დღეს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს უსასტიკეს კადრებს, რუსული სამხედრო ძალები უკრაინაში როგორ ბომბავენ სახლებს, სოფლებს. იგივე ჯოჯოხეთი საქართველომ 14 წლის წინ გამოიარა, მაგრამ მაშინ მსოფლიო ნელ-თბილად ადევნებდა თვალს და რუსეთს იმის უფლებასაც კი აძლევდა, საქართველოსთვის ბრალი აქეთ წაეყენებინა. წლები გვიწევდა მტკიცება და თავის მართლებაც კი, რომ რუსეთი აგრესორია. უფრო მეტიც, უცხოელი ჟურნალისტები გადამწვარ ქართულ სოფლებს უღებდნენ ფოტოებს, ისმენდნენ ტრაგიკულ ამბებს და მაინც სვამდნენ კითხვას: ვინ იყო დამნაშავე.
სამწუხაროდ, საქართველოში და უცხოეთშიც დიდი აუდიტორია ჰყავდა ისეთი ჟურნალისტის ,,ომის ნარკვევებს”, როგორიც ჯეფრი ქეი სილვერმანია.
,,27 და 28 სექტემბერს მე, ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი გორის რაიონისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მდებარე სოფლებს ვესტუმრე. ვიმოგზაურე ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე გაძარცვულ და გადამწვარ ქართულ სოფელ დისევში”, – წერს სტატიაში და აგრძელებს:
,,გამოძიების შედეგად დავადგინე, რომ შესაძლოა ქართულმა მხარემ ნებსით თუ უნებლიედ თავისი საქციელით ამ სოფლის გადაწვა გამოიწვია. ეს მოვლენები ქართველების მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებადაც შეიძლება ჩაითვალოს…
ქართული პოლიცია სოფელში 1 აგვისტოს შევიდა და ადგილობრივებს იარაღი ჩამოართვა… ხელმეორედ 8 აგვისტოს შევიდა და ადგილობრივებს განუცხადა, რომ გვერდით მდებარე ოსურ სოფელ ხელჩუაში მიდიოდა გასაწმენდად. ქართული პოლიციის წასვლის შემდეგ ოსებმა იმავე ღამეს „მათ სოფელს დაარტყეს“, ანუ ეს იყო ოსების რეაქცია ქართული პოლიციის მიერ მათი სოფლის „გაწმენდაზე“ და არა ეთნიკური ნიშნით ჩადენილი შურისძიება…
სავარაუდოდ, ოსმა ბოევიკებმა ორგანიზებულად გადაწვეს ქართველების სახლები სოფელ დისევში რუსი სამხედროების დახმარებით (შესაძლოა რუსებს ამ საქმეში მონაწილეობა არც მიუღიათ, მაგრამ ოსების ქმედების შესახებ ინფორმაცია მაინც ექნებოდათ, რაზეც რეაგირება არ მოუხდენიათ).
სოფლის მცხოვრებლები იხენებენ, რომ რუსებისა და ოსების გარდა სახლების გადაწვასა და მოროდიორიბაში კაზაკებიც იმონაწილეობდნენ, ზოგიერთი ჯარისკაცი ბელორუსიიდანაც იყო…
დისეველებმა მითხრეს, რომ მათ სოფელში 2 ადამიანი დაიღუპა: 59 წლის ელგუჯა ოქროპირიძე, რომელიც ოსმა ბოევიკებმა საკუთარი სახლის შესასვლელთან მოკლეს. 70 წლის ნატო ოქროპირიძე გულის შეტევით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სახლი თვალწინ დაუწვეს… სახლები ჯერ გაიძარცვა და შემდეგ გადაიწვა. სასოფლო სამეურნეო იარაღებიც წაიღეს და საქონელიც გარეკეს.
დისევში 300 სახლიდან მხოლოდ 20-25 დგას. დანარჩენი მიწასთანაა გასწორებული… 30 სექტემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოსმა სეპარატისტებმა დიდი ლიახვის ხეობის დანგრეული ქართული სოფლების სპეციალური ტექნიკით გადასწორება დაიწყეს. თამარაშენის, აჩაბეთის, ქურთისა და კეხვის გადამწვარი და გაჩანაგებული შენობების მიწასთან გასასწორებლად სპეციალური ტექნიკა მათ ვლადიკავკაზიდან შემოზიდეს. თუმცა ბოლო დროს ქართული მედიის სანდოობის საკითხი საკამათო გახდა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ინფორმაცია მცდარია”.
მისი ,,ნარკვევის” ხსენება ალბათ არც ღირდა, რომ არა ქართული მედიის ინტერესი – აქტიურად იწვევენ ექსპერტად, მაგალითისთვის იხილეთ http://geworld.ge/ge/6511/

