უკრაინის ევროკავშირში მიღების დაჩქარებული პროცედურა განცხადებაში ნახსენები არ არის

უკრაინის ევროკავშირში მიღების დაჩქარებული პროცედურა განცხადებაში ნახსენები არ არისევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საფრანგეთში, 5-საათიანი მსჯელობის შემდეგ, გვიან ღამით გამოაქვეყნეს განცხადება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ.

,,რადიო თავისუფლება” წერს, რომ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განცხადებაში არ არის ნახსენები ევროკავშირში მიღების დაჩქარებული პროცედურა, რასაც უკრაინის ხელისუფლება ითხოვს.

განცხადების პირველი პუნქტის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე პასუხისმგებლები არიან რუსეთი და მისი თანამზრახველი ბელარუსი და დამნაშავეები პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის, სამოქალაქო ობიექტებსა და მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმისთვის. ევროკავშირი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას, გამოძიების დაწყების შესახებ. ევროკავშირი მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწვიტოს საომარი მოქმედებები, უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები და ტექნიკა და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირის განცხადების მეორე და მესამე პუნქტებში საუბარია უკრაინელი ხალხისთვის კოორდინირებული პოლიტიკური, ფინანსური, მატერიალური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე, რუსეთსა და ბელარუსზე ზეწოლის გაძლიერებასა და უკრაინელი ლტოლვილების დახმარებასა და დაცვაზე.

ევროკავშირის ლიდერთა ოფიციალური განცხადების მეოთხე პუნქტი ეხება უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს, ევროკავშირში მის მიღებას, რომლის განაცხადი პრეზიდენტმა ზელენსკიმ 28 თებერვალს წარადგინა. ევროკავშირის ლიდერთა თანახმად, განაცხადის მიღებისთანავე ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას შესთავაზა დასკვნის მომზადება, თუმცა, მის დამტკიცებამდე, დაყოვნების გარეშე, ევროკავშირი კიდევ უფრო განამტკიცებს კავშირებს და გააღრმავებს პარტნიორობას ევროპულ გზაზე უკრაინის მხარდასაჭერად. ამ პუნქტს ევროკავშირის ლიდერები ამთავრებენ წინადადებით, რომ უკრაინა მათ ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

სწორედ ამ, მეოთხე პუნქტს გაუსვა ხაზი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

რადიო თავისუფლება