,,მამაკაცი სისხლისგან იცლებოდა, მანქანამ დაარტყა და სიბნელეში მიატოვა” – ნათია ჩაჩავა

,,მამაკაცი სისხლისგან იცლებოდა, მანქანამ დაარტყა და სიბნელეში მიატოვა" - ნათია ჩაჩავა,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ნათია ჩაჩავა უამრავმა ადამიანმა მას შემდეგ გაიცნო, რაც ნიუ ჯერსიში ამერიკელი ქალი დახრჩობას გადაარჩინა – მაშველების მისვლამდე ცივ, უზარმაზარ მდინარეში ჩავარდნილი ქალი ხელით ეჭირა.

ნათია ამერიკაში ორი წლის წინ წავიდა. საქართველოში აქტიური ჟურნალისტური კარიერა ჰქონდა, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ამერიკული განათლებაც მიეღო. ის თავის გეგმებსა და გმირობის ამბავს ,,სარკეს” მოუყვა:

– განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ასე მოიქცეოდა ყველა, ვინც მსგავს სიტუაციას შეესწრებოდა. ნიუ ჯერსიში მდინარის პირას ვცხოვრობ. საღამოს, დაახლოებით 5 საათი იყო, როცა ხმა გავიგონეთ, ვიღაც შველას ითხოვდა. გავედი გარეთ და ისევ ისმოდა ხმა, წყალში ვარ და მიშველეთო.

შტორმი და წვიმა ახლოვდებოდა. იმ ქალს თავისი ნავი წესრიგში მოჰყავდა, როცა ჩავარდა წყალში ნავებსა და ნავსადგომებს შორის, რამდენიმე მეტრის მოშორებით კი იყო ჯებირი, რომელსაც ეს წყალი მთელი ძალით ასკდებოდა. რაღაც ჯოხივით ვნახე, რომ ორივეს მოგვეკიდა ხელი და ასე დამეჭირა, რათა დინებას არ წაეღო. გადავედი მის ნავში, ვნახე სამაშველო ჟილეტები და ჩავუგდე, თან ხელით მეჭირა. გადავწექი და ორი ხელით ჩავეჭიდე, რომ არ წაეღო მდინარეს.. პოლიცია მოვიდა და ამოვიყვანეთ. ძალიან ბევრმა მედიასაშუალებამ დაწერა ამ ამბავზე…

ერთი შემთხვევა საქართველოში მოხდა. ქალაქგარეთ ვიყავით მეგობრებთან ერთად. ღამე იყო, ძალიან ბნელოდა და მაშინ დავინახე, მგონი, ადამიანი გდია-მეთქი. მეგობრებმა ხუმრობა დაიწყეს, მოგელანდაო. დავიჟინე, მივბრუნდეთ-მეთქი. მივედით და ვნახეთ, ადამიანი ეგდო, რომელსაც მანქანამ დაარტყა, მიატოვა და სისხლისგან იცლებოდა. სპორტსმენი იყო. სამწუხაროდ, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. სისხლისგან იცლებოდა,ბეწვზე მივუსწარით. ორი შვილის მამა იყო.

-ამერიკაში წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?

– საქართველოში ჟურნალისტურ საქმიანობას ვეწეოდი და არასამთავრობო ორგანიზაციაშიც ვმუშაობდი ეთნიკური კონფლიქტების მიმართულებით… ,,იმედის” უცხოეთის განყოფილებაში 9 წელი ვიმუშავე… 2012 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში, ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის ამბავშიც.

საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესები ჩემთვის მისაღები არ იყო და გადავწყვიტე, უკეთესი, ამერიკული განათლება მიმეღო. მინდოდა, დამეცვა სადოქტორო იმ თემებზე, რომლებიც მაინტერესებს – ეთნიკური კონფლიქტები პოსტსაბჭოთა სივრცეში სსრკ-ის დაშლის შემდეგ….

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”