული შემთხვევა იყო “ნერგებთან” დაკავშირებითაც.

როგორც მამა იხსენებდა, ერთხელ, ადრიან გაზაფხულზე, ბათუმიდან გურიაში მიემგზავრებოდა. სატვირთო მანქანაში მასთან ერთად 70 წლამდე ასაკის მოხუცი მჯდარა. ლოყები აწითლებული ჰქონია და არაბუნებრივად ულაპლაპებდა. მამაჩემი გამოლაპარაკებია. მოხუცს საუბრისას მოუყოლია, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, რადგან წვიმაში დასველდა. სულიკოს მისთვის ისიც შეუტყვია, რომ მაღალი სიცხე ჰქონდა. მოხუცმა უთხრა, რომ სამი დღე გზაში გაატარა. ზემო იმერეთში ნერგებს ეძებდა და ბოლოს იპოვა, რითაც ძალიან გახარებული იყო. მამაჩემს უკითხავს, რისი ნერგები იყო. მოხუცს უპასუხია, რომ ეს იყო ხეჭეჭურის ძველი ჯიშის ნერგები, რომლებიც პირველ ნაყოფს მხოლოდ 10-12 წლის შემდეგ ისხამს.

ეს ამბავი მამაჩემს ახალგაზრდობაში გადახდა თავს. წლების განმავლობაში სულ ამბობდა, რომ მოხუცსა და ნერგებზე ფიქრი დიდხანს არ ასვენებდა. იტყოდა ხოლმე, არ მგონია, მოხუცი ასეთი წვალებით მოპოვებული ნერგების პირველ ყვავილობას მოსწრებოდაო. მართალია, ის ასაკში იყო, მაგრამ საკუთარ თავზე კი არა, იმაზე ფიქრობდა, რომ წლების შემდეგ ნერგი ნაყოფს გამოისხამდა და ამას მისი მომავალი თაობა მოესწრებოდა.

ამ ყოფითი და სიმბოლური ამბის მიხედვით დაიწერა სცენარი, რომელზეც შემდეგ რეზო ჩხეიძემ ფილმი გადაიღო. შემდგომში მამაჩემი თავის მოგონებებში წერდა, ბაბუა ლუკა ერთი იმათგანია, ვისაც დედამიწა ეყრდნობაო.

კახი კავსაძის და ლია კაპანაძის გენიალური დუეტი

მსახიობი ლია კაპანაძე:

– რეზო ჩხეიძის ორ ფილმში მივიღე მონაწილეობა, ესენია ,,ნერგები” და “მშობლიურო ჩემო მიწავ”. მასთან მუშაობა უდიდესი გამოცდილება იყო. როცა დამწყები მსახიობი ასეთი პიროვნების გვერდით აღმოჩნდები, ეს დიდი წარმატებაა.

,,ნერგებში” გადასაღებად რომ დამიძახა, უზომოდ გახარებული ვიყავი. კინოსტუდიაში დამიბარა. შეხვედრაზე ბევრი ვისაუბრეთ. მითხრა, რომ როლისთვის მოვმზადებულიყავი. სცენარი სახლში გამატანა. თავიდან ბოლომდე წავიკითხე და ჩემი ფანტაზიით შევქმენი როლი.

რამდენიმე დღის შემდეგ ბატონმა რეზომ ისევ დამიბარა, რომ მისთვის ჩემი შეხედულებები გამეცნო როლთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ მე სხვა პერსონაჟზე ვსაუბრობდი, ის – სხვაზე. როგორც გავიგე, თურმე მთავარ როლზე უნდოდა ჩემი აყვანა, ანუ კახას (ლუკა ბაბუს შვილიშვილი, რომლის როლსაც მიშა მესხი თამაშობს. რედ.შენ.) დედის როლზე. მე კიდევ სცენარის წაკითხვის შემდეგ ეპიზოდური როლი ავირჩიე. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ეს უფრო საინტერესო იყო სამუშაოდ. ამაზე ბატონ რეზოს გაეღიმა და მითხრა, რადგან ასე გადაწყვიტე და უკვე ამ პერსონაჟისთვის ხარ მზად, ამ როლზე დაგამტკიცებო.

ერთი კვირის შემდეგ ჩემი სცენის გადაღებაც დაიწყო. თბილისში, პავილიონში გადავიღეთ, თუმცა ფილმში ეს ამბავი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ხდება. როგორც იცით, ქვრივი ქალის როლი მაქვს. ჩემი პარტნიორი კახი კავსაძე გახლდათ. სცენა ასეთია – ჩვენთან ბაბუა და შვილიშვილი მოდიან, რომლებსაც შორი გზა აქვთ გამოვლილი. მეორე ოთახში მიცვალებულია დასვენებული, ამის მიუხედავად, სტუმრებს სახლში მაინც შეიპატიჟებენ და ისე დახვდებიან, როგორც ქართულ სტუმართმოყვარეობას ეკადრება.

