,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
,,ეს არის ჩემი ხელით შექმნილი ქართული ანბანი. სათითაოდ მოფიქრებული ასო, დაახლოებით 6/10 სმ-ზე თითოეული. საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა და დაახლოებით ერთი თვე ვხატავდი”, – ასეთი კომენტარით გამოაქვეყნა 20 წლის მხატვარმა, მარიამ ტეფნაძემ, საკუთარი იდეითა და ხელით შექმნილი ქართული ანბანის ნახატები, რომლებსაც მალევე სოციალურ ქსელში სასწაული უწოდეს.
მარიამი, უკვე წლებია, ქართული ანბანის ასოებს სხვადასხვაგვარად ხატავს და მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს დამწერლობას კიდევ უფრო საოცარ ელფერს აძლევს. ბოლოს ქართული ანბანი აკანთის ფოთლების ინსპირაციით შექმნა.
თავის სამყაროზე, იდეებზე, სიძველეების სიყვარულზე, პოპულარობაზე მარიამ ტეფნაძე ,,სარკეს” უყვება:
– 4 წლიდან ვხატავ. მე-12 კლასამდე ისე მივედი, რომ ვიცოდი, სამედიცინოზე უნდა ჩამებარებინა, თუმცა ბოლოს ვიფიქრე, რომ ამ სფეროს ვერაფრით მივატოვებდი და ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, ფერწერაზე ვსწავლობ.
როცა ვხატავ, საერთოდ მოწყვეტილი ვარ ამ სამყაროს და არაფერი მესმის – არც საუბარი, არც – გარშემო რა ხდება და თითქოს ფერებში ვიძირები. ისეთი სტილის ნახატებიც მაქვს, რომლებიც რთულ პერიოდებშია შესრულებული მძაფრი ემოციებით და უფრო ფერადებიც მაქვს. მერე ელფებმა და სოკოებმა შემიპყრო, პერსონაჟების როლებიც მოვარგე.
არაპროგნოზირებადი ვარ. ერთი თვე შეიძლებოდა უფრო მხიარული, ფერადი ნახატები მეხატა, მეორე თვეს – მუქი. 2018 წლისთვის უფრო რენესანსულ ფერებს ვიყენებდი, მერე უფრო გაფერადდა.
ამავე დროს დამეწყო ძველი სტილის სამოსის ტარების სურვილი – გოთური, მე-18 საუკუნის სამოსი და თვითონ შევიკერე. ჩემს კალიგრაფიაშიც ჩანს ხოლმე სიძველეებისადმი მიდრეკილება. აკანთის ფოთლების გამოყენების იდეაც მაგ სიძველეებისადმი მიდრეკილებით გამიჩნდა, რომელსაც ძველ არქიტექტურაში, სკულპტურებსა და სხვა ნამუშევრებში იყენებდნენ. აკანთის ფოთლების ინსპირაციით ქართულ ანბანსაც ცოტა სიძველე შევმატე და ძველი ხუთი ასოც დავუმატე…
– ფურცლების დაძველება როგორ ხდება?
– ჩაის ფერით ვაძველებ, მერე ვამატებ წყალში გახსნილ აკრილის საღებავს და მუქ ფერს ვიღებ. ესეც ჩემი შემუშავებული ტექნიკაა.
– სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ თქვენს ნაშრომს საოცარი შეფასებები მოჰყვა. სასწაული უწოდეს.
– დიახ და ძალიან მიხარია, რომ ჩემი იდეა მოეწონათ. ბევრი კარგი შეფასება იყო და მხოლოდ ერთი-ორი ადამიანი ვერ ჩასწვდა ამ სილამაზეს. მიწერდნენ, მარტო მე ვერ ვხედავ აქ სილამაზესო. ვფიქრობ, ასეთ ადამიანებს უნდათ, თავიანთი განსხვავებულობა დააფიქსირონ – ვითომ ყველასგან განსხვავებულები არიან. ამ დროს შეიძლება რეალურად ძალიანაც მოსწონდეთ. ასეთები მუდამ არიან და არ მაწუხებს მათი აზრები.
– სიძველის სიყვარული რატომ გიზიდავთ ასეთ ახალგაზრდას?
– ჰარმონიაა ჩემთვის სიძველე. თითქოს ნოსტალგიურიც არის და ესთეტიკურიც. სითეთრეს და თანამედროვეს ძველი მირჩევნია. ფურცლის მოხეული ნაწილი რაღაცნაირად ლამაზი მეჩვენება.
