,,იაკობ ტრიპოლსკი იმ დღეს უფალმა სიკვდილისთვის დაინდო” – პოლონელი მეამბოხის შთამომავლის თავგადასავალი

,,იაკობ ტრიპოლსკი იმ დღეს უფალმა სიკვდილისთვის დაინდო" - პოლონელი მეამბოხის შთამომავლის თავგადასავალი,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

რამდენიმე თვის წინ ჰოლივუდში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 68 წლის მსახიობმა და რეჟისორმა, ალეკ ბოლდუინმა, გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღით ოპერატორი ქალი, 42 წლის ჰალინა ჰაჩინსი მოკლა, ფილმის რეჟისორი კი დაჭრა. მსახიობმა გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი.

ბევრმა არ იცის, რომ მსგავსი რამ რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც მოხდა. თეატრის სცენაზე კინაღამ ნამდვილი ტრაგედია გათამაშდა და ქართული თეატრისა და კინოს ორი ვარსკვლავი შეიწირა – სერგო ზაქარიაძე და იაკობ (იაშა) ტრიპოლსკი. იაკობ ტრიპოლსკის ვაჟი, რეჟისორი ირაკლი ტრიპოლსკი, ამ ამბავს ,,სარკესთან” იხსენებს:

– ერთ-ერთ სპექტაკლში მამა და სერგო ზაქარიაძე ერთად თამაშობდნენ. მეორე მოქმედებაში ასეთი სცენა იყო – სერგოს მამაჩემისთვის თოფი უნდა ესროლა, მამაჩემის პერსონაჟი კვდებოდა.

კულისებში ბუტაფორიული თოფი იდო. სერგო თოფს მამას “ესროდა”, ამ დროს კი კულისებში რაღაცას დაარტყამდნენ, რომ გასროლის ხმის ილუზია შექმნილიყო. როგორც ჩანს, სერგო ზაქარიაძის გარშემო ცუდი წრე შეიკრა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი იყო, რეპრესიების ახალი ტალღა იწყებოდა. თეატრიდან სერგოს გაშვება უნდოდათ და მიზეზს ეძებდნენ.

სპექტაკლის წინ ვიღაცამ კულისებში ბუტაფორიული თოფი ნამდვილით შეცვალა. სერგომ აიღო და მამას ესროლა. ტყვია “პროჟექტორს” მოხვდა და ჩამოვარდა. ზაქარიაძის მტრებს უნდოდათ, სერგოს სცენაზე იაშა მოეკლა. თუ ასე მოხდებოდა, მას დაიჭერდნენ…

მამა იხსენებდა, სანამ მეორე მოქმედება დაიწყებოდა, კულისებში სამნი ვიდექით და რაღაცას ვლაპარაკობდით, კიდევ ერთი კაცი მოვიდა, მაგრამ ის კაცი არ მახსოვს, მხოლოდ მისი ფეხსაცმელები დამამახსოვრდაო. ვერ დაადგინეს, თოფი ვინ გამოცვალა.

სერგო ზაქარიაძე ჩემი ძმის ნათლია გახლავთ. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში საავადმყოფოში მოვინახულეთ. ჩემს ძმას უთხრა, ცუდი ნათლია ვიყავი, ხშირად ვერ გნახულობდიო. დაგვარიგა, იცოდეთ, აუცილებელია, მტრები გყავდეთ, მათი არ შეგეშინდეთ, ცხოვრებაში გამოგადგებათ, უფრო წინ წახვალთო. მეორე დღეს გარდაიცვალა.

ვინც კი იაკობ ტრიპოლსკის იცნობდა, ყველა აღნიშნავდა, რომ იმ დღეს მისმა კეთილმა საქმეებმა გადაარჩინა, უფალმა სიკვდილისთვის დაინდო. მისი ბიოგრაფია საინტერესო დეტალებით არის სავსე. ის გასული საუკუნის 40-იან წლებში ფასანაურიდან თბილისში ურმით ჩამოვიდა. მაშინ პირველად ნახა თეატრალური წარმოდგენა და სანახაობით მოიხიბლა. იმ დღეს ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და მაყურებელს თავადაც უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებდა, ხოლო თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი გახდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი დაბადებიდან უკვე 102 წელია გასული, მსახიობის გულკეთილობაზე ისევ ლაპარაკობენ. სიკეთით და სიყვარულით სავსე კაცი – ასე იწყებს საუბარს ყველა, ვისაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონია მასთან.

