ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში გუშინ სპექტაკლზე ,,რესპუბლიკა გურია” ოზურგეთის სხვადასხვა სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები მიიყვანეს და აყურებინეს სპექტაკლს, რომელიც უხვად არის გაჯერებული ძალადობისა და სექსუალური სცენებით. როგორც ,,ტვ პირველს” უყვებიან, სცენები იმდენად უხამსი იყო, რომ პედაგოგებმა და მშობლებმა პროტესტის ნიშნად სპექტაკლი დატოვეს.
-ბილეთი გვაყიდინეს, კარგი სპექტაკლიაო. მეორეკლასელი ბავშვი მიმაყვანინეს და სირცხვილისგან არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ძალადობის, გაუპატიურების საშინელი სცენები იყო. წარმოუდგენელი რამ მოხდა, – ამბობს მშობელი.
ოზურგეთის თეატრში ამბობენ, რომ სპექტაკლი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი არ არის, თუმცა უარყოფენ, რომ ბავშვებს ძალადობის სცენები აჩვენეს.
-ბავშვების გამო ეგ სცენები ამოღებული იყო. სპექტაკლი რუსის ძალადობას ეხება და სხვას არაფერს. გეთანხმებით, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ეს არ უნდა ნახონ, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა სკოლებს ეკისრება, – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგოძე.
ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ ცოტა ხნის წინ ფეისბუქში სპექტაკლის კადრები გამოაქვეყნა და ოზურგეთის თეატრს მიმართა: ,,მეორე დღეა გიყურებთ, როგორ სამარცხვინოდ ესხმით თავს პედაგოგებს და მშობლებს, რომლებმაც ღიად გააკრიტიკეს ის საქციელი, რომელიც გუშინ ჩაიდინეთ! პირველ, მეორე, მესამე დ მეოთხე კლასელ მოსწავლეებს (ქალაქიის სხვადასხვა სკოლებიდან) აი, ეს აყურებინეთ! ამ ვიდეოებში ბავშვების ხმაც ისმის _ თქვენი უყურადღებობის გამო დაზაფრული ბავშვების!

