მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოზე თავდასხმამ რუსეთსაც კი აღარ დაუტოვა თავის მართლების საშუალება, ამიტომ ახლა ცდილობენ, ეს ყველაფერი დადგმულ სცენებად გაასაღონ და ზღაპრები შეთხზან. ამაში რუსეთის საელჩოებიც არიან ჩართული. გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის საელჩომ ,,ტვიტერზე” პოსტიც გამოაქვეყნა, რომ ერთ-ერთ ფოტოზე უკრაინელი ინფლუენსერი იყო, რომელსაც მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული და ორსულადაც არ იყო. ,,ის ორსულად საერთოდ არ არის, ის ორსული ქალის როლს თამაშობს”, – დაწერა საელჩომ.
რეალობა კი ის არის, რომ იმ ფოტოზე, სადაც დაბომბილი სამშობიაროდან პიჟამიანი ორსული გამოდის, მარიანაა. რამდენიმე საათის წინ კი ის გოგონას დედა გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტი ოლგა ტოკარიუკი წერს:
„მარიანას ნათესავისგან მივიღე შეტყობინება, წუხელ 22:00 საათზე მარიანას გოგონა შეეძინა! ყველაფერი კარგადაა. მარიუპოლში დაბომბვა არ წყდება”.

