მარიანა ფერაძე ხაშურის სასაფლაოზე თავისი ოჯახის წევრების დარბეულ სასაფლაოს ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
,, სადამდე დავედით? სად არის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური? სად არის პოლიცია? და, საერთოდ სად არის ადამიანობა?!
ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ქმრის, მამამთილის და ბებია-ბაბუის საფლავზე ასვლისას ასეთ ვანდალურ ფაქტს თუ წავაწყდებოდი, აღარ მეგონა. მიცვალებულებიც კი აღარ არიან ამ ქვეყანაში დაცული…
იქნებ ნახოთ სურათები და ვინმემ მომწეროთ, სად ვიპოვო სულის სიმშვიდე? როგორ გავუძლო ამას? ან რა ჰქვია ამ ყოველივეს? მე დღეს ხელმეორედ მომიკლეს ქმარი. ასეთ ვანდალიზმს ალბათ არაქრისტიანიც არ იკადრებდა.
ვინ ხარ, რა რჯულის, ან ოჯახი არ გყავს, ან ღმერთის არ გეშინია?!. შეგაჩვენოს უფალმა ამ ბოროტებისთვის!
ხალხო, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უპატრონობა? როგორც გავიგე, ეს არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი იქნება. გაიღვიძეთ. ნეტავ, პოლიცია სად არის ამ დროს? ბანისკენ მიმავალ გზაზე პირდაპირ მოსჩანს ჩვენი საგვარეულო საფლავი. არც ისე ადვილი იყო ვინმეს შეუმჩნევლად ამის გაკეთება. ზედამხედველობის სამსახურსაც გმართებთ გაღვიძება. შეიკეტებით კაბინეტებში და საკუთარი კაბინეტების იქით ვერაფერს ხედავთ. ღმერთო, შენ გადმოხედე ჩემს ქვეყანას და დაიცავი ასეთი ბოროტებისგან, არაადამიანებისგან, ანტიქრისტიანებისგან”.

