,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი, 49 წლის ასაკში 2020 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მას 2017 წელს დაუდგინეს ბეხტერევის დაავადება, რომელიც რთულად მიმდინარეობის შემთხვევაში ხერხემლის სრული უძრაობით ხასიათდება.
მისი ქვრივი, ინგა ბიწაძე ,,სარკესთან” ამბობს, რომ არა კოვიდპანდემია, მისი ქმარი კიდევ იცოცხლებდა.
ინგა ბიწაძე: კობასთვის არ მომისმენია, რაც გარდაიცვალა, არ შემეძლო. ახლა კი ჩავრთე მისი ვიდეოები და ვუსმენ, რაზე რას ფიქრობდა (ინტერვიუ ჩაწერილია მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს, რედ.შენ.).
– მიხეილ სააკაშვილის ამბებს გულისხმობთ?
– დიახ, განმიახლა ჩემი ტკივილი. მაინტერესებს, კობა ახლა ამას როგორ შეაფასებდა, რას იტყოდა.კი, მიშამ ბევრი დაგვიშავა, მაგრამ მაინც ქვეყნის სახეა და მებრალება. ნეტავ, კობა რას იტყოდა ამ ყველაფერზე-მეთქი, ვფიქრობ.
– 5 ბიჭის დედა ხართ. რას საქმიანობენ თქვენი შვილები?
– ოთხი უკვე სტუდენტია, მეხუთე კი სკოლის მოსწავლეა… ბიჭებმა კობას სიკვდილი ძალიან განიცადეს. ყველანი პატარა ბავშვივით ვუვლიდით. ოჯახისგან სითბო და სიყვარული არ დაკლებია. ბედნიერი წავიდა. ყველას სხვანაირად მოგვეფერა, განიწმინდა და წავიდა…
ისეთი თავმოყვარე და დამოუკიდებელი იყო, მეც რომ ვუვლიდი, იმაზეც წუხდა. ისე განიცდიდა და ნერვიულობდა… ვეუბნებოდი, არ მაწუხებს შენი მოვლა-მეთქი. როცა ადამიანი გიყვარს, მოუვლი, აბა, რას იზამ. აბა, რა არის სიყვარული და ოჯახი?!
ფაქტია, რომ კობას დაავადების მაპროვოცირებელი ის საბედისწერო 7 ნოემბერი იყო, როდესაც სასტიკად გაუსწორდნენ. თავში ურტყეს… მარტო 7 ნოემბერს კი არ სცემეს, 2003 წელს აჭარაშიც სცემა ასლანის რეჟიმმა. იყო პერიოდი, როდესაც კობას ხელითაც ვერ ვეხებოდი. ახლა გამოაცხადეს, სააკაშვილს ხელების ტრემორი აქვს და შეიძლება ცუდი რამ დაემართოს, კლინიკაში გადავიყვანოთო. ხელების ტრემორი კი არა, საერთოდ ვერ ვეხებოდი კობას, შეხებაზე ისეთი მწვავე რეაქცია ჰქონდა…
– სტკიოდა?
– ტკივილი იყო თუ რაღაც საშინელი შეგრძნება, არ ვიცი. არ ვიცი, რა დაუზიანდა თავში ცემის შემდეგ. ისეთი დაჭიმული ჰქონდა სხეული, ვერ ვეხებოდი. ვერავინ მეუბნებოდა, რა სჭირდა. უმძიმესი ავადმყოფი იყო.
გარკვეული პერიოდი დეპრესია ჰქონდა, რაც მისი დაავადების თანმდევი იყო. კვირები ისე გადიოდა, მხოლოდ მე მეკონტაქტებოდა, მშობლებსაც ვერ ელაპარაკებოდა. ბოლოს კი კორონაპანდემიის გამო ექიმიც ვერ მოვიყვანეთ სახლში. სასწრაფოც არ მოდიოდა, ისეთი პერიოდი იყო. მერე მთავრობის დახმარებით მოვახერხეთ საავადმყოფოში გადაყვანა. პანდემია რომ არა, უფრო ადრე ჩავრევდით ექიმს და ახლა ალბათ ისევ ცოცხალი მეყოლებოდა. იქნებ საზღვარგარეთაც გამეყვანა.
კობას საქმეზე ზურაბ ადეიშვილს დაუმძიმეს ბრალი. ეწყინა, არ ელოდა, რომ ზურაბ ადეიშვილი იქნებოდა მისი ცემის საქმეში ბრძანების გამცემი, რადგან დიდ პატივს სცემდა. მიშასგან ყველაფერს ელოდა, მაგრამ ზურასგან – არა. მახსოვს, რომ გაიგო, როგორ შეხტა… ბოლოს ყველას აპატია, მიშას გარდა. ამბობდა, რომ მას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა ქვეყნის წინაშე და არ ეპატიებოდა. ამბობდა, მე არაფერი მინდა, მაგრამ ნეტავ, თავის ზურგზე გამოსცადოს თავის ციხეში ყოფნა, თავისი სასამართლო და თავისი მიღებული კანონებიო. როგორ აუხდა კობას წინასწარმეტყველება და როგორ მართლა ცდის თავის თავზე იმას, რასაც სხვებს უკეთებდა.
რომ მოათრევდნენ, კობას სახლიდან საავადმყოფოში გადაყვანა გამახსენა, როცა ათმა კაცმა ძლივს გამოიყვანა. ძალიან ცუდი საყურებელია სააკაშვილის ამბები და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბოროტება აქვს ჩადენილი, მაინც არ მინდა, ცუდი ვუსურვო. მაინც მინდა, კარგად იყოს და კანონის წინაშე აგოს პასუხი იმ დონეზე, რაც ნამდვილად ეკუთვნის.
კობამ ღირსეულად იცხოვრა. ვამაყობ, რომ მისი მეორე ნახევარი მერქვა. რაც კობა აღარ არის, ისეთი აუტანელი სიჩუმეა სახლში… ჯერ კიდევ ვერ ვსაუბრობ მასზე წარსულში, იყო-მეთქი, ვერ ვამბობ.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

