ია ნანეიშვილი: ,,მამაცი უნდა იყო, ცხოვრება ვერ იტანს წუწუნა და სუსტ ადამიანებს”

ია ნანეიშვილი: ,,მამაცი უნდა იყო, ცხოვრება ვერ იტანს წუწუნა და სუსტ ადამიანებს",,სარკე”

,,არ მინდა, მოვკვდე! მე ამას ყოველდღე ვუმეორებ საკუთარ თავს, ოღონდ სრულიად სხვა კონტექსტში. სწორედ ეს სიტყვები მაძლევს ძალას და სტიმულს, დასახული მიზნისაკენ ყოველდღე თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგა.

სამყაროში იმაზე გაცილებით მეტი ფერია, ვიდრე ადამიანის თვალს შეუძლია აღქმა. ნებისმიერი ფერი შეიძლება შენი გახდეს, თუ მის არსებობას შენში გრძნობ, რადგანაც ყოველი ჩვენგანი ხედავს მხოლოდ იმას, რისი დანახვის უნარიც გაგვაჩნია.

აირჩიე ბედნიერების ფერი! მე უკვე გავაკეთე არჩევანი! წარმოდგენა არა მაქვს, როგორი ბედისწერით იბადებიან ადამიანები, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ტანჯვისთვის არავინ ჩნდება”, – წერდა პოეტი ია ნანეიშვილი, რომელმაც ნამდვილად გააკეთა არჩევანი – ის სიყვარულისთვის ცხოვრობდა, უზომოდ დიდ სითბოს გასცემდა, ამიტომაც ის უამრავმა ადამიანმა გულწრფელი ცრემლებით გააცილა იმქვეყნად.

პოეტ ქალს 4 წლის წინ მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს, ვერაგ დაავადებასთან – მწვავე ლეიკემიასთან მოუწია გამკლავება. გამოჯანმრთელდა, თითქოს ყველაფერი უკან მოიტოვა, მაგრამ მოულოდნელად დაავადება დაბრუნდა და…

,,ხომ არის ხოლმე “გადასატანი” დღეები… “ფეხზე ვერ დავდგები” დღეები… “მეტი აღარ შემიძლია” დღეები… “დავიტანჯე” დღეები… მხრებჩამოყრილი დღეები… “ყელში ამოვიდა” დღეები… გულგახეთქილი დღეები… ამ დროს, იცი, რა უნდა ქნა?! საკუთარი სხეულიდან უნდა გამოხვიდე, შენს თავს მეგობარივით გვერდში ამოუდგე, შენივე ხელი მხარზე გადაიდო, წამოაყენო…

კიდევ რა უნდა ქნა?! საკუთარ თავს დაელაპარაკე, გულახდილად უთხარი, გამოუტყდი ყველაფერში… რა გინდა… რატომ ხარ ასე… იტირე! თუ გულზე მოგეშვება, იტირე!.. მერე აუცილებლად გაიცინებ, გულიანად გაიცინებ!.. მთავარია, ეს “გადასატანი” დღეები გადაიტანო!..

უნდა ადგე!.. აუცილებლად უნდა ადგე და გააგრძელო გზა მზიანი დღეების ხათრით!.. საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად! საკუთარი ბედნიერების დღეების საპოვნელად!.. იპოვე! აუცილებლად იპოვე შენი თავი იმ “ჩავიძირე” დღეების ფსკერზე და გადაარჩინე!” – წერდა პოეტი ქიმიოთერაპიის კურსის გავლისას.

ია პროფესიით ჟურნალისტი იყო, ასევე საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის და ქალთა საბჭოს წევრიც. დააჯილდოებული იყო ქართული სიტყვის ოსტატის წოდებით. ცხოვრობდა ხობში. მისმა ინტერვიუმ, რომელიც ,,სარკეში” დაიბეჭდა, ჩვენი ჟურნალის ოქროს ფონდში გადაინაცვლა. ია გვიყვებოდა:

– ვწერ იმას, რასაც გული მკარნახობს. მეუბნებიან, რომ მახვილიანი კალამი მაქვს, რადგან სათქმელი ყოველთვის მიზანში ხვდება… ვერც ვიფიქრებდი, ხალხისგან ასეთ უზარმაზარ ნდობას და სიყვარულს თუ დავიმსახურებდი. მე ვარ იღბლიანი ადამიანი!..

როდესაც ავად ვიყავი, ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, მრჩეველი, დამრიგებელი, რაოდენ გასაოცრადაც უნდა ჟღერდეს, მე ვიყავი. ზოგჯერ საკუთარ დარდებზეც უნდა გაიცინო, თორემ ცხოვრება შეგშლის. აუცილებლად უნდა იბრძოლო საკუთარი სიცოცხლისათვის. მამაცი და შეუპოვარი უნდა იყო. ცხოვრება ვერ იტანს წუწუნა და სუსტ ადამიანებს.

– მწვავე ლეიკემია დაამარცხეთ და ამ თემას წიგნი მიუძღვენით. რა გაძლევდათ სულიერ ძალებს საბრძოლველად?

– 2017 წლის 16 ივლისს მოულოდნელად მწვავე პრომიელოციტური ლეიკემია დამიდგინდა. ეს ჰგავდა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას. მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მანამდე არასოდეს მქონია ჯანმრთელობის პრობლემა… ოჯახი, ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები თუ უცნობები – ყველა გვერდით დამიდგა. თითქოს მთელი სამყარო გაერთიანდა ჩემ გადასარჩენად. უფალმა მეორე სიცოცხლე მაჩუქა.

მათ, ვინც ახლა იბრძვის სიცოცხლისათვის, ვურჩევდი, რომ ერთი წამითაც არ იფიქრონ სიკვდილზე! ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე! თუ გინდა, იცოცხლო, უნდა დაიჯერო, რომ გადარჩები.