მეუფე დიმიტრი რუს მეუფეებს: ,,შეაჩერეთ ეს ბოროტმოქმედი!”

მეუფე დიმიტრი რუს მეუფეებს: ,,შეაჩერეთ ეს ბოროტმოქმედი!"ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგებისას უკრაინაში რუსების მიერ გაჩაღებულ ომზე ისაუბრა და რუს ღვთის მსახურებს მიმართა:

,,გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს მიიჩნევს ქრისტიანად. მე ვიტყოდი, მას ქრისტიანულ ფასეულობებთან არაფერი საერთო არ აქვს. ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ის ემუქრება შენს ქვეყანას, ის ემუქრება ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებსა და კაცობრიობას.

გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი რუსეთში, ჩემთან ჩემი თანაკურსელები იყვნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, მათ შორის, უკრაინელები, რუსები, სერბები, ბულგარელები და ა.შ. ყოველდღიურად ვხედავთ საშინელებას, როგორ ინგრევა, როგორ ნადგურდება, როგორ იხოცება უამრავი ადამიანი – ბავშვები, ქალები, კაცები.

ჩემს ზოგიერთ თანაკურსელს, მღვდელმთავრებს რუსეთში გავუგზავნე ასეთი შეტყობინება – თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი, უნდა შეაჩეროთ და ამხილოთ, რადგან ის დაღუპავს რუსეთს, თუ უკვე არ დაღუპა, უკიდურეს შემთხვევაში, მე გამიჭირდება თქვენთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, მათგან არანაირი პასუხი არ არის.

მე მაქვს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჩემს უამრავ მეგობართან, კურსელებთან უკრაინაში, ჩვენ ყოველდღიურად თვალცრემლიანები ვემშვიდობებით ერთმანეთს. განადგურებულია ზოგიერთი ეპარქია…

რაც ჩვენს ხელისუფლებას და სახელმწიფოს გააჩნია – გარკვეული სიფრთხილე აუცილებელია, საჭიროა. ჩვენ რა მოგვეთხოვება? მხოლოდ ლოცვა, მეტი არაფერი არ შეგვიძლია.