პოლონელი მეამბოხის შთამომავლები

ირაკლი ტრიპოლსკი: ჩვენი წინაპარი პოლონეთის 1830 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო საქართველოში გადმოასახლეს. ფასანაურში სამხედრო გზა გადიოდა. ჩვენი დიდი პაპა იქ დასახლდა. პროფესიით გზის ინჟინერი გახლდათ. მამაჩემის პაპას იაგორი ერქვა. შეძლებული კაცი იყო. ფასანაურში ორსართულიანი, დიდი, ეზოიანი სახლი ჰქონდა.

ფასანაურში იაგორზე დღემდე სხვადასხვა ამბავს ყვებიან. ფასანაურიდან თბილისში ფეხით დადიოდა. წარმოიდგინეთ, 100 კილომეტრს გადიოდა. ავტობუსები რომ დანიშნეს, ის მაინც ფეხით დადიოდა. მძღოლები ხევებში მოსიარულე იაგორს რომ ხედავდნენ, უძახდნენ, პაპა იაგო, ჩვენ წაგიყვანთო. ის კი პასუხობდა, არა, გენაცვალე, მეჩქარებაო.

იაგორს მეუღლე თბილისში არაფრით მოჰყვებოდა. თურმე ერთხელ მოატყუა, წამომყევი თბილისში, იქ სულ შაქარი ყრიაო. მეუღლე მართლაც გაჰყვა და ქმარი გზაში შაქარყინულებს უყრიდა… გოდერძი ჩოხელი ჩვენი ნათესავი იყო. მამაჩემი და გოდერძის დედა ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. მე და გოდერძი ერთად ვიზრდებოდით.

ობლობაში გაზრდილის სიკეთე

პატარა იაშა სამი წლისა დაობლდა. მამამისი, ვლადიმერი, 1923 წელს მოკლეს. მას ფარულად ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებთან ჰქონდა კავშირი. ბოლშევიკურ მთავრობას მისი მოცილება უნდოდა. ეს საქმე კი ტყეში გავარდნილმა ყაჩაღმა ითავა მთავრობასთან შერიგების საფასურად. ერთ დღეს ვლადიმერი არაგვის გაღმიდან მოდიოდა, ყაჩაღმა თოფი ესროლა და მძიმედ დაჭრა. ორ კვირაში გარდაიცვალა. უმცროსი გოგონა, ოლღა, ერთი წლისა დარჩა. იაშამ იცოდა, მამამისის მკვლელი ვინც იყო.

– ჩვენც ვიცით, მაგრამ ამაზე არც მამა საუბრობდა და არც ჩვენ, – გვიამბობს ირაკლი ტრიპოლსკი, – უფრო მეტიც, იაშა მამამისის მკვლელის შვილს პატრონობდა. ის ბიჭი ჩვენთან სახლში ხშირად მოდიოდა. მამა ყველანაირად მფარველობდა. ობლობაში გადატანილი ბევრი გაჭირვების მიუხედავად, მისთვის არასოდეს უგრძნობინებია, რომ სიმართლე იცოდა.

ცირკის რიგში ატირებული ბიჭი

იაშა თბილისში პაპა იაგორმა ჩამოიყვანა. ურმით სამი დღე-ღამე მოდიოდნენ. ცირკთან რომ მივიდნენ, იაგორმა უთხრა, შენ აქ დამიცადე, მე საქმეებს მოვაგვარებ და მოვალო. ბიჭს ჯიბეში მანეთიანი ჰქონდა. ცირკში წარმოდგენაზე მანეთიანი და ორმანეთიანი ბილეთები იყიდებოდა. იაშა ბილეთების რიგში ჩადგა. მისი ჯერი რომ მოვიდა, მანეთიანი ბილეთები გათავდა, ის კი რიგში იდგა და არ გამოდიოდა, თან თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ხალხმა ჩხუბი დაუწყო, გამოდი, რას აკეთებო. უკან მდგომმა კაცმა ჰკითხა, რა გატირებსო. მამამ უპასუხა, მანეთიანი მაქვს და ბილეთს ვეღარ ვყიდულობო. იმ კაცმა დაამშვიდა, მაგაზე ნუ ტირიო და მანეთიანი დაუმატა.

