,,ჩემს გენშია ტყუპები, ბევრი ხალი, ასტიგმატიზმი, ბრტყელი ტერფი” – 24 წლის გოგონა მშობლებს ეძებს

,,ჩემს გენშია ტყუპები, ბევრი ხალი, ასტიგმატიზმი, ბრტყელი ტერფი" - 24 წლის გოგონა მშობლებს ეძებს,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,თუ ეძებთ გოგოს 1996-1997 წლებში დაბადებულს და გაქვთ სლავური გენი შერეული, თუნდაც წინა თაობებში, მომწერეთ… შენ თუ ამას კითხულობ და წლების წინ დატოვე ბავშვი სამშობიაროში, გამოჩნდი. უბრალოდ ჩემი გვარი მაინტერესებს. ორი შვილი მყავს და არ მინდა, სამომავლოდ შიში მქონდეს. უბრალოდ მითხარი, ვინ ვარ და მორჩა, აღარ შეგაწუხებ, არ მინდა შენი არაფერი”, – ასე იხვეწება ფეისბუქჯგუფში ,,ვეძებ” ლამაზი, ნაწილობრივ სლავური გარეგნობის მქონე გოგონა, რომ ნამდვილი მშობელი გამოეხმაუროს.

24 წლის ნინის ნამდვილი გვარი, სავარაუდოდ, მჭედლიშვილია, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ მის პირვანდელ დაბადების მოწმობაში სიმართლე წერია. ამბობს, რომ გამზრდელმა მშობელმა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა სახლიდან აიყვანა. ნინი ,,სარკესთან” თავის ისტორიას ყვება და მათ საყურადღებოდ, ვინც 1996-97-98 წლებში დაბადებულ შვილს ეძებს, ბევრ საინტერესო მინიშნებას იძლევა.

ნინი: 20 წლის ვიყავი, აღმზრდელმა დედამ რომ მითხრა, აყვანილი ხარო. წინა დღეებში მკითხა დედამ, რომ აღმოჩნდეს, ნაშვილები ხარ, რა მოხდებაო. ვუპასუხე, არაფერიც არ მოხდება, პირიქით, თქვენ მიმართ უფრო მეტი პატივისცემა და სიყვარული მექნება-მეთქი. ასეც არის. მას მერე უფრო მეტად დავუახლოვდით ერთმანეთს და სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს.

– თქვენი აყვანა როგორ მოხდა, რა გითხრათ გამზრდელმა დედამ?

– ნუცუბიძეზე რომ ბავშვთა სახლია, იქიდან ამიყვანეს სასამართლოს გზით… ვეძებ, რადგან შეიძლება დედმამიშვილები მყავს. სხვა ინტერესი არ გამაჩნია. ზოგს ალბათ ფინანსური კუთხეც აინტერესებს, მაგრამ მე – ნაკლებად. გაყიდვის ფაქტიც რომ დადასტურდეს, არა უშავს, მხოლოდ ის მაინტერესებს, ვინ ვარ. იმ ვერსიასაც ვუშვებ, რომ ექიმებმა მოჰპარეს ჩემი თავი, მაგრამ აღმზრდელებმა ამის შესახებ ნამდვილად არ იციან, თორემ მეტყოდნენ, რადგან ძალიან კარგი ადამიანები არიან. მთელი ცხოვრებაა, მათი ყურადღება მხოლოდ ჩემკენაა მომართული.

– წერთ, შესაძლოა, ვისი შვილიც ვარ, გენეტიკაში ტყუპები ჰყავდესო. თავად ტყუპები გეყოლათ?

– დიახ, ტყუპები მყავს – გოგო-ბიჭი. ორსულად რომ ვიყავი, იმ დროს ფეხსაცმლის მაღაზიაში ვმუშაობდი. შემოვიდა ერთი მამაკაცი და რაღაც სახელით მომმართა. ისე დავიბენი, ის სახელი სულ გადამავიწყდა, ვეღარაფრით გავიხსენე. ვუთხარი, ის არ ვარ-მეთქი. მერე მითხრა, გიას შვილს ძალიან ჰგავხარ. მას ტყუპი გოგოები ჰყავს და მის ერთ შვილს ჰგავხარ, ის მეგონეო.

მამაჩემის სახელად დაბადების პირვანდელ მოწმობაში გიორგი წერია. სამსახურში ვიყავი და გამოკითხვას ვერ დავუწყებდი. თან დავიბენი. იმის მერე ის კაცი აღარც მოსულა, რომ რამე გამეგო. კიდევ იყო რამდენიმე ფაქტი, როცა ვიღაცას მიმამსგავსეს…

– ცისფერთვალება, ქერა თმით, სლავური გარეგნობის – კიდევ რა გამოგარჩევთ სხვებისგან?

– ბევრი ხალი მაქვს – სახეზე, ყელზე, ბეჭებზე, მკლავებზე… ასტიგმატიზმი, ბრტყელი ტერფი – ეს ყველაფერი შეიძლება გენეტიკით იყოს განპირობებული. ვარ 170 სანტიმეტრი სიმაღლის. ჩემს შვილსაც ბრტყელი ტერფი აქვს და, როგორც ჩანს, გენეტიკურია.

გენეტიკური ტესტი ჩავიტარე და სხვადასხვა ბაზებში ავტვირთე. ერთადერთი, ადეიშვილები ამომიგდო ახლო ნათესავად, თუმცა რეალურ კვალზე ვერ გავედი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”