,,რუსები აშენებენ ქალაქს, ბუნკერიც არ ჰქვია, რომელიც აპოკალიფსურ გადარჩენაზეა გათვლილი” – რა რჩევას იძლევა გია დვალი

,,რუსები აშენებენ ქალაქს, ბუნკერიც არ ჰქვია, რომელიც აპოკალიფსურ გადარჩენაზეა გათვლილი" - რა რჩევას იძლევა გია დვალიმეცნიერმა, გია დვალმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბირთვულ შანტაჟზე და რუსეთის სამეცნიერო, საუნივერსიტეტო წრეებში იმ პირთა შესახებ ისაუბრა, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარი დაუჭირეს.

-მეცნიერების ერთმა ჯგუფმა თავიდანვე დაგმო ეს ომი, ამის საპასუხოდ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ოფიციალური წერილი, რომელსაც ხელს რუსეთის თითქმის ყველა რექტორი აწერს, ეს შოკისმომგვრელი წერილია. ეს ფაქტობრივად უპირობო მხარდაჭერაა ამ ომის, ამ დანაშაულის.

ეს გვიქმნის სურათს, თუ რა დონის ფსევდომეცნიერები შეიძლება ჰყავდეს პუტინს გარშემო. შიშისმომგვრელია იმის წარმოდგენა, რა ტიპის კონსულტაციებს შეიძლება უწევდეს ეს ხალხი პრეზიდენტს მოსალოდნელ ბირთვულ საფრთხეებზე.

ცნობილია, რომ აშენებენ ქალაქს, ბუნკერიც არ ჰქვია, რომელიც აპოკალიფსურ გადარჩენაზეა გათვლილი, რომ რამდენიმე ასეულობითათასობით ადამიანმა გამოიზამთროს ბირთვული ზამთარი.

ჯერ ერთი – ამის გათვლა, რომ ასე თავის გადარჩენა შესაძლებელია, შეუძლებელია. დღეს ჩვენ არ გვაქვს სრული მეცნიერული საშუალებები, გავთვალოთ, რა შედეგები ექნება სრულმასშტაბიან ბირთვულ ომს. რაც შეგვიძლია გავთვალოთ, ეს უკვე იმდენად კატასტროფულია… წარმოიდგინეთ, რომ იმის იქით იქნება ახალი ფაქტორები და დღეს ჩვენ არ შეგვიძლია გავთვალოთ ის ახალი უბედურება, რომელიც ამის შემდეგ გამოჩნდება – ბირთვული ძალის, რადიაციის, მუტაციისა და ახალი უბედურების გამო.

ნებისმიერი მრჩეველი, რომელიც ეუბნება ამ ადამიანს, თუ ჯგუფს ადამიანებისა, რომ მათ მართლა შეუძლიათ, გამოიზამთრონ ეს ბირთვული ზამთარი, დანარჩენი მსოფლიო გაანადგურონ და რამდენიმე ასი ათასმა დაუდოს ახალ რუსეთს თუ სლავურ ცივილიზაციას სათავე, არის აბსურდი, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ასეთი აბსურდის დონეზე ხდება კონსულტაციები. რასაც გარედან ვუყურებთ, ასეთ უპასუხისმგებლო ხელში არასოდეს ყოფილა ბირთვული იარაღი.

არიან კოლეგები რუსეთიდან, რომლებმაც გმირობა გამოიჩინეს, დაგმეს ეს და ახლა არიან საფრთხის ქვეშ. ასეთ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ და ვცდილობთ, პერსონალურ დონეზე დავეხმაროთ. ამავე დროს არსებობენ ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც ომის მხარდამჭერ წერილებს უერთდებიან, აქ გამოსავალი დასავლურ საზოგადოებას არ აქვს, ერთადერთი გამოსავალია, რომ ყველა რუსულ სამეცნიერო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა წყდება, ეს პროცესი ყველგან მიდის.

ცალსახად სხვა გამოსავალი არ არის, შეუძლებელია, გააგრძელო თანამშრომლობა ინსტიტუციასთან, რომელიც ამართლებს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. საქართველოს აქვს ბერკეტები და ეს სწორი ნაბიჯი იქნება, რომ ასეთი ტიპის სანქციები დააწესოს, სანქცია დააწესოს. მაგალითად, რუსთაველის ფონდმა, მეცნიერებათა აკადემიამ სანქციები დაუწესონ ამ ინსტიტუციებს. წარმოიდგინეთ რამხელა დილემის წინაშე დგებით, როცა ხართ კოლაბორაციის წევრი და ამ კოლაბორაციაში შემოდის ინსტიტუცია, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ამ წერილზე, რომელიც ფაქტობრივად ამართლებს ენით აღუწერელ კატასტროფას, – ამბობს გია დვალი.

პუბლიკა