– ამ ამბავს მამა ყველგან ყვებოდა, ტელეეთერშიც კი და დასძენდა, თუ ცოცხალია ის კაცი, გაიგებს, ვინ გამოვედიო. ამბობდა, ადამიანმა სიკეთე უნდა აკეთოს, რადგან არ იცი, მცირედი სიკეთეც კი საბოლოოდ რა შედეგს გამოიღებსო. ასე რომ, ცირკი იყო პირველი თეატრალური დადგმა, რომელიც მამამ ნახა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფასანაურში კინო ჩაიტანეს, რამაც მამაზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

უნიკალური მეხსიერება

სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. თეატრალურ ინსტიტუტში არ მიიღეს. გამოცდაზე უთხრეს, შენგან მსახიობი არ დადგებაო. საბუთები უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტზე შეიტანა. ინგლისურ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა, ერეკლე ტატიშვილის სტუდენტი იყო. ერეკლე ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩაბმული. იაკობ ტრიპოლსკი მას დიდ პატივს სცემდა. სწორედ მის პატივსაცემად დაარქვა ვაჟიშვილს ერეკლე.

ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ მსახიობი იაკობ ტრიპოლსკი მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. მოსე ქარჩავასთან ერთად თარგმნა ბერნარდ შოუს “პიგმალიონი”. რუსულიდანაც თარგმნიდა. მას საოცარი მეხსიერება ჰქონია. მისი გონებრივი შესაძლებლობებით ცნობილი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძეც კი იყო დაინტერესებული.

პირველად ცნობილი რეჟისორის, ვასო ყუშიტაშვილის, სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. რეჟისორმა ინგლისურად დადგა სპექტაკლი და იაკობ ტრიპოლსკი მთავარ როლზე მიიწვია. ძალიან მოეწონა და მარჯანიშვილის თეატრში წაიყვანა.

ირაკლი ტრიპოლსკი:

– მამამ თეატრში ყველა როლი ზეპირად იცოდა. ერთხელ ისე მოხდა, რომ წამყვანი მსახიობი ავად გახდა, საღამოს სპექტაკლზე შემცვლელი ვერ ნახეს. იცოდნენ, რომ როლი მამამ იცოდა ზეპირად და ამიტომ მას დაუძახეს. იმ სპექტაკლში შესანიშნავად ითამაშა. ასე დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. მაშინ შალვა ღამბაშიძე თეატრის დირექტორი გახლდათ. მამა მან მიიღო თეატრში და შტატშიც ჩასვა.

ფილმების გახმოვანების დიდოსტატი იყო. ძველი ქართული ფილმების აღდგენაში მონაწილეობდა, ტექსტებს ადგენდა. უხმო კინოს უყურებდა და ტუჩების მოძრაობით ხვდებოდა, მსახიობები რასაც ლაპარაკობდნენ, ის კი პირდაპირ წერდა. სხვათა შორის, ეს უნარი მეც გამომყვა. უხმო სცენას რომ ვუყურებ, ვხვდები, რას ამბობენ.

მისი პირველი ფილმი “მანანა” იყო. ფილმში მანანას მამის, გემის კაპიტნის, როლი შეასრულა. შემდეგ იყო “ქალის ტვირთი” ლია ელიავასთან და გიორგი შავგულიძესთან ერთად, რასაც სხვა ფილმებიც მოჰყვა.

