,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე
სოციალური ქსელები დაიპყრო ამბავმა, პიანომენმა რუს მსმენელს 100-დოლარიანი როგორ დაუბრუნა. ეს კი ასე მოხდა: რუსმა მსმენელმა რუსულის დაკვრა შეუკვეთა და 100 დოლარი დაუდო. პიანომენმა უკრაინული სიმღერა დაუკრა, მერე კი რუსებთან მივიდა, ფული დაუბრუნდა და უთხრა, ეს თანხა უკრაინაში გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს გადაუგზავნეთ იმისთვის, რაც მათ გაუკეთეთო.
მუსიკოსი გიგი ჭიპაშვილი ფართო საზოგადოებამ წლების წინ გიგი უანდერის სახელით გაიცნო. ის დამწყები პიანისტებისთვის სამაგალითო იყო. ინტერნეტსივრცეში კი პიანომენის სახელით იცნობენ.
პიანისტმა წარმატებამდე დიდი გზა გაიარა. სასწავლებლად ამერიკაშიც იყო წასული. როგორც ,,სარკესთან” ამბობს, იქიდან დაბრუნებული ამერიკული მუსიკის ქართველი მსმენელისთვის შეთავაზებას გეგმავდა, მაგრამ მისი კომპოზიცია ქართული კინომუსიკიდან მსმენელმა ისე აიტაცა, რომ მუსიკოსს ბიძგი მისცა, სხვა კომპოზიციებიც შეექმნა.
– გიგი, რა ჟანრია ის, რასაც აკეთებთ?
– თავადაც არ ვიცი. ამერიკაში ერთ-ერთ კონცერტზე რეზო ლაღიძის საფორტეპიანო პიესა დავუკარი და მსმენელი გადაირია. სიმართლე რომ ვთქვათ, ქართული ფოლკლორი მათთვის გაუგებარია. აღიარებენ, რომ ქართული მრავალხმიანობა უნიკალური მოვლენაა, მაგრამ ბოლომდე არ ესმით.
ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების კარგი ორკესტრირება რომ გააკეთო, ოსკაროსანი კომპოზიტორების ნამუშევრებისგან ვერ გაარჩევს მსმენელი. გია ყანჩელი, რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე…- მსოფილო დონის მუსიკოსები არიან.
სასიმღერო ჟანრში დიდი პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს. ამერიკაში შავკანიანი ბავშვები მყავს ნანახი, გაგიკვირდებათ, ისეთი ხმა და ვოკალური მონაცემები აქვთ. ეს მათი სფეროა და კონკურენცია გაგვიჭირდება.
– როგორც ვიცი, დაოჯახებული არ ხართ.
– ქორწინებაში არასოდეს ვყოფილვარ. ამერიკაშიც მქონდა ურთიერთობები, აქაც, მაგრამ ისე მოხდა, რომ სერიოზული გაგრძელება არც ერთს მოჰყოლია.
ხომ ხდება ასე: შეხედავ, მოგეწონება, ორი-სამი კვირის განმავლობაში მასზე გეფიქრება, მაგრამ მერე თითქოს გავიწყდება. ყოფილა შემთხვევა, გოგონასთვის მითქვამს, რომ კომპოზიცია მას ეძღვნებოდა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.
ისეთი ადამიანი არ მყოლია, რომლის სახელსა და გვარს გავახმაურებდი და ვიტყოდი, რომ მასზე ვარ შეყვარებული.

