მირო ვანაძე: ,,დღეს მე აქ ვიბრძვი, როგორც უკრაინელი”

მირო ვანაძე: ,,დღეს მე აქ ვიბრძვი, როგორც უკრაინელი",,ახლაც ისვრიან, მესმის აფეთქებების ხმა… იმდენი რამ ვნახე ამ დღეებში, უკვე საუბარიც მიჭირს. ასე მგონია, ერთი კაციც რომ გადარჩეს აქ, ისიც აუცილებლად განაგრძობს ბრძოლას,“ – ამბობს მირო ვანაძე. ის ბათუმელი სპორტსმენია, ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს და ომის დროს, როგორც მოხალისე, კიეველებისთვის პურს უფასოდ აცხობს.

„თუ ვინმეს პური გავუტეხე, არ ნიშნავს, რომ ეს ყველამ გაიგოს, ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მეგობრების დახმარებით ვაცხობ და ვარიგებთ პურებს, ეგაა. ხვალ ალბათ მედიკამენტებს დავურიგებ მოხუცებს. ომი როცა დაიწყო, შემეძლო საქართველოში დაბრუნება, მაგრამ არ წამოვედი. დღეს მე აქ ვიბრძვი, როგორც უკრაინელი. როგორც სპორტსმენი რამეს თუ წარმოვადგენ, ეს უკრაინის დამსახურებაა.ჩავთვალე, რომ საქართველოში დაბრუნების დრო ახლა არ არის.

ჩემი ოჯახი ეკომიგრანტია, გურიაში ჩაგვასახლეს, მერე მე ბათუმში წამოვედი. აქ სპორტული მიღწევებიც მაქვს, 7 ბრძოლა ზედიზედ მოვიგე. 15 მარტს უნდა მქონოდა მორიგი ბრძოლა ქამარზე. მინდოდა, ბათუმში გამარჯვებით დაბრუნება, მაგრამ ახლა შეიძლება საერთოდ ვეღარ ჩამოვიდე,“ – ხმა უწყდება სპორტსმენს. მცირე პაუზის შემდეგ მირო ვანაძის ხმა ისმის: „უფასოა პური, დიახ, მიირთვით“, – მიმართავს ქართველი მოხალისე საცხობთან მისულ კიეველებს.

ბათუმელები