– და კერავთ კიდეც.
– დიახ, ვკერავ. ბავშვობაში დედამ და ბებიამ მასწავლეს ქარგვაც, ქსოვაც. როცა შენი ხელით ქმნი შენთვის, ჯერ ხომ ზუსტად შენზე ირგებ და თან ზუსტად იმ დეტალს უკეთებ, რასაც სხვა ვერ გააკეთებს, შენს ხედვას აქსოვ.
კაბა შევიკერე ძველებური სტილის და ძალიან მიყვარს. ამ ჩაცმულობით გარეთაც გამოვსულვარ. დედაჩემი ამის გამო არანორმალურად აღმიქვამდა. მომწონს, განსხვავებული რომ ხარ, თან კომფორტულად ვგრძნობ თავს მაგ სამოსში. უბრალოდ, ზამთარში ცოტა რთულია, თორემ… ეს სამოსი ყველას მოსწონს. ქუჩაში ხალხი გაღიმებული და სიყვარულით მიყურებს, როდესაც ეს ძველებური კაბა მაცვია. ნელა ჩამივლიან ხოლმე გვერდით და მიყურებენ. მხოლოდ დადებითი ემოციები მოდის და მეც მსიამოვნებს, რომ ვიღაცას სიამოვნებას ვანიჭებ ჩემი გარეგნობით.
მომწონს ასევე მითოლოგიის სამყაროც, იმდენი საინტერესო ისტორიაა ამ ყველაფერში… რაა რეალური და რა – გამოგონილი, არ აქვს მნიშვნელობა, იმდენად ესთეტიკურები არიან, მაგალითად, ელფები თავიანთი ყურებით… ვგიჟდები! დახატული მაქვს შხამიანი სოკოს ელფი. სოკოებიც ძალიან მელამაზებიან. შარშან ელფის პერსონაჟი შევქმენი და თავადაც მოვირგე ამ პერსონაჟის როლი. ერთ-ერთი ფოტოგრაფი დამიკავშირდა და მითხრა, რომ გადამიღებდა.
– საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდით?
– სერიოზული ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, გარშემო დადებით აურას ვავრცელებ. სულ რომ ხმა არ ამოვიღო, ჩემ გარშემო ყველა კარგ ხასიათზეა და ესეც მაბედნიერებს. რაც უნდა ცუდად ვიყო ან სხვის ნეგატივს ვგრძნობდე, ამ ყველაფერს გარდავქმნი ხოლმე და მაინც დადებით ემოციას გადმოვცემ. ეს ყველაფერი უნებურად გამომდის და არა – გამიზნულად.
ცხოველები მიყვარს ძალიან, მათ გარეშე არსებობა არ შემიძლია. 3 კატა და 1 ძაღლი მყავს. კლასიკური მუსიკა მიყვარს. სულ ვუსმენ კლასიკას, გარემოსა და აურის შექმნაში მეხმარება.
– შეყვარებული თუ გყავთ?
– დიახ, მყავს და ნებისმიერი წამოწყებისას ძალიან მიდგას გვერდით. როცა ხასიათზე არ ვარ და ვერ ვხატავ, სულ მეუბნება, რომ უნდა ვხატო. ეს კი ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემზე. გიჟდება ჩემ მიერ შექმნილ ანბანზე.
– ძველებურ კაბაში მოსწონხართ?
– ძალიან და თვითონაც უნდა, მსგავსი სტილის ჩასაცმელი ჰქონდეს, რომ თავი უფრო ჩემიანად იგრძნოს.
– გეხერხებათ მამაკაცის სამოსის კერვა?
– ჯერ არ გადავსულვარ მაგაზე, მაგრამ არის ერთი-ორი სამოსი, რომელიც ძალიან მომწონს. “პინოქიოში” ერთ რწყილს მოსასხამი რომ აცვია, უკან ჩაჭრილი კოსტიუმი და ცილინდრული ქუდი… ვგიჟდები მაგ სტილზე და იმედია, შევძლებ, ჩემს შეყვარებულს ასეთი სამოსი შევუკერო.
– სიყვარული თქვენს ნახატებზეც ისახება?
– კი, ეტყობა – უფრო მეტად გავფერადდი.

