,,უბედნიერესი ვიქნები, თუ მომეცემა შანსი და ამ თანხით დავაჯილდოებ ადამიანს, ვინც პუტინს დააკავებს“ – ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 55 წლის რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ კონანიხინი, რომელმაც ერთი მილიონი აშშ დოლარი დააწესა ჯილდოდ მისთვის, ვინც დააკავებს ვლადიმირ პუტინს.
90-იან წლებში კონანიხინი რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა. ბორის ელცინს აშშ-ში პირველი ვიზიტის დროსაც ახლდა. 25 წლის ასაკში უკვე 300 მილიონი დოლარის ქონებას ფლობდა. შემდეგ დაუპირისპირდა ჯერ კგბ-სთან დაკავშირებულ ჯგუფს, ბოლოს თვით კრემლს. ის 8 მილიონი დოლარის გაფლანგვაში დაადანაშაულეს და გაასამართლეს. კონანიხინი რუსეთიდან შეერთებულ შტატებში გაიქცა, პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, კალიფორნიაში ცხოვრობს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს.
კონანიხინმა პლაკატი გამოაქვეყნა, რომელზეც ეწერა: „იძებნება: მკვდარი ან ცოცხალი. ვლადიმერ პუტინი. მასობრივი მკვლელობისთვის.“ პოსტერს თან ერთვოდა ტექსტი: „გპირდებით, რომ ოფიცერს ან ოფიცრებს, რომლებიც მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, დააკავებენ ვლადიმერ პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს, მიიღებენ 1 000 000 აშშ დოლარს”.
მას შემდეგ რაც ფეისბუქმა ეს პოსტი წაუშალა, კონანიხინმა LinkedIn-ზე გადაინაცვლა. რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მას ყოველდღე წერს ათასობით ადამიანი, რომელიც კითხულობს, თუ „როგორ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ და შემოწირულება დაამატონ“.
ალექს კონანიხინი: მე ბევრი რამის უფლება შემიძლია მივცე ჩემს თავს, საკმარისი ქონება მაქვს ამისთვის. და ნამდვილად არ დამენანება ეს ფული იმისთვის, ვინც პუტინს დააპატიმრებს და ამით ბირთვულ დაპირისპირებასა და გლობალურ ომს აგვაცილებს თავიდან… ეს იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოდ დახარჯული მილიონი.
-გაბედავს უკრაინაში ბირთვულ იარაღის გამოყენებას?
–დარწმუნებული ვარ, რომ ამას იზამს, თუ ჩათვლის, რომ საქმეს ასე სჭირდება. ერთი წამითაც არ დაფიქრდება, რადგან ეს მისთვის მარტივი არჩევანია… ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან მისი მოშორებაა. ჩემს მიერ გამოცხადებული ჯილდო ფინანსურადაც ჭკვიანური ინვესტიციაა, რადგან ესკალაციის შემთხვევაში მილიონზე ბევრად მეტს დავკარგავ. ასეთ ჯილდოებს მთავრობები აწესებენ, ომის დამნაშავეებისა და საერთაშორისო ტერორისტების წინააღმდეგ – პუტინი ორივეა, მაგრამ მას ასევე ბირთვული იარაღი აქვს. შესაბამისად, აშშ ვერ იზამს ამას, რადგან ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა.
რადიო თავისუფლება