სკოლაში ნაპოვნი სიყვარული

იაკობ ტრიპოლსკი უნივერსიტეტში სწავლისას პრაქტიკებს პირველ სკოლაში გადიოდა. მის მოსწავლეებს შორის იყო გოგონა, ნაზი მაისურაძე, რომელიც შემდგომში მსახიობის მეუღლე გახდა.

– დედა ლამაზი ქალი გახლდათ. მამაჩემის მოსწავლე იყო რეზო თაბუკაშვილიც. სარეჟისორო რომ დავამთავრე, რეზოსთან ვმუშაობდი. მისი თითქმის ყველა ფილმის რეჟისორი მე ვარ. ბავშვი რომ ვიყავი, ჩვენთან ხშირად მოდიოდა. მერე გარკვეული პერიოდი აღარ მენახა. კინოსტუდიაში რომ მივედი და ჩემი გვარი გაიგო, მკითხა, შენ იაშას შვილი ხარ, რამხელა გაზრდილხარო. მითხრა, ჩემს მასწავლებელს იმდენად დიდ პატივს ვცემდი, ზაფხულში არდადეგებზე სოფელში რომ მივდიოდი, მამაშენს იქიდან წერილებს ვუგზავნიდიო, – ყვება ირაკლი ტრიპოლსკი.

ორი ზომით პატარა ფეხსაცმელები

ირაკლი ტრიპოლსკი: მამამ კარგი მოლხენა და სიმღერა იცოდა. ბევრს ვერ სვამდა. სუფრასთან ცოტას დალევდა და მერე იპარებოდა. სადაც უნდა წაეყვანათ, დიღომსა თუ მანგლისში, გაპარვას მაინც ახერხებდა. მერე ჭკუა იხმარეს, ზამთარში ხან ქურთუკს ჩაუკეტავდნენ კარადაში, ხან ფეხსაცმელს გახდიდნენ და მალავდნენ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქეიფის ბოლომდე დარჩენილიყო. ის კი მომენტს ნახავდა და მაინც იპარებოდა. გაიხედავდნენ, ქურთუკი ადგილზე ეკიდა, ფეხსაცმელებიც იქ იყო, მაგრამ კაცი აღარსად ჩანდა. მამას მეგობრები ჩვენს სახლში ხშირად იკრიბებოდნენ, ქეიფობდნენ და მამა სახლიდანაც იპარებოდა.

მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი, ნესტორ ჭილაძე, ძალიან ხუმარა კაცი იყო. ერთ დღეს მამა სახლში გულშეღონებული მოვიდა, დედას უთხრა, ცუდად ვარ, წნევა გამისინჯე, ფეხები დამისივდაო. თურმე სცენაზე რომ გავიდა, საგრიმიოროში ნესტორი შევიდა და თავისი ორი ზომით პატარა ფეხსაცმელები დატოვა, შიგ ბამბები ჩატენა და წავიდა (ერთნაირი ფეხსაცმელები ჰქონდათ). მამას ფეხი რომ არ ჩაეტია, თქვა, ნესტორი იხუმრებდაო. ჩაყო ხელი და ბამბები ამოიღო. ამით ,,დასრულდა” ხუმრობა. როგორღაც ჩატენა ფეხი ორი ზომით პატარა ფეხსაცმელში და ცუდად გახდა. მერე ნესტორმა შინ დაურეკა, ჩემი ფეხსაცმელები რატომ წაიღე, უკან დამიბრუნეო…

მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. უცნაური რამ დაემართა – დღის განმავლობაში რამდენჯერმე წუთით ითიშებოდა, ყველაფერი ავიწყდებოდა. ლაპარაკის დროს შეიძლებოდა უცებ ეკითხა, შენ ვინ ხარო. აზრზე რომ მოვიდოდა, მერე ძალიან განიცდიდა. იმ პერიოდში თემურ ბაბლუანი თავის ერთ-ერთ ფილმზე მუშაობდა. მამა სამჯერ წაიყვანა გადაღებაზე. მესამედ გადაღებიდან რომ მოიყვანეს, მკითხა, შენ ბაბლუანს თუ იცნობო. როგორ არა-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ უთხარი, ნუ მაწვალებს, არ შემიძლიაო.