მწერალი და დიპლომატი რაულ ჩილაჩავა თავის ერთგულ მეგობართან, ჩაპასთან ერთად სამშვიდობოსაა. ის პოლონეთშია, მაგრამ მანამდე ოჯახთან ერთად უკრაინაში მიმდინარე ომის მთელი სიმძიმე გამოსცადა. მან სოციალურ ქსელში ჩაპას ენის გადმოსცა ის საშინელება, რაც გადაიტანეს.
,,ჩაპას წერილი მსოფლიოს ძაღლებსა და ადამიანებს – მე ერთი ჩვეულებრივი ძაღლი ვარ, მუყაოს ყუთში მიპოვეს ჯერ კიდევ თვალაუხელელი
ლეკვი და ჩაპა დამარქვეს. მალე გავიგე, რომ ჩემს ნათლიებს ია და რაული რქმევიათ. ხოლო ქალაქი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, კიევი ყოფილა. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა და ძაღლის კვალობაზე მთლად პატარაც არ მეთქმის. ასე რომ, ვიცი, რასაც ვამბობ და დამეჯერება კიდეც…
დღე უკვე იწურებოდა, როცა ბინის კარი საგულდაგულოდ ჩავრაზეთ და
ერთი მოზრდილი ჩანთის ამარა მანქანაში ჩავსხედით… მთელი
ღამე თვალი არ მომიხუჭავს, თავი რაულის მუხლებზე მედო და ვერ გამეგო, ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ მთელი ოჯახი ასე ერთბაშად ავიყარეთ და შეუჩერებლად სადღაც მივექანებით.
ერთ დღე-ღამეში თითქმის მთელი უკრაინა გადავსერეთ და რომელიღაც პატარა ქალაქის მყუდრო სასტუმროში დავბინავდით. სასტუმროში ძაღლებს, მგონი, არ უშვებენ, მაგრამ მე არათუ შემიშვეს, დერეფანში სირბილის ნებაც დამრთეს. მომეშვა გულზე, ალბათ სამოგზაუროდ ვართ და ყველაფერი რიგზეა-მეთქი.
სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ის იყო, ნამგზავრზე ცოტა დასვენება გადავწყვიტეთ, რომ სირენის შემზარავმა ღმუილმა გააყრუა იქაურობა. რაულმა სასწრაფოდ ხელში ამიტაცა და ჩვენ სასტუმროს ყველა ბინადართან ერთად სარდაფში ან უფრო სწორად ბუნკერში დავიმალეთ, რომელიც ბომბსაფარი აღმოჩნდა. და მე იქ პირველად გავიგონე მრისხანე და სასტიკი სიტყვა: „ომი“!..
მე ლამის შევეჩვიე ამნაირ ყოფას, როცა მანქანაში კვლავ ჩავალაგეთ მწირი ბარგი, დავტოვეთ სასტუმრო და ჩემთვის კვლავ გაურკვეველი მიმართულებით გავწიეთ….
წინ კუს ნაბიჯებით მივიწევდით. ბოლოს მანქანა ბენზინგასამართ
სადგურთან დავტოვეთ და ექვსკილომეტრიანი გზა ფეხით გავაგრძელეთ. უშველებელ, ცოცხალ ნაკადში მეორე ახალი სიტყვაც გავიგე: „ლტოლვილი“! აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! ჩვენ ლტოლვილები ვართ და თავს თუ არ ვუშველეთ, ვიღაც კაციჭამიას გიჟური აკვიატების გამო ტყვიებს გვესვრიან, რაკეტებს დაგვიშენენ, ბომბებს დაგვაყრიან…
კრემლში მჯდომ იმ კაციჭამიასაც ჰყავს თურმე ძაღლი, რომელიც ალბათ უყვარს კიდეც, თუკი მისთვის საერთოდ ნაცნობია ასეთი გრძნობა. მე მინდა მივმართო მას: რას გვერჩით, რა დაგიშავეთ, რატომ გვხოცავთ, რატომ გვინგრევთ სახლ-კარს…
შვიდი საათის მანძილზე ყინვაში დგომის მერე მე ჩემებთან ერთად გადავედი
პოლონეთში, სადაც თბილად მიგვიღეს, დაგვაპურეს და თავშესაფარიც მოგვცეს.
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე რაულმა რომ ჩამიხუტა და ერთმანეთის გათბობას ვცდილობდით, ამ წერილის დაწერა სწორედ მაშინ გადავწყვიტე…”

