,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
მომღერალ ვერიკო ტურაშვილს კოვიდთან ბრძოლაში მამა გამოეცალა ხელიდან და ამ ტრაგედიიდან ოჯახი ჯერაც არ არის ბოლომდე გამოსული. ვერიკოს მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, მამიკოს გოგო იყო და ახლა მის გარეშე ძალიან უჭირს. ამ რთულ პერიოდზე ვერიკო პირველად ,,სარკესთან” ალაპარაკდა:
– მამაზე წარსულში ლაპარაკს ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე, ჩემთვის ძალიან რთულია. ვიზუალურად ძალიან ვგავარ მამას. შეიძლება ამის გამოც ბავშვობიდან მამას გოგოს “ტიტულით” ვსარგებლობდი. მე უფრო მამისკენ ვიყავი, ჩემი უფროსი და – დედისკენ. გარკვეულ წლებში მამა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სიყვარული, მოგვიანებით დავაბალანსე ეს სიყვარული დედასა და მამას შორის.
მამა ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული იყო. ბევრი დისკუსია გვქონდა ხოლმე, რომ ჯანსაღი კვება და სპორტული აქტივობები მნიშვნელოვანია. მამას ჰქონდა ულვაშები და, აქედან გამომდინარე, ყველა ულვაშიანი მამაკაცი ჩემთვის ძალიან კეთილ ადამიანთან ასოცირდებოდა. ულვაშის გარეშე მამაკაცი არ მომწონდა.
– რომელია მამისგან მიღებული რჩევა, რომელიც ყველაზე ხშირად გაგახსენდებათ?
– მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, შენთან მაქვს სალაპარაკოო. სულ ვგრძნობდი, რომ უნდოდა, რაღაც მნიშვნელოვანი ეთქვა ან ჭკუა დაერიგებინა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ არც ვიცი, მითხრა თუ არა ის, რაც უნდოდა.
– რატომ იყო ვაქცინაციის წინააღმდეგი?
– იმიტომ, რომ ვაქცინაციაზე ბევრი ცუდი ინფორმაცია ვრცელდებოდა თავიდან და ამ ამბებს აჰყვა. მამა ვაქცინაციაზე დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა. მე და ჩემი და ვაძალებდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, ასაცრელად მიყვანილი კლინიკიდან გამოგვექცა და მხოლოდ დედა აიცრა. საბოლოოდ, როცა კორონავირუსის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, ნანობდა, რატომ არ ავიცერიო. ამბობდა, როგორც კი გამოვკეთდები, ავიცრებიო.
– რა დაგეხმარათ ამ ტკივილის გადატანაში?
– ჯერჯერობით ჩემს ტვინს არ აქვს ის ინფორმაცია დამახსოვრებული, რომ მამა აღარ არის. ეს ტრაგედია ჯერ ჩვენს ოჯახში გადატანილი არ არის.
– დედა როგორ არის, მდგომარეობიდან მის გამოყვანას როგორ ცდილობთ?
– ძალიან მინდა, დედასთან ერთად ვიცხოვროთ, მაგრამ ჯერ არ გამომდის. ჩვენთან არ მოდის საცხოვრებლად, ალბათ იმიტომ, რომ მე და ჩემი შვილები იტალიური ოჯახივით ძალიან ხმაურიანები ვართ. ვფიქრობ, იქნებ ჩვენ მოვახერხოთ და დედასთან გადავიდეთ საცხოვრებლად. არ მინდა, მარტო იყოს.