ამ ერთ სცენაში ქართული ტრადიცია თავისი სიმძაფრით ჩანს, რომ სტუმარს შენი განწყობა და გასაჭირი თავზე არ უნდა მოახვიო. თავის ქებაში არ ჩამითვლით ალბათ, მაგრამ მეც და კახიმაც ძალიან კარგად შევასრულეთ ეს, ერთი შეხედვით, ეპიზოდური როლი და მახსოვს, რომ რეჟისორი ძალიან კმაყოფილი დარჩა.

რეზო ჩხეიძე გადაღების დროს იყო ძალიან მომთხოვნი, მკაცრი და დისციპლინას უმაღლეს დონეზე აყენებდა. მსახიობები ისე ვიყავით გადასაღებ მოედანზე, როგორც ჯარისკაცები და მის ბრძანებებს ვემორჩილებოდით. აი, გადაღების დასრულების შემდეგ კი ბატონი რეზო ძალიან თბილი და იუმორით სავსე ადამიანი ხდებოდა.

რეზო ჩხეიძის მადლიერი ვარ. მთელი ჩემი შემოქმედების გზაზე თუ ვინმეს სიკეთე გაუკეთებია, ეს არის რეზო ჩხეიძე. როდესაც თეატრის გარეშე დამტოვეს, რასაც ძალიან განვიცდიდი, სწორედ მან გამომიწოდა ხელი. მეგობარმა მირჩია, მასთან მივსულიყავი და აუცილებლად დამაბრუნებდა კინომსახიობთა თეატრში. ამ დროს კინოსტუდიაში მსახიობის შტატში ვიყავი. ბატონ რეზოსთან მივედი და ვთხოვე, თუ შეძლებდა ჩემთვის ამ სიკეთის გაკეთებას. მისი წყალობით, კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ვარ. რეზო ჩხეიძის სიკეთე არასდროს დამავიწყდება.

რამაზ ჩხიკვაძის უარი და განცდები

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე:

– “ნერგებში” ეპიზოდური როლი მაქვს, თუმცა მახსოვს, როგორ იქმნებოდა ფილმი. მსახიობები უკვე არჩეული იყვნენ, გადაღებების პროცესიც დაწყებული იყო და შემდეგ ჩამრთეს მე.

რეზო ჩხეიძის ასისტენტი იყო ელგუჯა ჟღენტი, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი თანაკურსელი გახლდათ. ერთხელ ქუჩაში შემხვდა და სადღაც დამპატიჟა. უარი ვუთხარი, რადგან უცხოელი სტუმარი მყავდა, ესტონეთიდან მეგობარი ქალი იყო ჩამოსული. ელგუჯამ მითხრა, ფილმისთვის უცხოელები გვჭირდება და იქნებ ეგ ქალი გადავიღოთო. ბატონ რეზოს ეს ყველაფერი მოუყვა და ესტონელი ქალი კინოსტუდიაში მიმაყვანინეს. ის აღარ გადაუღიათ, მაგრამ მე დამტოვეს და სასტუმროს ადმინისტრატორის როლი მომცეს.

გადაღება სასტუმრო ,,ივერიის” შენობაში მიმდინარეობდა. ჩემი სცენის გადაღება მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის მაინც საინტერესო პროცესი გახლდათ. რეზო ჩხეიძის გვერდით გადასაღებ მოედანზე მუშაობა, თუნდაც რამდენიმე დღით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

რაც შეეხება რამაზ ჩხიკვაძეს, ის თავიდან უარზე იყო. ჩემი მეგობარი გახლდათ და ვიცი, როგორი იყო მისი ემოცია ამ როლის გამო, რადგან მოხუცის განსახიერება იოლი არ არის. ლუკას როლისთვის ბევრი მსახიობი გასინჯეს, მათ შორის – აკაკი კვანტალიანიც. მერე კი რამაზი შეარჩიეს. ძალიან ნერვიულობდა, ამ ახალგაზრდა კაცმა მოხუცი როგორ ვითამაშოო, მაგრამ ნიჭმა თავისი ქნა და მან ეს არაჩვეულებრივად შეძლო.

მიშა მესხი (უმცროსი) ჩემს ხელში გაიზარდა. მამამისი, ფეხბურთელი მიშა მესხი, ჩემი ხელისმომკიდე გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უმცროსი იყო. მე, ეროსი მანჯგალაძე და მიშა ძალიან დავმეგობრდით და, როცა თამაში არ ჰქონდა, სულ ერთად ვქეიფობდით. პატარა მიშაც ჩვენთან ერთად იყო და სასეირნოდ ხან ტყეში დაგვყავდა, ხან ლისის ტბაზე. მიხაროდა, რომ მსახიობური ნიჭი აღმოაჩნდა. შემდეგ, კი იცით, როგორც წაუვიდა ცხოვრება. ახლა ის მახარებს, რომ მისი შვილი, მიშა მესხი, აგრძელებს მსახიობურ გზას.